3კ-524-03 23 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. გ-მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ის 1981 წლიდან 20 წლის განმავლობაში მუშაობდა ...... საამქროში მძიმეტონიანი სატვირთო მანქანის, “ბელაზის”, მძღოლად. ბოლო პერიოდში გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. პროფესიული ვიბრაციული დაავადების გამო მას განესაზღვრა შრომისუნარის დაკარგვა 60%-ით და გახდა მე-3 ჯგუფის ინვალიდი. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებაზე. 2001წ. ივლისიდან 2002წ. თებერვლის ჩათვლით, ბოლო სამი თვის ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული ხელფასიდან 60% გათვალისწინებით, მოითხოვა მიუღებელი 1714 ლარის, ხოლო ყოველთვიური სარჩოს სახით – 214 ლარის გადახდევინება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, რომ ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის, რადგან დადგენილია, რომ სს “მ-ის” მიერ შრომის დაცვის წესები არასათანადოდ არის შესრულებული, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოსარჩელეს უხდებოდა არამარტო ახალ, არამედ ძველ “ბელაზებზე” მუშაობა, საწარმოში არ ჰქონდათ ხელსაწყო, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა ვიბრაციის ან სხვა უარყოფითი ფაქტორების შემოწმება.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატა მიუთითებს, რომ საქმეში მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ რესპუბლიკურმა პროფდაავადებათა დამდგენმა კომისიამ მ. გ-ს დაუდგინა დიაგნოზი – ვიბრაციული დაავადება, მეორე სტადია, ზოგადი ვიბრაცია. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის 2001წ. 17 ივლისის შემოწმების აქტით მესამე ჯგუფის ინვალიდობის მიზეზად მიჩნეულია პროფესიული საქმიანობა. ასევე დადგენილია, რომ მ. გ-ი 2001წ. 17 ივლისიდან ღებულობს მესამე ჯგუფის ინვალიდობის გამო პენსიას.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია შემდეგი: მ. გ-ი პროფესიული დაავადებისა და ინვალიდობის ჯგუფის განსაზღვრის დროს შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა სს “მ-თან”, პროფესიული დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდა მ-ის მხრიდან შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვის წესებისა და ნორმების უგულებელყოფა ან არასათანადო შესრულება.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “მ-მა”. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესების” მე-5 მუხლის თანახმად მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების აუცილებელი პირობაა დამქირავებლის ბრალი – მის მიერ შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვის წესების, ნორმებისა თუ სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უგულებელყოფა ან არასათანადო შესრულება. სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ისე, რომ საერთოდ არ მიუთითა მტკიცებულებებზე, რომლებიც მოპასუხის ბრალს ადასტურებდა. სასამართლომ არ გაარკვია, კონკრეტულად რომელი ნორმატიული აქტის მოთხოვნა დაარღვია მოპასუხემ.
კასატორი მოითხოვს, რომ გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-3 და მე-5 პუნქტების მიხედვით ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულის ყოველთვიური სარჩოს გადახდით ზიანი უნდა აუნაზღაუროს იმ დამქირავებელმა, რომელთანაც ზიანის მიყენებისას იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა, თუ იგი მოხდა მისგან შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვის წესების, ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უგულებელყოფით ან არასათანადო შესრულებით.
სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება მისი დასკვნები, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა შრომის დაცვის წესები.
სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით და ამ მტკიცებულებაზე მითითებით უნდა დაადგინოს და მივიდეს დასკვნამდე, დაარღვია თუ არა მოპასუხემ შრომის დაცვის წესები და მიუძღვის თუ არა მას ბრალი მოპასუხის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.