Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-525-02 11 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისში, ... მდებარე ოთხოთახიანი ბინა ირიცხებოდა ვ. თ-ის სახელზე. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 1998წ. 9 ოქტომბერს. მას პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე არ დარჩენია. 1998წ. 11 სექტემბრის ანდერძით ვ. თ-მა თავისი კუთვნილი ქონება უანდერძა მ. კ-ს და თ. გ-ს.

ვ. თ-ის ძმისშვილმა ვ. კ-ემ 1998წ. დეკემბერში სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოითხოვა თბილისი, ... მდებარე ბინაზე ვ. თ-ისა და ¹67 საბინაო-საექსპლუატაციო უბანს შორის 1992წ. 2 ივლისს გაფორმებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულების დადებულად ცნობა, ვ. თ-ის მიერ 1998წ. 11 ნოემბერს გაცემული ანდერძის ბათილად ცნობა, მოპასუხეების: მ. კ-ისა და ვ. თ-ის ბინიდან გამოსახლება და აწ გარდაცვლილი ვ. თ-ის ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი სადავო ბინაზე პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო მისი მოთხოვნა ანდერძის ბათილად ცნობის, მოპასუხეების ბინიდან გამოსახლების და აწ გარდაცვლილი ვ. თ-ის ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ვ. კ-ემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ანდერძის ბათილად ცნობაზე უარის თქმისა და სადავო ბინაზე მესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს: 1998წ. 11 სექტემბრით დათარიღებული სადავო ანდერძი დადასტურებულია სანოტარო წესით და მას ხელს აწერენ მოწმეები: დ. ჭ-ე და ნ. მ-ე. საქართველოს სკ-ს 1358-ე, 1362-ე, 1366-ე მუხლები ითვალისწინებს მოწმეების თანდასწრებით ანდერძის შედგენას; მოწმეთა ახსნა-განმარტებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი ძალა გააჩნია. ანდერძი შედგენილია სკ-ს 1358-ე და 1366-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რომლის მიხედვით ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით, ოღონდ იგი ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. მოცემულ შემთხვევაში სადავო ანდერძის ტექსტი შედგენილია ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამასთან, იგი ხელმოწერელია მოანდერძის მიერ, რაც დადასტურებულია მოწმეების ხელმოწერებით.

კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნები იმის თაობაზე, რომ 1998წ. 11 სექტემბრით დათარიღებულ ანდერძზე ხელმოწერა არ არის შესრულებული ვ. თ-ის მიერ, სსკ-ს 105-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის არაა სავალდებულო გასაზიარებლად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რაც ემყარება სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დანიშნული გრაფიკულ-სამედიცინო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვ. თ-ი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხელმოწერებისას არ იყენებს მისთვის ჩვეულ ბუნებრივ ხელწერას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ანდერძზე და ექსპერტიზისათვის წარდგენილ ნიმუშებზე არ არის სხვაობა, რაც მიუთითებდა სხვადასხვა ინდივიდზე.

ვ. კ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 105-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით ის მოსაზრებები, რაც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სასამართლომ არ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევითი ცენტრის 1999წ. 2 აპრილისა და 1999წ. 28 მაისის ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნები, რომელთა მიხედვით სადავო ანდერძზე ხელმოწერა არ ეკუთვნის ვ. თ-ს.

ანდერძის შედგენის დროს დარღვეულია სკ-ს 1358-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით უნდა ჩაწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით. ანდერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებები, მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელი. საქმის მასალების მიხედვით კი ნოტარიუსმა დაბეჭდილი ანდერძი წაიღო თემქის დასახლებიდან ... ქუჩაზე, სადაც მას დახვდნენ მოწმეები.

ნოტარიუსის განმარტებით, მან ხმამაღლა წაუკითხა ანდერძი მოანდერძეს, მაშინ, როცა სკ-ს 1350-ე მუხლის თანახმად ანდერძი თავად მოანდერძემ უნდა წაიკითხოს. ნოტარიუსმა ანდერძი შეადგინა მოწმეების დასწრების გარეშე. ანდერძზე არ არის მითითებული მოწმეთა მისამართები.

საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, რომლებსაც ადრე კერძო საჩივრის განხილვისას, ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული ამ საქმის განხილვაში.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების, ასევე ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ზ” პუნქტების მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ხოლო გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის II ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სოციალურ გამოკვლევათა ცენტრის 1999წ. 2 აპრილისა და 28 მაისის ექსპერტიზების დასკვნების მიხედვით სადავო ანდერძის პირებზე და რეგისტრაციის ჟურნალში თ-ის სახელით ხელმოწერები შესრულებულია არა ვ. თ-ის მიერ, არამედ სხვა პირების მიერ მის ნამდვილ ხელმოწერასთან მიმსგავსებით.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 105-ე მუხლი, არ გაიზიარა რა ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნები და მიუთითა, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით. მოცემული მუხლის მეორე ნაწილი ცალსახად მიუთითებს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და არ მიუთითა იმ მოსაზრებების შესახებ, რაც დაედო საფუძვლად შინაგან რწმენას, რითაც დაარღვია კანონის მოთხოვნა მტკიცებულების არგაზიარების შემთხვევაში გადაწყვეტილებაში შესაბამისი მოსაზრების ასახვის შესახებ.

პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ანდერძის შედგენასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა სკ-ს 1358-ე და 1366-ე მუხლები, მიიჩნია რა, რომ ტექნიკური საშუალებით ანდერძის შედგენისას ნოტარიუსის მიერ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალების მიხედვით ნოტარიუსმა ტელეფონის საშუალებით გადაცემული ანდერძის ტექსტი სანოტარო ბიუროში დააბეჭდვინა მოანდერძისა და მოწმეების გარეშე, ხოლო მოანდერძესთან მოგვიანებით წარადგინა ხელის მოსაწერად. აღნიშნული ნორმები კი სავალდებულოდ მიიჩნევენ მოანდერძის სიტყვებით ანდერის ჩაწერას უშუალოდ ორი მოწმის თანდასწრებით, ისევე როგორც ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძის წაკითხვას მოანდერძის მიერ და არა თვით ნოტარიუსის მიერ.

ვინაიდან საქმეზე განჩინებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევითაა დადგენილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, პალატას არ მიაჩნია მიზანშეწონილად გადაწყვეტილების მიღება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.