გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-528-03 8 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი სარჩელში: ბინიდან გამოსახლება; შეგებებულ სარჩელში: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
ე. გ-ს საკუთრებას წარმოადგენდა ქ.თბილისში, ... მდებარე 77-ე ბინა. ე. გ-სა და ნ. ლ-ს შორის ამ ბინის თაობაზე 1993წ. მარტში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და აღირიცხა ნ.ლ-ს საკუთრებაში. ბინის გაყიდვის შემდეგ ე.გ-ა საცხოვრებლად დარჩა ამ ბინაში. ნ.ლ-მ 2001წ. თებერვალში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე.გ-ს მიმართ და მოითხოვა კუთვნილი ბინიდან მისი გამოსახლება. ე.გ-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ.ლ-ს მიმართ და მოითხოვა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა მას არ ეკუთვნის; ასევე მან მოითხოვა ნოტარიუსი ბ-ისაგან მორალური ზიანის ანაზღაურება.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ე. გ-ა გამოსახლებულ იქნა ქ.თბილისში, ..., ბინა 77-დან. ე. გ-ს შეგებებულ სარჩელს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ნოტარიუს ს. ბ-ისათვს მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.
მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დატოვებულ იქნა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნ.ლ- წარმოადგენს ნივთის მესაკუთრეს და მას უფლება აქვს იგი გამოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ე. გ-ს შეგებებული სარჩელი, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულება აკმაყოფილებს სკ-ს 183-ე მუხლის მიხედვით დადგენილ პირობებს. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა მოსაზრება, ხელშეკრულებაზე ე.გ-ს ხელმოწერის არ არსებობის გამო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში არსებული ჩანაწერის მიხედვით, იმის გამო, რომ ე. გ-ს ხელმოწერა არ შეეძლო, მის ნაცვლად მისივე თანდასწრებით ხელს აწერს შვილი ა. ტ-ა. აღნიშნული გარემოება ხელმოწერით დადასტურებულია მოწმეების: ღ-სა და დ-ას მიერ. დედის ნაცვლად ტ-ას ხელმოწერის ფაქტი დასტურდება ნოტარიუს ბ-ისა და მოწმე დ-ას ჩვენებით. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინსტრუქცია “სანოტარო კანტორის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ” (პუნქტი 14) ითვალისწინებდა მოქალაქის ფიზიკური ნაკლის ან ავადმყოფობის გამო, გარიგებაზე მის ნაცვლად, მისივე დავალებით ნოტარიუსის თანდასწრებით სხვა პირის მიერ ხელმოწერის წესს. აღნიშნულის გამო, მითითებული მოსაზრება არ დაედო საფუძვლად შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. ნ. ლ-ს ქმრის თ-ისა და ე. გ-ს შვილის ა. ტ-ას შორის თბილისის სადავო ბინის ნაცვლად ქ.ტაგანროგში სამოთახიანი ბინის ყიდვის ვალდებულების არსებობასთან დაკავშირებით, პალატამ ვერ გაიზიარა მოსაზრება, ვინაიდან ასეთი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.
ე. გ-ს წარმომადგენელმა გ. ი-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით არ დასტურდება, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებას ე.გ-ს ნაცვლად მისმა ქალიშვილმა ა.ტ-ამ მოაწერა ხელი. სააპელაციო პალატა ვერ ასაბუთებს, ათი წლის წინ რატომ ვერ შეძლო ე. გ-მ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა, როცა ათი წლის შემდეგ მის მიერ გაცემულ მინდობილობას თვითონ აწერს ხელს. პალატამ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ თუ რატომ არ არის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული, ე.გ-ს ნაცვლად მისი ქალიშვილის ა. ტ-ას მიერ ხელის მოწერის ფაქტი. ასევე გასარკვევია ა.ტ-ა თავის გვარს რატომ არ წერს ხელშეკრულებაში და რატომ მიუთითებს ე.გ-ს გვარს.
სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად ჩათვალა, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და ნ.ლ-ს მეუღლის, მ.თ-ის მიერ ა. ტ-ას წინაშე ნაკისრ ვალდებულებას შორის კავშირი არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ე.გ-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ.თბილისში, ... თაობაზე 1993წ. მარტში სანოტარო ფორმით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ე.გ-სა და ნ.ლ-ს შორის. ე.გ-მ შეგებებულ სარჩელში მიუთითა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა მას არ ეკუთვნის და მისთვის არ იყო ცნობილი ნ.ლ-სათვის ბინის მიყიდვის თაობაზე, ამიტომ ამ საფუძვლით მოითხოვა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ე.გ-ს ხელმოწერა არ არსებობს. მაგრამ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ასეთი ხელმოწერის არ არსებობის გამო ხელშეკრულება ბათილად არ უნდა იქნეს ცნობილი, რადგან სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში არსებული ჩანაწერის მიხედვით იმის გამო, რომ ე.გ-ს ხელმოწერა არ შეეძლო, მის ნაცვლად მისივე თანდასწრებით ხელს აწერს შვილი ა. ტ-ა. აღნიშნული გარემოება ხელმოწერით დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით. სკ-ს 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქალაქში ან ქალაქის ტიპის დაბაში მდებარე საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადასტურებულ უნდა იქნეს სანოტარო წესით და რეგისტრირებულ უნდა იქნეს სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დადასტურების დღიდან.
სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა იმ დროს მოქმედი სკ-ს 64-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ რწმუნებულება ისეთ გარიგებათა დასადებად, რომლებიც სანოტარო ფორმას მოითხოვს, უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას უნდა გაერკვია ე.გ-ს ჰქონდა თუ არა თავისი ქალიშვილი ა.ტ-ასათვის იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის ზემოხსენებული მუხლის შესაბამისად რწმუნებულება მიცემული.
სააპელაციო პალატამ არ გაარკვია ნასყიდობის ხელშეკრულებას რატომ არ აწერს ხელს თვით ა.ტ-ა, როგორც ე.გ-ს წარმომადგენელი და რატომ არ არის ხელშეკრულებაში ასეთი წარმომადგენლობის შესახებ მითითებული. საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის 2001წ. 19 ივლისის დასკვნა იმის შესახებ, რომ პირადობის დამადასტურებელი ჩანაწერი “გ-ა ე.” განლაგებულია 1993წ. 16 მარტის თარიღით შედგენილ ხელშეკრულებაზე, მეორე გვერდზე, რიგით პირველი ხელმოწერა სავარაუდოა რომ არ არის შესრულებული ა. ტ-ას მიერ; სადავო ბინის 1993წ. 16 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ე.გ-ს ნაცვლად შესრულებული ხელისმოწერა ეკუთვნის თუ არა ა.ტ-ას, ეს საკითხი გადასაწყვეტად დაისვა ასევე შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის წინაშე, რომლის 2001წ. 17 დეკემბრის დასკვნის პირველი პუნქტის თანახმად ზემოხსენებული საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო. სააპელაციო პალატის განჩინებაში ექსპერტიზის დასკვნებს არა აქვს მიცემული სამართლებრივი შეფასება, რის გამოც ე.გ-ს წარმომადგენელ გ. ი-ეს წამოყენებული აქვს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. გ-ს წარმომადგენელი გ.ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 დეკემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.