Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-530-03 6 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება და შრომის წიგნაკის ჩანაწერებში შესწორების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ბ-ი მუშაობდა შპს კომერციული ბანკ “მ-ში” ბანკის მმართველობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს 2000წ. 1 ნოემბრის დადგენილებით იგი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან ადმინისტრაციის მხრიდან ნდობის დაკარგვის გამო.

გ. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება და შრომის წიგნაკის ჩანაწერებში შესწორების შეტანა იმ მოტივით, რომ სამეთვალყურეო საბჭოს 2000წ. 1 ნოემბრის ¹30 ოქმში არ არის ზუსტი ფორმულირება იმისა, თუ რის გამო იქნა მის მიმართ გამოყენებული ამგვარი მკაცრი დისციპლინური სასჯელი.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შპს კომერციული ბანკი “მ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2000წ. 1 ნოემბრის დადგენილება. მ. ბ-ი აღდგენილ იქნა შპს კომერციულ ბანკ “მ-ის” მმართველობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. შპს კომერციულ ბანკ “მ-ს” გ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 თვის იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება. ამასთანავე, დადგინდა გ. ბ-ის სამუშაოზე აღდგენის დაუყოვნებლივი აღსრულება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს კომერციულმა ბანკმა “მ-მა” და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს კომერციული ბანკ “მ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2000წ. 1 ნოემბრის დადგენილებით გ. ბ-ს შპს კომერციული ბანკ “მ-ის” მმართველობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის და 7 თვის იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ბ-მა და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 10 ივლისის განჩინებით გ. ბ-ი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილება გ. ბ-ის სარჩელის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს კომერციულ ბანკ “მ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება, შპს კომერციული ბანკი “მ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2000წ. 1 ნოემბრის დადგენილების გაუქმების შპს კომერციულ ბანკ “მ-ის” მმართველობის თვავმჯდომარის თანამდებობაზე გ. ბ-ის აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ბ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დაევალა შპს კომერციულ ბანკ “მ-ს” შეიტანოს შესწორება გ. ბ-ის შრომის წიგნაკში იმდაგვარად, რომ განთავისუფლების საფუძვლად მითითებულ იქნეს პირადი განცხადება შკკ-ს 32-ე მუხლის შესაბამისად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ბ-მა, რომლითაც ითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს პალატისათვის ცნობილი გახდა, რომ 2003წ. 22 მარტს გარდაიცვალა კასატორი გ. ბ-ი.

2003წ. 1 მაისს აწ გარდაცვლილი გ. ბ-ის მეუღლემ თ. ს-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განხილვის შეჩერება აწ გარდაცვლილ გ. ბ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე (წარმოდგენილია ცნობა გ. ბ-ის გარდაცვალების შესახებ).

პალატა გაეცნო განცხადების შინაარს, წარმოდგენილ მტკიცებულებას და თვლის, რომ თ. ს-ის განცხადების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ს 272-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოება წყდება ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა. მოცემულ შემთხვევაში გ. ბ-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვდა სამუშაოზე აღდგენას, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებას და შრომის წიგნაკის ჩანაწერებში შესწორების შეტანას. აღნიშნული კატეგორიის კერძოდ, სამუშაოზე აღდგენის საქმეებზე უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია, ხოლო იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების

შესახებ სარჩელის განხილვა სამუშაოზე აღდგენის სარჩელისგან დამოუკიდებლად არ შეიძლება, რადგან იძულებითი განაცდურის დაკისრება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყდება საკითხი განთავისუფლების კანონიერებისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმის წარმოება სამუშაოზე აღდგენის და იძულებით გადაცდურის ანაზღაურების შესახებ უნდა შეწყდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სკ-ს 272-ე მუხლის “ე” პუნქტით და 284-ე მუხლის პირველი პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ს-ის განცხადება საკასაციო საჩივრის განხილვის შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

შეწყდეს საქმე გ. ბ-ის სარჩელით მოპასუხე შპს კომერციული ბანკი “მ-ის” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.