Facebook Twitter

საქმე N 200100120003633733

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №699აპ-23 26 ოქტომბერი 2023 წელი

ი-ი შ., №699აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების - შ. ი–სა და ნ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ–სა და თ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. შ. ი–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი და ამევე მუხლის მე-4 ნაწილებითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

შ. ი–მა, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 0,17742 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც შეინახა უკანონოდ. ხსენებული ნარკოტიკული საშუალება - 0,17742 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება შ. ი–მა, 2020 წლის 19 თებერვალს, ლ–ს რაიონის სოფელ ჭ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, 125 ლარის გადახდის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ო. ბ–ზე. იმავე დღეს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, საქართველოს შსს-ის კ–ს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ო. ბ–საგან ამოიღეს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.

შ. ი–მა, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 0,08544 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც შეინახა უკანონოდ. 2020 წლის 8 მარტს, საქართველოს შსს-ის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შ. ი–ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ხსენებული ნარკოტიკული საშუალება - 0,08544 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება.

1.2. ნ. ქ–სი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და ამევე მუხლის მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება - ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ნ. ქ–სმა, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 0,02984 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც შეინახა უკანონოდ. ხსენებული ნარკოტიკული საშუალება - 0,02984 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება ნ. ქ–სმა, 2020 წლის 29 თებერვალს, ლ–ს რაიონის სოფელ კ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, 250 ლარის გადახდის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ო. ბ–ზე. იმავე დღეს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, საქართველოს შსს-ის კ–ს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ო. ბ–საგან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება.

ნ. ქ–მა, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 0,05818 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც შეინახა უკანონოდ. ხსენებული ნარკოტიკული საშუალება - 0,05818 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება ნ. ქ–სმა, 2020 წლის 3 მარტს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე, 260 ლარის გადახდის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ო. ბ–სზე. იმავე დღეს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, საქართველოს შსს-ის კ–ს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ო. ბ–საგან ამოიღეს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენით შ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

შ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 8 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

შ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

შ. ი–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 წლით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 წლით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 15 წლით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 წლით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 წლით.

ნ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 29 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

ნ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 29 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

ნ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 3 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

ნ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 3 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

ნ. ქ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 წლით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 წლით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 15 წლით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 წლით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 წლით.

2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულების - შ. ი–სა და ნ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ჯ. კ–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება:

შ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 8 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდა აღნიშნული სასჯელის მოხდისაგან;

შ. ი–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2020 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი - 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

შ. ი–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 წლით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 წლით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 წლით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 წლით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 წლით.

ნ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2020 წლის 29 თებერვლის ეპიზოდი - 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

ნ. ქ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2020 წლის 3 მარტის ეპიზოდი - 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

ნ. ქ–სს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 წლით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 წლით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 15 წლით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 წლით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 წლით.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. შ. ი–სა და ნ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ტ. კ–მ და თ. მ–მ, რომლებმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულთა უდანაშაულოდ ცნობა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს, რომლებიც წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რაც უნდა გადაწყვეტილიყო მსჯავრდებულთა სასარგებლოდ. კერძოდ, დაცვის მხარის მტკიცებით, მოწმეთა ჩვენებები არის წინააღმდეგობრივი, მოწმე ო. ბ–ი არის საქმის შედეგით დაინტერესებული პირი და მისი ჩვენება არასანდოა; საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების სანაცვლოდ მსჯავრდებულთა მიერ თანხის მიღება, ასევე, ვერ დასტურდება, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერზე გამოსახული, ო. ბ–სათვის გადაცემული და ამ უკანასკნელისაგან ამოღებული ნივთიერება იდენტურია; ამასთან, კასატორთა განმარტებით, მსჯავრდებულთა პირადი ჩხრეკა არ არის გამყარებული ნეიტრალური მტკიცებულებით, რაც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. ი–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით, ხოლო ნ. ქ–სის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულთა მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

5.3. მოწმე ო. ბ–ს ჩვენებით, მას ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდა შ. ი–სი და შესთავაზა ნარკოტიკის შეძენა თანხის გადახდის სანაცვლოდ, რა დროსაც, ისინი შეთანხმდნენ შეხვედრაზე და ე.წ. „სირეცის“ (დაბალი ხარისხის „ჰეროინი“) შეძენაზე. მან ამ ფაქტის შესახებ შეატყობინა პოლიციას, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა აღჭურვეს შესაბამისი საშუალებით, გადასცეს ფული - 125 ლარი და 2020 წლის 19 თებერვალს, დათქმულ ადგილას შეხვდა შ. ი–სს. შეხვედრისას შ. ი–ს გადასცა თანხა და თანხის სანაცვლოდ, მისგან მიიღო ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „სირეცი“, ფხვნილის სახით. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იგი დაუკავშირდა გამომძიებელს, რომელიც ელოდებოდა შეხვედრის ადგილიდან მოშორებით და ნებაყოფლობით, სრულად გადასცა შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. მოწმის განმარტებით, 2020 წლის 26 თებერვალს, ლ–ი, შეხვდა ნ. ქ–ი, რომელმაც შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა 250 ლარის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნულის შესახებ შეატყობინა პოლიციას, რომელმაც ნარკოტიკის შესაძენად გადაეცა 250 ლარი, რაც ნ. ქ–სს ჩაურიცხა „ა–ს“ ანგარიშზე. ჩარიცხვის შემდეგ, 2020 წლის 29 თებერვალს, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, შეხვდა ნ. ქ–ს მის მიერვე მითითებულ ადგილას. ნ. ქ–მა მას გადასცა ამ თანხის შესაბამისი დოზა ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. „სირეცი“. ნარკოტიკული საშუალების ნაწილი იქვე ერთად მოიხმარეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი, რომელიც შპრიცში იყო მოთავსებული, შეხვედრის დასრულების შემდეგ, თანხის ჩარიცხვის ქვითრებთან ერთად, სრულად წარუდგინა გამომძიებელს. მოწმის განმარტებით, 2020 წლის 3 მარტს, ნ. ქ–მა კვლავ შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა. შეხვედრამდე, იმავე ანგარიშზე ჩაურიცხა გამომძიებლის მიერ გადაცემული 260 ლარი და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი შეხვდა ნ. ქ–სს. ამ უკანასკნელმა გადასცა პაკეტში, ფხვნილის სახით მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. „სირეცი“, რაც შეხვედრის დასრულების შემდეგ, სრულად გადასცა გამომძიებელს.

5.4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მოწმე ო. ბ–ს მიკერძოებისა და საქმის შედეგით დაინტერესების შესახებ და აღნიშნავს, რომ მოწმემ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მსჯავრდებულების მიერ მისთვის ნარკოტიკული საშუალების შეთავაზების, სამართალდამცავ ორგანოებთან მისი თანამშრომლობის, საკონტროლო შესყიდვის მიმდინარეობისა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენის შესახებ. მოწმის ჩვენება სრულ თანხვედრაშია და გამყარებულია საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის - გამომძიებელთა ჩვენებებით, ამოღების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით, რომელიც ნათლად ასახავს 2020 წლის 19 თებერვალს ო. ბ–სა და შ. ი–ს, ხოლო 2020 წლის 29 თებერვალსა და 2020 წლის 3 მარტს ო. ბ–სა და ნ. ქ–ს შეხვედრებს, საუბარსა და განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტებს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოწმის ჩვენება გამყარებულია საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით, დაცვის მხარის არგუმენტი მოწმის არასანდოობისა და მიკერძოების შესახებ, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

5.5. მსჯავრდებულთა მიერ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტებს ადასტურებენ მოწმედ დაკითხული გამომძიებლებიც, კერძოდ:

5.6. გამომძიებელმა მ. ს-მ დაადასტურა ო. ბ–ს ჩვენება და დეტალურად აღწერა შ. ი–სა და ნ. ქ–საგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მომზადებისა და მიმდინარეობის პროცედურა, აგრეთვე, შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ო. ბ–საგან ამოღება. მოწმის განმარტებით, შეხვედრების დროს, თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა იქვე, შორიახლოს.

5.7. მოწმე გ. შ-ს ჩვენებით, საკონტროლო შესყიდვების მიმდინარეობისას, მ. ს-სთან ერთად იმყოფებოდა შეხვედრის ადგილიდან დაახლოებით 100-150 მეტრში. ტერიტორიას სრულად აკვირდებოდნენ და აკონტროლებდნენ. ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტები იყვნენ მათი თვალთახედვის არეში. საკონტროლო შესყიდვის შემდეგ, ო. ბ–ი შეხვედრის ადგილიდან პირდაპირ წამოვიდა გამომძიებლებისაკენ, ისე, რომ არავისთან ჰქონია შეხება, იმყოფებოდა გამომძიებლების თვალთახედვის არეში, არ ჩაუდენია არანაირი ქმედება და მათ წარუდგინა ამოღების ოქმში მითითებული ნარკოტიკული საშუალებები.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას მოწმეთა ჩვენებების ურთიერთწინააღმდეგობის შესახებ და კვლავაც აღნიშნავს, რომ მოწმეებმა დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერეს განვითარებული მოვლენები. მართალია, დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ცდილობს წარმოაჩინოს გარკვეული წინააღმდეგობა მოწმეთა ჩვენებებს შორის, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მათი ჩვენებები მტკიცების საგნის ძირითად და არსებით საკითხებთან მიმართებით სრულად თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სარწმუნოა. შესაბამისად, არაარსებით საკითხებში მოწმეთა ჩვენებებში არსებული გარკვეული უზუსტობა გავლენას ვერ მოახდენს მათ სანდოობაზე.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ ამოღების ოქმებს, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ:

5.10. 2020 წლის 19 თებერვალს, 17:51 საათიდან 18:15 საათამდე, ო. ბ–საგან ამოიღეს ერთი შეკვრა პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული და ქაღალდის ნაჭერში შეფუთული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება, რომელიც მისი განცხადებით, არის ნარკოტიკული საშუალება და შეიძინა შ. ი–სისაგან.

5.11. 2020 წლის 29 თებერვალს, 13:17 საათიდან 13:35 საათამდე, ო. ბ–საგან ამოიღეს ორ მილიგრამიანი ერთჯერადი შპრიცი, მასში მოთავსებული მოყავისფრო სითხით, რომელიც მისი განცხადებით, არის ნარკოტიკული საშუალება და შეიძინა 250 ლარად ნ. ქ–საგან. ასევე, ამოიღეს სწრაფი ჩარიცხვის ორი ქვითარი, დათარიღებული - 29.02.2020 წლით, სადაც მითითებულია, რომ „აჭარაბეთზე“ გადარიცხულია თანხა - ასი ლარი, ასევე, ასორმოცდაათი ლარი, მიმღების N.............

5.12. 2020 წლის 3 მარტს, 15:48 საათიდან 16:07 საათამდე, ო. ბ–საგან ამოიღეს ერთი შეკვრა მოშავო ფერის პოლიეთილენის ნაჭერში შეფუთული ფხვნილისებური ნივთიერება, რომელიც მისი განცხადებით, არის ნარკოტიკული ნივთიერება „ჰერიონი“, რაც 260 ლარად შეიძინა ნ. ქ–საგან. ასევე, ამოიღეს საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქვითარი, დათარიღებული 03.03.2020 წლით, სადაც მითითებულია, რომ „ა–ზე“ გადარიცხულია თანხა - ორას სამოცი ლარი, მიმღების N............

5.13. ნ. ქ–ს მიერ თანხის მიღებას ადასტურებს მოწმე დ. კ–ს გამოკითხვის ოქმი (უდავო მტკიცებულება), რომლის თანახმად, 2019 წლის სექტემბერში, ნ. ქ–მა სთხოვა, დაერეგისტრირებინა რომელიმე ტოტალიზატორში. დ. კ–მ მას შესთავაზა, რომ გადასცემდა თავის რეგისტრაციის მონაცემებს, რითაც იგი შეძლებდა ტოტალიზატორ „ა–ში“ კომპიუტერის მეშვეობით თამაშს, რაზეც ნ. ქ–სი დასთანხმდა. დ. კ–მ დაუწერა მომხმარებლის სახელი, პაროლი და მისცა პლასტიკური ბარათი, რომელიც ჰქონდა ვებგვერდზე მიბმული და საიდანაც შეძლებდა თანხის განაღდებას. აღნიშნული გვერდით სარგებლობდა ნ. ქ–სი, ხოლო დ. კ–ს აღარ უსარგებლია. გამოსაკითხი პირის განმარტებით, ნ. ქ–სათვის გადაცემული გვერდის მომხმარებლის ნომერია N............ აღსანიშნავია, რომ ო. ბ–სის მიერ „ა–ს“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას თავად ნ. ქ–ც ადასტურებს, თუმცა, მსჯავრდებული ამ გარემოებას ხსნის ო. ბ–სთან ერთად ნარკოტიკის მოხმარების და არა - მისი გასაღების მიზნით. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ თითქოს ვერ დასტურდება მსჯავრდებულების მიერ თანხის აღების ფაქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია ო. ბ–სათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემა, თუნდაც ვერ დადგინდეს მსჯავრდებულთა მიერ თანხის აღების ფაქტი, ეს გარემოება ვერ დააბრკოლებს მათი ქმედების ნარკოტიკული საშუალების გასაღებით კვალიფიკაციას, რადგან აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დანაშაულს, იმის მიუხედავად, სასყიდლით განხორციელდა, თუ - უსასყიდლოდ.

5.14. დაცვის მხარის არგუმენტზე, რომლითაც სადავოდაა გამხდარი ო. ბ–სათვის გადაცემული და მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობისა და ოდენობის იდენტურობა, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ როგორც მოწმე ო. ბ–სა და გამომძიებლების ჩვენებით დასტურდება, საკონტროლო შესყიდვების დასრულებისთანავე, ო. ბ–ი შეძენილი ნარკოტიკული საშუალების გადასაცემად მიდიოდა პოლიციის თანამშრომლებთან, არავისთან ჰქონია შეხება და სრულად იმყოფებოდა გამომძიებლების თვალთახედვის არეში. ამასთან, სააპელაციო სასამართლო სწორად აღნიშნავს, რომ საკონტროლო შესყიდვების დასრულებასა და ო. ბ–სგან ნარკოტიკული საშუალების ამოღებას შორის არსებული დრო არის ის გონივრული შუალედი, რაც საჭიროა ერთი საგამოძიებო მოქმედების დასრულების, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების შესახებ დადგენილების გამოტანისა და ახალი საგამოძიებო მოქმედების - ამოღების დაწყებისათვის. გარდა ამისა, როგორც ამოღების ოქმებით დასტურდება, შ. ი–სა და ნ. ქ–სგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები ო. ბ–საგან ამოღებულ იქნა და დაილუქა სათანადო წესით. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები დალუქული იყო სწორედ იმ ლუქით და იმ ფორმით, რაც მითითებულია შესაბამის ოქმებში, პაკეტების შეფუთვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, ხოლო კვლევის შედეგად მათში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება - „ჰეროინის“ სხვადასხვა ოდენობა, კერძოდ:

5.15. ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, 2020 წლის 19 თებერვალს ო. ბ–სისაგან ამოღებული მონაცრისფრო-მოყავისფრო ნივთიერება წონით - 0,51278 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - „ჰეროინს“, საერთო წონით - 0,17742 გრამს.

5.16. ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, 2020 წლის 29 თებერვალს ო. ბ–სისაგან ამოღებული 2 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული მოყავისფრო 0,8 მლ ხსნარი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - „ჰეროინს“, საერთო წონით - 0,02984 გრამს.

5.17. ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, 2020 წლის 3 მარტს ო. ბ–საგან ამოღებული პოლიმერული მასალის პაკეტში მოთავსებული მონაცრისფრო-მოყავისფრო ნივთიერება წონით - 0,15352 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება- „ჰეროინს“, საერთო წონით - 0,05818 გრამს.

5.18. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, კასატორების არგუმენტი მტკიცებულების შესაძლო გამოცლის შესახებ მოკლებულია საფუძველს.

5.19. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს შ. ი-ს პირადი ჩხრეკის ოქმს, რომლის თანახმად, 2020 წლის 8 მარტს, 18:20 საათიდან 18:42 საათამდე, ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, შ. ი–ს შარვლის მარჯვენა პატარა ზომის ჯიბიდან ამოუღეს მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკის მცირე ზომის პაკეტი, სადაც მისივე განმარტებით, მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება და თან ჰქონდა პირადი მოხმარების მიზნით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა - უ. ი–მა და ი. ბ–მა.

5.20. ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ შ. ი–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიმერული მასალის პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება წონით - 0,21796 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - „ჰეროინს“, საერთო წონით - 0,08544 გრამს.

5.21. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც მიემართება კასატორთა არგუმეტს მსჯავრდებულთა პირადი ჩხრეკის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №.... გადაწყვეტილების შესაბამისად („გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2021 წლის პირველი ივლისიდან და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი არ ვრცელდება წინარე პერიოდში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.

5.22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

5.23. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021). სააპელაციო სასამართლომ დეტალურად განიხილა დაცვის მხარის ყველა არგუმენტი და ამომწურავი, დასაბუთებული პასუხები გასცა აპელანტთა მიერ წამოჭრილ ყველა საკითხს, რასაც სრულად იზაირებს საკასაციო სასამართლოც, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და რაც შეიძლება საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გამხდარიყო, კასატორები საჩივარში ვერ უთითებენ.

5.24. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

5.25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.26. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულთათვის სასჯელის განსაზღვრის საკითხს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში და მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) და ამავე მუხლის მე-4 (ნარკოტიკული საშუალების გასაღება) ნაწილებით, სასჯელი განუსაზღვრა მხოლოდ ხსენებული მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი სანქციის ფარგელბში.

5.27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, სასჯელის შესაბამისი მუხლის უფრო მძიმე ნაწილით განსაზღვრის შესახებ იმ დასაბუთებით, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება ჩადენილია ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დანაშაულთა ერთობლიობასთან (მიუხედავად იმისა, არის თუ არა დანაშაულის საგანი ერთი და იმავე სახეობისა და ოდენობის ნარკოტიკული საშუალება და პირს ბრალი დამოუკიდებელ ეპიზოდებად წარედგინა, თუ - არა). კერძოდ, სახეზეა ნარკოტიული საშუალების შეძენა, შენახვა (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით) და ნარკოტიკული საშუალების გასაღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით) - ერთმანეთისაგან არსობრივად და საზოგადოებრივი საშიშროების მიხედვით სრულიად განსხვავებული ქმედებები, რაც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტუქციიდან გამომდინარე, კვალიფიცირება, როგორც დამოკიდებელი დანაშაულები და შესაბამისად, სასჯელიც უნდა დაინიშნოს თითოეული მათგანისათვის ცალ-ცალკე. მოცემული შემთხვევა განსხვავდება ისეთი ვითარებისაგან, როდესაც საქართველოს სსკ-ის ამა თუ იმ მუხლის უფრო მძიმე ნაწილი მოიცავს შედარებით მსუბუქ ნაწილებს, რა დროსაც, საქმე გვაქვს არა დანაშაულთა ერთობლიობასთან, არამედ - ერთ დანაშაულთან რამდენიმე დამამძიმებელი გარემოებით, რაც, ცხადია, იწვევს მუხლის ყველაზე მძიმე ნაწილით გათვალისწინებული ერთი სასჯელის შეფარდებას.

5.28. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულებს სასჯელი უნდა შეფარდებოდათ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის როგორც პირველი, ისე - მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის - ცალ-ცალკე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მსჯავრდებულები დამნაშავედ იქნენ ცნობილი ნარკოტიკული საშუალების როგორც შეძენა, შენახვა, ისე გასაღებისთვის, თუმცა, სასჯელი განესაზღვრათ მხოლოდ გასაღებისათვის - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისა და მსჯავრდებულთა მდომარეობის გაუარესების - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას.

5.29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.30. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - შ. ი–სა და ნ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ–სა და თ. მ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე