საქმე N 330100121005160184
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №489აპ-23 4 ოქტომბერი, 2023 წელი
კ–ი ნ., №489აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. კ–ი (პირადი ნომერი: ................) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ნ. კ–ი 2019 წლის 21 სექტემბრიდან 2021 წლის 21 ივლისამდე პერიოდში სასჯელს იხდიდა N.. პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საკანში მასთან სხვა მსჯავრდებულებთან ერთად განთავსებული იყო მსჯავრდებული შ. ი–სი.
2021 წლის აპრილის დასაწყისიდან 2021 წლის 28 ივნისამდე პერიოდში ნ. კ–ს თხოვნით, შ. ი–სი თავისუფლებაში მყოფი თავისი შვილის - ნ. ი–ს მეშვეობით რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს ნ. კ–ს მიერ მითითებულ ანგარიშებზე. მას შემდეგ, რაც შ. ი–მა ნ. კ–სს უარი განუცხადა მატერიალურ დახმარებაზე ფულადი სახსრების არ არსებობის გამო, ნ. კ–სი შ. ი–ს დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და 2021 წლის 28 ივნისიდან - 2021 წლის 19 ივლისის ჩათვლით, მუქარის შედეგად გამოსძალა ფულადი თანხა - 17090 ლარი. ხსენებული თანხიდან შ. ი–მა თავისუფლებაში მყოფი თავისი შვილის ნ. ი–ს მეშვეობით, ფულადი თანხის ნაწილი ჩარიცხა ნ. კ–ს მიერ დასახელებულ ანგარიშებზე, ასევე, გადასცა ნ. კ–ს ოჯახის წევრებს და გადაიხადა ნ. კ–ს მშენებარე საცხოვრებელი სახლისთვის კარების დამზადების საფასური. თანხის დარჩენილი ნაწილის მიღება ნ. კ–მა ვერ მოახერხა, ვინაიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გატარებული იქნა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. . თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ–მა ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ნ. კ–ი 2019 წლის 21 სექტემბრიდან 2021 წლის 21 ივლისამდე პერიოდში სასჯელს იხდიდა N.. პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საკანში მასთან სხვა მსჯავრდებულებთან ერთად განთავსებული იყო მსჯავრდებული შ. ი–ი.
2021 წლის აპრილის დასაწყისიდან 2021 წლის 28 ივნისამდე პერიოდში ნ. კ–ს თხოვნის საფუძველზე, შ. ი–ი თავისუფლებაში მყოფი თავისი შვილის ნ. ი–ს მეშვეობით რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს ნ. კ–ს მიერ მითითებულ ანგარიშებზე. ნ. კ–მა განიზრახა მიეღო ქონებრივი სარგებელი შ. ი–საგან თანხის გამოძალვით. 2021 წლის 17 ივლისს ნ. კ–სი შ. ი–სს დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და მოსთხოვა 3000 ლარის გადახდა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ნ. კ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 1 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ნ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ზურაბ კახეთელიძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. კ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ნ. კ–ს ბრალეულობას. აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე ვ. ნ–სის გარდა არ გამოუკითხავთ ნ. კ–სთან და შ. ი–სთან ერთად მოთავსებული სხვა პირები, თუმცა დაცვის მხარემ სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების დაძლევის შემდეგ მოახერხა მათი დიდი ნაწილის გამოკითხვა და ყველა მათგანმა უარყო ნ. კ–ს მიერ შ. ი–სისგან ფულის გამოძალვის ფაქტი. გარადა ამისა, გამოძიებამ არ შეამოწმა რეალურად მიიღო თუ არა ნ. კ–ს ახლობლებისგან ვითომდა დაზარალებულ შ. ი–ს შვილმა - ნ. ი–მა 19 სული ცხვარი. დაცვის მხარემ დაადგინა იმ პირთა ნაწილი, რომლებმაც ნ. კ–ს თხოვნით ნ. ი–სს გადასცეს ცხვრები. ბრალდების მხარემ უდავოდ მიიჩნია დაცვის მხარის მტკიცებულებები, მათ შორის იმ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ადასტურებდნენ ნ. ი–სთვის ბატკნების გადაცემას. ეს პირუტყვი ნ. კ–სს აჩუქეს ახლობლებმა. ნ. კ–ი შ. ი–სგან მხოლოდ თავისი ქონების დაბრუნებას ითხოვდა. შესაბამისად, გამოძალვას ადგილი არ ჰქონია. მითუფრო, რომ სხვა პირთა ჩვენებებით დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარის ფაქტი არ დადასტურებულა. მოწმე ი. ჯ–მ განაცხადა, რომ ნ. კ–ს ფიზიკურად არ იცნობდა, თუმცა ეს პიროვნება „კრისტალბეტის“ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით უკავშირდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. თუმცა 2021 წლის 12 აგვისტოს გამომძიებელ ქ. ც–ს მიერ შედგენილ გამოკითხვის ოქმში, იგივე მოწმე ამბობს, რომ ნ. კ–ს, შ. ი–სს, ნ. ი–ს, ე. რ–სა და ა. ს–ს არ იცნობს და მათთვის ფულადი თანხა არ ჩაურიცხავს, ასეთს ადგილი რომ ჰქონოდა ემახსოვრებოდა. შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის წინააღმდეგობრივი, რის გამოც დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ეცნო სასამართლოს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ შ. ი–მა და ნ. ი–მა ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ ნ. კ–ს ახლობლების მიერ მათი ოჯახისთვის გადაცემული ცხვრების გაყიდვის შემდეგ აღებული ფულადი თანხით ნაყიდი პროდუქტი, ამანათების სახით შეუგზავნეს ნ. კ–ს. თუმცა მათ ამის შესახებ გამოკითხვისას არ უთქვამთ. შესაბაბისად, ამ მონაცემების გადამოწმების საშუალება დაცვის მხარეს არ ჰქონდა. ამიტომ, დაცვის მხარემ მხოლოდ 2022 წლის 20 იანვარს მიმართა პენიტენციურ სამსახურსა და N.. დაწესებულებას და ითხოვა მიეწოდებინათ ინფორმაცია 2021 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 21 ივლისამდე პერიოდში ნ. კ–ს ვინ, რამდენჯერ და რა შეუგზავნა ამანათის სახით. მიღებული პასუხით კი ირკვევა, რომ მითითებულ პერიოდში ნ. კ–მა მიიღო 8 ამანათი, რომლის შემგზავნები იყვნენ - ქ. კ–ი, ო. ა–ი, ე. მ–ი, ს. მ–ი, ბ. ბ–ი, ნ. მ–ი, ე. ა–ი და ქ. ვ–ი. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ ამ პერიოდში ნ. კ–სათვის ნ. ი–სს ამანათი არ შეუგზავნია. შესაბამისად, შ. ი–სა და ნ. ი–ს ჩვენებები არასანდოა და არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ნ. კ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ შ. ი–სის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ იგი 2021 წლის 29 მარტიდან იმავე წლის 19 ივლისამდე სასჯელს იხდიდა პენიტენციური დეპარტამენტის N.. დაწესებულებაში და მოთავსებული იყო N.. საკანში. ამ პერიოდში, იმავე საკანში სხვა მსჯავრდებულებთან ერთად სასჯელს იხდიდა ნ. კ–სი. 2021 წლის აპრილში მას ნ. კ–მა გადასცა ტოტალიზატორ „კ–ს“ ანგარიში, რომლის კოდი იყო 13.86.29 და სთხოვა ავადმყოფი ბავშვის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა, რაც შეასრულა. 2021 წლის 17 ივლისს ნ. კ–მა მოსთხოვა დაერეკა შვილისთვის და ეთქვა, რომ ჩაერიცხა 3000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა. მან ტელეფონზე დაურეკა შვილს, ამ დროს ნ. კ–ი იდგა მის გვერდით, გამოართვა ტელეფონი და თავად გაესაუბრა ნ. ი–ს. დაზარალებულის განმარტებით, მუქარის დროს ისინი საკანში იმყოფებოდნენ მარტო, ამიტომ სხვა მსჯავრდებულები მუქარისა და თანხის მოთხოვნის ფაქტს არ შესწრებიან. დაზარალებულის ჩვენება თანხვედრილია მოწმე ნ. ი–სის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ შ. ი–სი არის მისი მამა, რომელიც 2021 წლის მარტიდან სასჯელს იხდიდა პენიტენციური დეპარტამენტის N.. დაწესებულებაში, სადაც შესახლებიდან რამდენიმე ხანში, მას დაუკავშირდა შ. ი–სი, რომელმაც გადასცა „კ–ის“ კოდი და სთხოვა ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. მან შეასრულა მამის თხოვნა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ჩარიცხა თანხა. ამის შემდეგ, მას კიდევ რამდენჯერმე დაურეკა შ. ი–მა და სთხოვა გარკვეული ოდენობის თანხების „კ–ს“ ანგარიშზე გადარიცხვა, მან ამ ანგარიშზე რამდენჯერმე ჩარიცხა თანხა. 2021 წლის 17 ივლისს მას პენიტენციური დაწესებულებიდან დაურეკა შ. ი–მა და უთხრა, რომ სერიოზული პრობლემები ჰქონდა და 3000 ლარი უნდა გადაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდნენ. ტელეფონზე ასევე დაელაპარაკა ნ. კ–სი, რომელიც დაემუქრა და მოსთხოვა თანხის გადარიცხვა. მოგვიანებით, მას დაუკავშირდა მამა და უთხრა, რომ თანხა არ ჩაერიცხა და ამის შესახებ განეცხადებინა პოლიციაში. შემდგომში მან შეიტყო, რომ ნ. კ–სი შ. ი–ს სძალავდა თანხას.
5.5. დაზარალებულ შ. ი–სა და მოწმე ნ. ი–ს ჩვენება გამყარებულია პენიტენციური დაწესებულებიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმით, რომლებითაც დგინდება, რომ ჩანაწერები მოიცავს 2021 წლის 17 ივლისის 08:00 საათიდან - 21:00 საათამდე დროის პერიოდს. ნ. კ–სი და შ. ი–სი მარტო და სხვა მსჯავრდებულებთან ერთად გადაადგილდებიან დერეფანში, დაწესებულების ეზოში და საუბრობენ ტელეფონზე. 14:45 საათზე, შ. ი–სი მიდის ტელეფონის აპარატთან და კვლავ ახორციელებს სატელეფონო ზარს. 14:53 საათზე კი, ასრულებს საუბარს და შორდება ტელეფონის აპარატს, თუმცა არ გადის ტერიტორიიდან. ამავე დროს, ტერიტორიაზე იმყოფება მსჯავრდებული ნ. კ–სი, რომლებიც 14:59 საათზე ერთად მიდიან ერთ-ერთ ტელეფონის აპარატთან. შ. ი–სი კრეფს ნომერს, ხოლო ნ. კ–ი საუბრობს ტელეფონზე, რაც სრულდება 15:00 საათზე და ორივე მათგანი შორდებიან ტელეფონის აპარატს, თუმცა რჩებიან ტელეფონების ტერიტორიაზე და საუბრობენ ერთმანეთში. 15:05 საათზე კი, გადიან ტელეფონების ტერიტორიიდან, სადაც 15:45 საათზე, ბრუნდება შ. ი–სი, რომელიც არ ახორციელებს ზარს, თუმცა იმყოფება ტერიტორიაზე. 15:49 საათზე მიდის ერთ-ერთ ტელეფონის აპარატთან და ახორციელებს სატელეფონო ზარს. 15:50 საათზე, შორდება ტელეფონის აპარატს, თუმცა რჩება ტერიტორიაზე და 15:54 საათზე მიდის ტელეფონის აპარატთან და კვლავ ახორციელებს სატელეფონო ზარს. 15:56 საათზე, ტერიტორიაზე შედის მსჯავრდებული ნ. კ–ი, უახლოვდება სხვა ტელეფონის აპარატს და ახორციელებს სატელეფონო ზარს, რომლის დასრულების შემდეგაც, 15:57 საათზე, უახლოვდება შ. ი–ს და ესწრება მის საუბარს, ხოლო 15:58 საათზე ერთად გადიან ტერიტორიიდან.
5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას დაზარალებულისა და მისი შვილის ჩვენების არასანდოობასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მათი ჩვენებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები კი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება დაზარალებულ შ. ი–სა და მოწმე ნ. ი–ს ჩვენებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, ის, რომ დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2022 წლის 27 იანვრის N....... წერილით ირკვევა, რომ სხვადასხვა პირებმა ნ. კ–ს პენიტენციურ დაწესებულებაში შეუგზავნეს ამანათები, არ წარმოადგენს დაზარალებულ შ. ი–სა და მოწმე ნ. ი–ს ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველს.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ი. ჯ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ტოტალიზატორ „კ–ში“ გახსნილი აქვს ანგარიში, რომლის ნომერია 13.86.29. პატიმრების ოჯახის წევრები ტოტალიზატორის ანგარიშზე ურიცხავდნენ თანხებს, რომელიც გამოჰქნდა ზერო ბარათის მეშვეობით და „......–ი“ ბანკის მეშვეობით ურიცხავდა მათ ანგარიშებზე. პენიტენციური დაწესებულებიდან მობილური ტელეფონის ნომერზე 595 36303, დაუკავშირდა მამაკაცი, რომელიც გაეცნო ნ. კ–ს სახელით და უთხრა, რომ ტოტალიზატორის ანგარიშზე ნ. ი–ს ჩარიცხული ჰქონდა თანხა, თუმცა თანხის ოდენობა არ ახსოვს და უთხრა, რომ ეს თანხა უნდა გადაერიცხა სხვა პირის „კ–ს“ ანგარიშზე. იგი ნ. კ–სა და ნ. ი–ს პირადად არ იცნობს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პირველი გამოკითხვისას გამომძიებელს უთხრა, რომ მათ არ იცნობდა, თუმცა მოგვიანებით აღიდგინა, რომ მას ნ. კ–ს სახელით დაუკავშირდა მამაკაცი და სთხოვა თანხის გადარიცხვა.
5.8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მოწმე ი. ჯ–ს ჩვენების იმ საფუძლით გაუზიარებლობის შესახებ, რომ მან ნ. კ–ს ნაცნობობასთან დაკავშირებით გამოძიებასა და სასამართლოს მიაწოდა განსხვავებული ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, საქმეზე მტკიცებულებითი ძალა აქვს მოწმის მიერ მხოლოდ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას აქვს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მისი ჩვენების სისწორეში. მითუფრო, რომ მოწმემ დაადასტურა მხოლოდ ის ფაქტი, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მამაკაცი, რომელიც გაეცნო ნ. კ–ს სახელით და უთხრა, რომ ტოტალიზატორის ანგარიშზე თანხა ჰქონდა ჩარიცხული ნ. ი–ს, რაც სხვა პირის „კ–ს“ ანგარიშზე უნდა გადაერიცხა. მოწმეს სასამართლოსათვის არ მიუწოდებია მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნ. კ–სთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ და მისი ჩვენება არც წარმოადგენს მსჯავრდებულის მამხილებელ ძირითად მტკიცებულებას. ამასთან, მობილური ოპერატორებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ მსჯავრდებულ ნ. კ–ს სატელეფონო იდენტიფიკატორიდან - .........., ი. ჯ–მის მობილური ტელეფონის ნომერზე - ..........., განხორციელებულია სატელეფონო ზარი 2021 წლის 9 ივლისს, 15:04 საათზე. საუბრის ხანგრძლივობამ შეადგინა ცხრამეტი წამი;
5.9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მოწმე ვ. ნ–ს ჩვენებითა და დაცვის მხარის მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით არ დადასტურდა ნ. კ–სის მიერ დაზარალებულისთვის თანხის გამოძალვის ფაქტი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ის გარემოება, რომ მოწმეები - ვ. ნ–სი, ი. თ–ი, თ. გ–ი, რ. ბ–ი, შ. ა–ი, ნ. გ–ი, ე. გ–ი, ვ. ნ–სი, ვ. ქ–ი, ა.ბ–ი და ფ. გ–ი არ შესწრებიან ნ. კ–ს მიერ შ. ი–სათვის სიცოცხლის მოსპობის ან სხვა სახის მუქარის გამოყენებით თანხის გამოძალვას, არ გამორიცხავს ნ. კ–სის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. გარდა ამისა, დაზარალებულმა შ. ი–მა დაადასტურა, რომ მუქარის განხორციელების დროს ის და ნ. კ–ი საკანში იმყოფებოდნენ მარტო და სხვა მსჯავრდებულები მუქარისა და თანხის მოთხოვნის ფაქტს არ შესწრებიან.
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5.11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე