Facebook Twitter

საქმე N 020100122006335860

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №789აპ-23 5 ოქტომბერი, 2023 წელი

ლ–ი ა., №789აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განაჩენზე სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ლ–იი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით, რასაც თან ახდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 9 თებერვალს შპს „უ.......ს“ მიენიჭა ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა, რომლის საფუძველზეც ნება დაერთო ქ.ზ–ში, ა–ს ქუჩა N..-ში მდებარე აფთიაქში განეხორციელებინა პირველი (გარდა ნარკოტიკული საშუალებების), მეორე და მესამე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაცია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის N... დადგენილებით დამტკიცებული ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების N..და N.. დანართების შესაბამისად. ა. ლ–იი, იყო რა აღნიშნული ორგანიზაციის წილის 100%-ის მესაკუთრე და დირექტორი, ვალდებული იყო დაეცვა სანებართვო პირობები და ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნები, რომელთა მიხედვით ის უფლებამოსილი იყო პირველი, მეორე და მესამე ჯგუფებისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია განეხორციელებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის“ შესახებ, საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, აკრძალულია პირველი და მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გაყიდვა ურეცეპტოდ. ა. ლ–მა, რომლისთვისაც ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, აფთიაქში დასაქმებული პირების დახმარებით, 2022 წლის 9 თებერვლიდან 2022 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში, ქ.ზ–ში, ა–ს ქუჩა N..-ში მდებარე აფთიაქში სანებართვო პირობების დარღვევით, ურეცეპტოდ გასცა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტები, რითაც მიიღო დიდი ოდენობით - 698212 ლარის შემოსავალი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის განაჩენით ა. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულის ორსულობის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. ლ–ის დანიშნული სასჯელის აღსრულება გადაუვადდა მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. კ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. ლ–იისთვის სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის განსაზღვრა, ხოლო სააპელაციო სასამართლოში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით, დაცვის მხარემ მოითხოვა ა. ლ–სთვის სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის განსაზღვრა, ან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განაჩენით დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ა. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 1 წელი.

3.2. 2023 წლის 4 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლიკა ბულიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად იქნება განსაზღვრული.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ასევე, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და გამოწვეული შედეგი, კერძოდ ის, რომ ა. ლ–მა შეარჩია საქმიანობის ისეთი სახე, რომლის შედეგად 7 თვეში მიიღო - 700000 ლარამდე შემოსავალი. აღნიშნულიდან გამომდინარე მას უნდა განსაზღვროდა ისეთი სასჯელი, რომელიც იქნებოდა შემაკავებელი ხასიათის და მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიში, სამომავლოდ ა. ლ–სა და სხვა მოქალაქეებს არ გაუჩენდა დიდი შემოსავლის მისაღებად მსგავსი ქმედების ჩადენის სურვილს. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის, რომ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების უკონტროლო მიმოქცევაში გაშვებით საზოგადოების მრავალი წევრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ექმნება საფრთხე, რის შედეგადაც სახელმწიფოს და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს არ აქვთ სწორი ინფორმაცია მიმოქცევაში არსებული შეზღუდული მოხმარების მოედიკამენტების რაოდენობის შესახებ. ასევე, გასათვალისწინებელია ამ მედიკამენტების უკონტროლო და არადანიშნულებისამებრ მიღების შედეგები. მათი მიღება უნდა ხდებოდეს ექიმის მკაცრი ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ, რომ არ გამოიწვიოს მიჩვევა და სხვა მძიმე ფსიქოლოგიური დარღვევვები. კასატორი ასევე უთითებს, რომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა უკავშირდება უფრო მეტი ოდენობით მოგების სურვილს, ე.წ. ჩრდილოვან აღურიცხავ შემოსავლებს, რაც ზიანს აყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს, არღვევს კონკურენციის პრინციპს და ხელს უშლის ბაზარზე მოქმედ პირებს შორის კანონიერ და სამართლიან ეკონომიკურ ურთიერთობებს. რისკის ჯგუფში მყოფი საზოგადოების ყველა წევრი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკანონო ეკონომიკური საქმიანობით საკუთარი თავისთვის უფრო მეტი ზიანის მიყენების საფრთხე არსებობს, ვიდრე იმ შემოსავლების ოდენობაა, რომლის მიღებასაც ამ საქმიანობით ელოდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ა. ლ–ის განესაზღვრა სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ა. ლ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა და მოინანია, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები) სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა. ლ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ა. ლ–სთვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.

5.6. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე