გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-536-03 8 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: ა.ჟ-ს სარჩელში – საავტორო უფლების დაცვა; გ.ა-ის სარჩელში _ ავტორობისა და ღისრების დაცვა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით სსკ-ს 182-ე მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე ერთ წარმოებად იქნა გაერთიანებული სამოქალაქო საქმე ა. ჟ-ს სარჩელის გამო მოპასუხე ნ. ჯ-ის მიმართ, მოპასუხის საავტორო უფლების დამრღვევად აღიარების თაობაზე და გ. ა-ის სარჩელი მოპასუხე ა. ჟ-ს მიმართ, ავტორობისა და ღირსების დაცვის შესახებ.ა. ჟ-ს სარჩელი ნ.ჯ-ის მიმართ დასაბუთებულია შემდეგით: 1963წ. მარტში მოსარჩელემ ჟურნალ “...ში” წარადგინა თავისი ნაწარმოები “იუბილარის საქორწინო მოგზაურობა”, რომელიც არ დაიბეჭდა. შემდგომში მან გადაწყვიტა ნაწარმოების რეალიზაცია კინოსა და თეატრში, ამიტომ გააცნო რუსთაველის თეატრის იმჟამინდელ დირექტორ ს. ზ-ეს. ამ უკანასკნელს მოეწონა ნაწარმოები, წააკითხა ს. ჩ-ს და თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგეს ვ. კ-ეს. მათ ა.ჟ-ს შესთავაზეს ფილმის შექმნა. იმავე პერიოდში საჯარო ბიბლიოთეკაში შეხვდა თ. ა-ეს, რომელსაც წასაკითხად გადასცა მოთხრობა, რათა მოწონების შემთხვევაში ფილმი გადაეღო. შემდეგში შეხვედრაზე დანიშნულ დროს თ. ა-ე არ მოვიდა, მაგრამ სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ ნაწარმოები ძალიან მოეწონა, მაგრამ ვერ გადაიღებდა, ამიტომ ურჩია მოსკოვში რეჟისორ მიხეილ რომთან წასვლა. ა.ჟ-მ 1980-87 წლებში არაერთხელ მიმართა ალმანახ “გ-ის” რედაქციას მოთხრობის გამოქვეყნების თაობაზე, მაგრამ ამ მცდელობას შედეგი არ მოყოლია. თ. ა-ემ “იუბილარის საქორწინო მოგზაურობა” ნაწილობრივ გამოიყენა ფილმ “...ში” და მთლიანად მიითვისა ფილმ “...ის” შექმნისას. ეს გარემოება დასტურდება 1968 წელს ჟურნალ “დ-ის” მეორე ნომერში გამოქვეყნებული ა. ჟ-ს ავტობიოგრაფიული ნაწარმოებიდან ნაწყვეტით “საით წავიდა მამა”, ასევე, საქმეში წარმოდგენილი სხვადასხვა გაზეთებში გამოქვეყნებული მასალებით.
მოპასუხე ნ. ჯ-ემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: მან თ. ა-ესთან და რ. კ-სთან ერთად შექმნა ფილმის, “...ის” სცენარი. ა.ჟ-ს სცენარის შექმნაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და საერთოდ არ იცნობს მას. მოპასუხისათვის ასევე უცნობი იყო ნაწარმოები “იუბილარის საქორწინო მოგზაურობა”. საქმის მასალებით თ.ა-ისათვის თ.ჟ-ს მიერ ნაწარმოების გადაცემის ფაქტი არ დგინდება. ა.ჟ-ა სარჩელში ვერ უთითებს თუ რა საავტორო უფლება იქნა დარღვეული მოპასუხეთა მიერ. მოსარჩელე ვერ უთითებს ნაწარმოების რეპროდუცირების შემთხვევებს და მხოლოდ ალეგორიებით ცდილობს საავტორო უფლების დარღვევის სურათის შექმნას. ნ.ჯ-ე მიიჩნევს, რომ სარჩელი სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია და მას უარი უნდა ეთქვას.
გ. ა-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ა. ჟ-ს მიმართ და მოითხოვა სასამართლომ დაავალდებულოს ა. ჟ- აღკვეთოს თ. ა-ის ავტორობის უფლების შელახვა “...ის” სცენართან დაკავშირებით და უარყოს მის მიერ საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული თ. ა-ის ავტორობისა და ღირსების შემლახველი ცნობები, კერძოდ, “...ის” სცენარის შექმნისას თ.ა-ის მიერ ა.ჟ-ს რაიმე ნაწარმოების მითვისების უარყოფა უნდა მოხდეს იმავე საშუალებებით (პრესით), რომლითაც მოხდა ცნობების გავრცელება. გ. ა-ე, როგორც თ. ა-ის მემკვიდრე, მამის ღირსების შელახვად მიიჩნევს მოპასუხის მიერ გავრცელებულ შემდეგ გამონათქვამებს:
1. “ა-ემ გაცილებით უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა, ვიდრე მის ესოდენ გახმაურებულ ფილმში გაკიცხული საქციელია”, “ამჟამად მეტი საბუთია წარმოდგენილი ამ მაფიოზური გზის საჩვენებლად” (სტატია “რაკი ხმა ამოვიღე, ბოლომდე ვიბრძოლებ”, გაზეთი “კ.” ¹..., 8.09. ...წ.);
2. “საქმე ის არის, რომ ა-ეს, იქ, სადაც ძალიან უჭირს მოპარულის დაფარვა სიზმარს და გადასაღებ მოედანს იშველიებს.” “ ... რეჟისორს წაკითხული, დამუშავებული და დაზეპირებული აქვს სხვისგან წაღებული და მოპარული სცენები, მაგრამ ხალხმა ეს არ იცის. ასე ითრევს ის დანაშაულში ადამიანთა მთელ ჯგუფს” (სტატია იმავე დასახელებით, გაზეთი “კ.” ¹26, 8.09. ...წ.);
3. “ ... დაიბეჭდა ჩემი წერილების ციკლი, სადაც წარმოჩენილია სხვათა აზროვნების, შემოქმედების მიმთვისებლები, ისინი, ვისაც მეცნიერებაში, ლიტერატურაში და ხელოვნებაში პლაგიატორებს ეძახიან ... წარმოდგენილი მასალებით დოკუმენტალურადაა მხილებული რეჟისურ თ. ა-ის და მისი “გონებრივი ცენტრის” მიერ ჩემი ნაწარმოების გამოყენება და მითვისება – ფილმ “...ის” შექმნისას. ნაწარმოებისა და ფილმის შედარებით ნაჩვენებია პლაგიატის გზა” (გაზეთი “ც.” ¹13 (28) 26.06.2002);
სტატიაში სათაურით “ა-ემ “...” მომპარა”, ა.ჟ-ა სწერს: “ამით გათამამებულმა ა-ემ მთლიანად გამოიყენა იგი ფილმ “...ის” შექმნისას, ოღონდ, როგორც ნაქურდალის მითვისებისას ხდება ხოლმე. თ. ა-ე სცენართან ერთად იპარავს რეჟისორობასაც და არა მარტო ჩემგან (სტატია “ა-ემ “...” მომპარა”, გაზეთი “ა-ი” 3-9 დეკემბერი ...წ.);
4. “მიხეილ ქ-ე არა მარტო მთარგმნელი და გამხმოვანებელია “...ისა”, არამედ რეჟისორის მაფიოზურ-დანაშაულებრივი გზის მონაწილე (სტატია “მაინც ვისია “...”, გაზეთი “ამ-ი” ოქტომბერი ...).
მოსარჩელე გ. ა-ე მიიჩნევს, რომ მ.ჟ-მ აშკარა შეურაცხყოფა მიაყენა მის მამას – კულტურის გამოჩენილ მოღვაწეს, რაც მას განუზომლად დიდ სულიერ ტკივილს აყენებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სკ-ს მე-19 მუხლზე მითითებით, ითხოვს თ. ა-ის ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფას. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ჟ-ს მიერ გამოქვეყნებული მოთხრობის “სადღაც ზღვის პირას” წაკითხვა საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მას არაფერი აქვს საერთო “...ის” სცენართან, თუნდაც იდეების დონეზე.
მოპასუხე ა.ჟ-მ გ.ა-ის სარჩელთან დაკავშირებით განმარტა, რომ სარჩელს არ ეთანხმება. რაც შეეხება ჟურნალ “დ-ში” გამოქვეყნებულ ნაწყვეტს “სადღაც ზღვის პირას”, მას მართალია არაფერი აქვს საერთო უშუალოდ ფილმთან, მაგრამ ის არის ა.ჟ-ს იდეის მატარებელი გმირის ბიოგრაფიის ნაწვეტი, რითაც დააფიქსირა ნაწარმოების არსებობა 60-იან წლებში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 13 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ჟ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა. ჟ-ს დაევალა მის მიერ 1998წ. ოქტომბერს გაზეთ “ამ-ში” გამოქვეყნებული თ. ა-ის ღირსების შემლახველი გამონათქვამის უარყოფა პრესის საშუალებით შემდეგი ფორმით: “სიცრუეა, რომ თ. ა-ე არის მაფიოზურ-დანაშაულებრივი გზის მონაწილე”.
ა.ჟ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 13 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა დაუსწრებლად არსებითი განხილვის გზით სსკ-ს 98-ე მუხლის დარღვევით. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ მოპასუხე ნ.ჯ-ე და მოსარჩელე გ.ა-ე. სასამართლომ მხოლოდ მათი წარმომადგენელთა დასწრებით განიხილა საქმე. საქმეში წარმოდგენილ შუამდგომლობაზე ქ. ა-ის ნაცვლად ხელს აწერს მისი წარმომადგენელი, რითაც დარღვეულია სსკ-ს 95-98-ე მუხლების მოთხოვნები. ასევე, სასამართლოს არ უნდა მიეღო ქ.ა-ის შეგებებული სარჩელი, ვინაიდან მას ხელს აწერს წარმომადგენელი. სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა მ. ქ-ის შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხედ ცნობის შესახებ, ვინაიდან, აუცილებელი იყო მისი მონაწილეობა პროცესში, როგორც ფილმის მთარგმნელისა და გამხმოვანებლის. არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ნ.ჯ-ის წარმომადგენლის შესაგებელი, ვინაიდან მას ხელს არ აწერს თვითონ ნ.ჯ-ე. გ. ა-ეც ხელს არ აწერს სასარჩელო განცხადებას, ხოლო მისი წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ამეტებდა. გ.ა-ის სარჩელს და ნ.ჯ-ის შესაგებელს მტკიცბულებები არ ერთვის, რაც კანონის მოთხოვნათა დარღვევაა. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ნ.ჯ-ის მოსაზრებანი, რადგან სცენარის იდეა და შინაარსი, ა.ჟ-ს აზრით, მას ეკუთვნის, რასაც ადასტურებს კასატორის ნაწარმოების ჯერ კიდევ 1962 წელს არსებობის ფაქტი და შემდეგ მისი ნაწყვეტის გამოქვეყნება ჟურნალ “დ-ში”. სასამართლოს არ ჩაუტარებია ექსპერტიზა, რაც აუცილებელი იყო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის. საოლქო სასამართლომ 2003წ. 28 თებერვლის განჩინებით უკანონოდ თქვა უარი ზემოხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე. კასატორს სურდა გაერკვია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივარი რომელ ინსტანციაში უნდა წარედგინა – სააპელაციოში თუ საკასაციოში, რაზედაც სარეზოლუციო ნაწილში არ იყო მითითებული. სასამართლომ სსკ-ს 262-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით განცხადება დაუშვებლად მიიჩნია და განჩინება გასაჩივრებას არ დაუქვემდებარა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ა.ჟ- ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმებას და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო საჩივარი ამ სახის პრეტენზიას არ მოიცავს, ხოლო საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დამტკიცებულად ცნო შემდეგი გარემოებები:
1. ა. ჟ-ს მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი ნაწარმოები “იუბილარის საქორწინო მოგზაურობა” სარჩელის განხილვამდე არ გამოქვეყნებულა მთლიანი სახით;
2. ჟურნალ “დ-ის” 1968წ. მეორე ნომერში დაიბეჭდა ა.ჟ-ს მოთხრობა “სადღაც ზღვის პირას”;
3. ფილმი “...ის” სცენარი ქართულ ენაზე არ გამოქვეყნებულა, ის გამოიცა რუსულ ენაზე ბულგარეთში 1990 წელს;
4. ქართველი საზოგადოებისათვის ფილმ “...”-ს სცენარის შინაარსი ცნობილი გახდა 1984 წელს, ამავე სახელწოდების ფილმის ეკრანზე ჩვენების შემდეგ, ხოლო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 1986წ. შემდეგ;
5. ნ. ჯ-ე წარმოადგენს ფილმ “...ის” სცენარის თანაავტორს, რეჟისორ თ. ა-ესა და რ. კ-სთან ერთად;
6. გაზეთ “ამ-ის” 1998წ. ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულ ა. ჟ-ს სტატია სათაურით “მაინც ვისია ...” მოიცავდა შემდეგი სახის გამონათქვამს: “მ. ქ-ე არა მარტო მთარგმნელი და გამხმოვანებელია ...ისა, არამედ რეჟისორის მაფიოზურ-დანაშაულებრივი გზის მონაწილე”.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ მართებულად მიიჩნია, რომ ა. ჟ-ს სკ-ს (1964წ.) 503-ე და 512-ე მუხლებით გარანტირებული საავტორო უფლებები “იუბილარის საქორწინო მოგზაურობაზე” მოპასუხე ნ.ჯ-ის მიერ არ დარღვეულა. მოთხრობა “იუბილარის საქორწინო მოგზაურობა” 1960-63 წლებში საქმეში წარმოდგენილი სახით რომ არსებობდა და იგი 1963 წელს ა.ჟ-მ გადასცა თ.ა-ეს, საქმის მასალებით არ დასტურდება. აღნიშნულს ვერ ამტკიცებს ვერც მოსარჩელის მითითება 1968 წელს ჟურნალ “დ-ის” მეორე ნომერში გამოქვეყნებულ მოთხრობაზე, “სადღაც ზღვის პირას”, როგორც სადავო ნაწარმოების ნაწყვეტზე. ზემოხენებული მოთხრობა გამოქვეყნებულია როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოები და იგი არც შინაარსბრივად მიგვანიშნებს სხვა რაიმე ძირითადი ნაწარმოების არსებობაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლო კოლეგიის დასკვნას, რომ ის გარემოებები, რომლებზედაც დამყარებულია ა. ჟ-ს სასარჩელო მოთხოვნა, მტკიცებულებებით არ დასტურდება. სსკ-ს მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს რა შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას ექსპერტიზის დანიშვნის და სპეციალისტთა დაკითხვის შესახებ. სსკ-ს 407-ე მუხლით განსაზღვრულია რა საკასაციო სასამართლოში მტკიცებულებათა შემოწმების ფარგლები, დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების შესახებ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში, ან საქმის მასალებში. ამდენად, საქმის განხილვის ამ ეტაპზე მტკიცებულებათა ზემოხსენებული წესით გამოკვლევა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა დაუშვებელია.
რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც გ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარი პრესის საშუალებით თ.ა-ის ღირსების შემლახველი ცნობის გავრცელების უარყოფაზე პრეტენზიას არ მოიცავს. სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლო კოლეგიამ დავა განიხილა რა მხარეთა გარეშე – მათი წარმომადგენლების მონაწილეობით, დაარღვია სსკ-ს მოთხოვნები. მითითებული კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს იმ გარემოებას, რომ მოქალაქეს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია თვითონ, ან წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო საქმის წარმოებაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა წარმომადგენლებს სასამართლოში საქმის წარმოების და საპროცესო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება აქვთ კანონის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული მინდობილობებით.
ასევე, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 თებერვლის განჩინების, როგორც უკანონოს გაუქმების თაობაზე. აღნიშნული განჩინებით სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ა. ჟ-ს განცხადება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული გასაჩივრების წესის განმარტებაზე. სსკ-ს 404-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. მოცემულ შემთხვევაში სადავო განჩინება მიღებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემდეგ, ამიტომ, ბუნებრივია, იგი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს გადაწყვეტილების კანონიერებაზე. კანონის შესაბამისად, მასზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს და საკასაციო საჩივარიც ამ ნაწილში დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ჟ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 2003წ. 13 იანვრის გადაწყვეტილება და 2003წ. 24 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.