Facebook Twitter

საქმე N 080100120003575510

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №792აპ-23 11 ოქტომბერი, 2023 წელი

მ–ე ზ., №792აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. მ–ე (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (მოწმისა და დაზარალებულის მოსყიდვა და იძულება ჩვენების შეცვლისათვის, რასაც ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება, ასევე მოკვლისა და ქონების განადგურების მუქარა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ზ. მ–ს შვილის - ს. მ–ს მიმართ, დაზარალებულად ცნობილია ა. მ–სი, ხოლო მოწმედ გამოსაძახებელ პირთა სიაშია ა. მ–ს დედა - მ. მ–ი. 2020 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ბ–ში, წ–ს ქუჩაზე, ავტომანქანაში, ზ. მ–მ მ. მ–ს შესთავაზა, რომ თუ იგი და ა. მ–სი მისი შვილის მიმართ სასამართლოში შეცვლიდნენ ჩვენებას სანაცვლოდ მიიღებდნენ ქონებას (საკერავ მანქანებს). ჩვენების არ შეცვლის შემთხვევაში კი ზ. მ–ე დაემუქრა, რომ მთელ ოჯახს საკუთარ სახლში გამოწვავდა.

1.3. 2020 წლის 8 თებერვალს ზ. მ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას ერთი თვით აეკრძალა რძალთან - ა. მ–სთან (პირი ვისთან ერთად ეწეოდა საოჯახო მეურნეობას) მიახლოება. 2020 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 17:30 საათზე, ბ–ში, ...........ას ქუჩაზე, ზ. მ–ე მიუახლოვდა ა. მ–ს და ამით დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განაჩენით ზ. მ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 12000 ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ. მ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 12000 ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2020 წლის 2 მარტიდან - 2020 წლის 4 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით ზ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 11850 ლარი.

2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებებლი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 13 აპრილს მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, ზ. მ–ს წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ზ. მ–ს ბრალეულობას, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ზ. მ–მ წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ. მოწმე ი. ბ–მ კი განმარტა, რომ მისი მული - ა. მ–სი 2019 წელს გაშორდა მეუღლეს - ს. მ–ს, რის შემდეგაც სანდრო მივიდა მათთან და ცდილობდა მეუღლესთან შერიგებას. ს. მ–სის მიერ საკერავი მანქანების დაზიანების შემდეგ მათთან მივიდა ზ. მ–ე. ამ დროს თვითონ იყო სამზარეულოში და გაიგო ზ–ს ხმამაღალი საუბარი, თუმცა რაზე ყვრიოდა არ გაუგია. ა. მ–სმა ზ–ს მოუწოდა დაწყნარებულიყო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2021 წლის თებერვლის ბოლოს მან ბავშვები გამოიყვანა საბავშვო ბაღიდან, რა დროსაც მასთან ერთად იყვნენ მ–ა და ა. მ–ებიც. მათ ბ–ს ცენტრში მდებარე გამგეობასთან გააჩერეს ავტომანქანა, სადაც უნდა შეხვედროდნენ პატარა ზ. მ–ს. მათი მანქანის გვერდით ჩაიარა ბრალდებულ ზ. მ–ს ავტომანქანამ, რომელიც გაჩერდა მათი მანქანიდან 10 მეტრში. ამ დროს გამგეობიდან გამოვიდა პატარა ზ–ს და მივიდა ბაბუას ავტომანქანასთან. დაახლოებით 5 წუთში, აღნიშნული ავტომანქანიდან გადმოვიდნენ მ–ი და ზ. მ–ე, რომლებიც წავიდნენ მათი მანქანისკენ. იგი გადმოვიდა მანქანიდან და მიესალმა მათ. მ–მ იკითხა ნ–ი იყო თუ არა მათთან. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი, მივიდა ავტომანქანასთან და გააღო კარი, ზ–მა კი ბავშვი გადმოიყვანა ავტომანქანიდან, მოეფერა მას და წავიდნენ. ამ დროს ზ–ს, ა. და მ–იი არ შელაპარაკებულან. ამასთან, მას მანამდე ზ–სთვის და მ–სთვის არ უთქვამს, რომ ანა მანქანაში იჯდა. მოწმე რ. მ–ს განმარტებით, ა. მ–სა და ს. მ–ს დაშორების შემდეგ იგი მათ შორის კონფლიქტს არ შესწრებია. ამის შესახებ, მხოლოდ ზოგადად ფლობს ინფორმაციას და იცის, რომ დაშორების შემდეგ საუბარი მიდიოდა შერიგებასა და საჩივრის გამოტანაზე, რათა არ დაეჭირათ ს–ო. ამასთან, მის დას პირდებოდნენ დაზიანებული საკერავი მანქანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოწმე ვ. ჩ–მა კი განმარტა, რომ მან მიღებული შეტყობინებისა და ა. მ–ს განმარტების საფუძველზე გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც ჩააბარა ზ. მ–ს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ორდერში მუქარისა და ძალადობის შესახებ არაფერია მითითებული. გარდა ამისა დაზარალებულ მ. მ–სის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 23 დეკემბერს ა. მ–სთან სამკერვალოში მივიდა ს. მ–ე, რომელმაც დაამტვრია საკერავი მანქანები. მომხდარის შემდეგ მან დაურეკა ზ. მ–ს, რომელთანაც ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ზ–ს მივიდა სამკერვალოში და უთხრა, რომ არ ენერვიულა, ტექნიკას უყიდდა და მოუტანდა. მას სჯეროდა, რომ ზ–ს თავის სიტყვას შეასრულებდა. მომხდარის გამო ს-ს მიმართ დაიწყო გამოძიება. 2019 წლის 28 დეკემბერს ის და ზ–ს შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს სად და როგორი ტექნიკა უნდა შეეძინა ზ–ს ა–სთვის. თებერვალში მასთან სამსახურში მივიდა ზ. მ–ე და დაემუქრა. ზ-ს სურდა საკერავი მანქანები ჩუქებით გადაეცა ა. მ–სთვის, ა–ს კი განცხადება გამოეტანა და ეთქვა, რომ არ უჩიოდა ს-ს, რათა ს–ს მიმართ შეწყვეტილიყო საქმე, თუმცა დაცვის მხარის შეკითხვაზე განმარტა, რომ ზ–ს მანქანაში საუბარი იყო ზიანის ანაზღაურებაზე და არა განცხადების გამოტანაზე. 2020 წლის თებერვლის ბოლოს ის და მისი შვილი ა. მ–სი ბავშვებთან ერთად მისი რძლის ი. ბ–ს ავტომანქანით იმყოფებოდნენ ბ–ს ცენტრში და ელოდებოდნენ პატარა ზ. მ–ს. მათ წინ, დაახლოებით 10 მეტრში გაჩერდა ბრალდებულ ზ. მ–ს ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ ზ. მ–სე, მ–ი ნ–ე და ს. მ–სე. მ–იი ნემსაძე და ზ. მ–ე მივიდნენ ი. ბ–მის ავტომანქანასთან, გადაიყვანეს შვილიშვილი, მოეფერნენ და წავიდნენ. ამ დროს ზ. მ–სა და ა. მ–ს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა. დაზარალებულმა ა. მ–სმა კი განმარტა, რომ 2019 წლის დეკემბერში მასთან სამკერვალოში მივიდა ს. მ–სე და დაუზიანა საკერავი მანქანები, რის გამოც ს–ო დააკავეს. მას მამამთილი - ზ. მ–სე შეპირდა, რომ ტექნიკას ჩამოუტანდა თ–დან. იგი არ შესწრებია 2020 წლის 3 თებერვალს მ. მ–სა და ზ. მ–ს შეხვედრას, რა დროსაც ზ–ს მ. მ–ს დამუქრებია ან საჩუქარად აიღებთ საკერავ მანქანებს ან სახლში გამოგწვავთო. ეს არ იყო ზ–ს მხრიდან ქრთამის შეთავაზება, ეს იყო კეთილი ნების გამოხატვა, რადგან ცდილობდა შვილისთვის ყველაფერი გაეკეთებინა. 8 თებერვალს ზ. მ–ე მივიდა მათთან სახლში, სადაც მის დანახვაზე გახდა აგრესიული და მას განადგურებით დაემუქრა. აღნიშნულის შემდეგ, მან დარეკა პოლიციაში და ზ. მ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. 2020 წლის თებერვლის ბოლოს იმყოფებოდნენ ბაღდათის ცენტრში, სადაც ელოდებოდნენ პატარა ზ. მ–ს. ამ დროს მათ წინ, დაახლოებით 10 მეტრში გაჩერდა მისი მამამთილის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ ზ. მ–ე და მისი მეუღლე, მივიდნენ ი. ბ–მის ავტომანქანასთან, ზ. მ–მ ავტომანქანიდან გადაიყვანა შვილიშვილი - ნ–ი მ–ე, მოეფერა მას და წავიდა. ზ. მ–ს მისთვის არაფერი უთქვამს. უდავოდ ცნობილი, მოწმე ს. მ–ს გამოკითხვის ოქმით კი დადგინდა, რომ 2020 წლის 25 თებერვალს მისი მამა - ზ. მ–სე ი. ბ–მის ავტომანქანის სალონში არ შესულა და შვილიშვილი არ გადმოუყვანია. ამასთან, წვიმიანი დღის გამო არ ჩანდა ი. ბ–მის ავტომანქანაში იჯდა თუ არა ვინმე. ი. ბ–მეს ზ. მ–სთვის არ უთქვამს, რომ ავტომანქანაში იმყოფებოდა ა. მ–სი. როგორც მისთვის არის ცნობილი მისი მამის მხრიდან ა. და მ. მ–ების მიმართ მუქარასა და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ანალოგიური დასტურდება მოწმე მ–იი ნ–ს გამოკითხვის ოქმითაც. უდავო მტკიცებულებით, მოწმე ი. გ–ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ რომ 2020 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 16:40 საათზე ი. ბ–მ მისი შვილები და ნ–ი მ–სე წაიყვანა ბაღიდან. რამდენიმე წუთში მას ტელეფონზე დაურეკა ნ–ი მ–სის ბაბუამ - ზ. მ–მ, რომელმაც ჰკითხა გაყვანილი იყო თუ არა მისი შვილიშვილი, რაზეც უპასუხა რომ ახლახან გაიყვანა ბიცოლამ - ი. ბ–მ რომელიც ბაღში მისული იყო მარტო. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი არ დასტურდება, რომ 2020 წლის 3 თებერვალს, ბ–ში, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე თავის კუთვნილ ავტომანქანაში საუბრისას ზ. მ–ე აიძულებდა მ. მ–ს, რომ მას და მის შვილს შეეცვალათ ს. მ–ის ბრალდების საქმეზე გამოძიებაში მიცემული ჩვენებები რის სანაცვლოდაც მიიღებდნენ ქონებას - საკერავ მანქანებს. მ. მ–ს განმარტებით, საუბარი იყო მხოლოდ განცხადების გამოტანაზე, რომლითაც მისი მოსაზრებით ს-ს მიმართ შეწყდებოდა საქმე. ამასთან, ზ. მ–ს განმარტებით, როდესაც იგი შეხვდა მ. მ–ს, ამ დროს ს. მ–ე იმყოფებოდა თავისუფლებაში და არ ჰქონდა საფუძველი, დამუქრებოდა მ. მ–ს და მოეთხოვა ჩვენების შეცვლა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ზ. მ–ს ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში ზ. მ–მ განმარტა, რომ იგი ფინანსურად უზრუნველყოფდა შვილსა და რძალს. ს–ს მიერ დაზიანებული საკერავი მანქანები მისი თანხებით იყო შეძენილი. ამ საკერავი მანქანების დაზიანების შესახებ მას აცნობა ა. მ–ს დედამ და იგი დაუყოვნებლივ მივიდა ადგილზე. მან დაამშვიდა ა. მ–ი, რომელიც მომხდარის გამო ტიროდა, დაამშვიდა და დაპირდა, რომ ახალ საკერავ მანქანებს მიუტანდა. მართალია საკერავი მანქანების დაზიანების ფაქტზე ს–ს მიმართ დაიწყო გამოძიება და დააკავეს, თუმცა იგი მესამე დღეს გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. ზ. მ-ს განმარტებით, მან მ. და ა. მ–ების მითითებით შეიძინა საკერავი მანქანები და სადაც უთხრეს იქ მიიტანა. დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში საკერავი მანქანები ინახებოდაა ა–ს მიერ მითითებულ ფართში, შემდეგ კი თვითონ წაიღო სახლში. ა. მ–სი მისგან მოითხოვდა დაეწერა, რომ ს. მ–მ დააზინა ა. მ–ს ქონება. ზ. მ–მ ასევე დაადასტურა, რომ იგი შეხვდა მ. მ–ს, რომელთანაც ფინანსურ საკითხებზე ჰქონდა საუბარი. მას არ მოუთხოვია, რომ ა. მ–ს შეეცვალა ჩვენება, რადგან ს. მ–ს გირაო ჰქონდა შეფარდებული და პატიმრობიდან გათავისუფლებული იყო. რაც შეეხება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, მან მითითებულ დღეს ბაღის მასწავლებლისგან გაიგო, რომ ნ–ი ბაღიდან გაიყვანა ა. მ–ს რძალმა. მან არ იცოდა, რომ მასთან ერთად ა. მ–ც იყო. ავტომანქანასთან პირველად მივიდა მ–ი, რომელმაც ბავშვი გადმოიყვანა მანქანიდან და მას მიაწოდა, შესაბამისად მან ანას ავტომანქანაში ყოფნის შესახებ არ იცოდა.

5.5. აღნიშნულის საწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს სასამართლოს დაზარალებულმა ა. მ–სმა და მოწმე მ. მ–სმა, რომლებმაც განმარტეს, რომ ს. მ–ე არის ა. მ–ს ყოფილი მეუღლე, ზ. მ–სე კი - მამამთილი. 2019 წლის დეკემბერში ა. მ–ს სამკერვალოში მივიდა ს. მ–სე და დააზიანა იქ არსებული ტექნიკა. აღნიშნულის გამო, ა. მ–სმა დარეკა 112-ში და ს. მ–სის მიმართ დაიწყო გამოძიება. იმავე დღეს, სამკერვალოში მეუღლესთან ერთად მივიდა ზ. მ–სე, რომელმაც ნახა დაზიანებული ტექნიკა და დაპირდა ახალი ტექნიკის მიტანას. რამდენიმე დღის შემდეგ, ზ–ს დაუკავშირდა მ. მ–ს და უთხრა, რომ ახალი ტექნიკის შესაძენად მიდიოდა თ–ში. მოგვიანებით, ა. მ–ს დაუკავშირდა ზ–ს და უთხრა, რომ საკერავ მანქანებს მიუტანდა სახლში, რაზეც ა–მ უარი უთხრა და სთხოვა ტექნიკა იმ ფართში მიეტანა, სადაც იგი საქმიანობის გაგრძელებას გეგმავდა. ა–ა მონაწილეობდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომლის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ჰქონოდა მის სახელზე გაფორმებული საჭირო ტექნიკა. ანას ზ–მა შესთავაზა მისულიყვნენ ნოტარიუსთან, სადაც ჩუქების ხელშეკრულებით გადასცემდა საკერავ მანქანებს, რაზეც მან უარი უთხრა და აუხსნა, რომ მისგან საჩუქარს არ აიღებდა და საკერავი მანქანები გადაეცა ზიანის ანაზღაურების სახით, რაზეც ზ–ს არ დათანხმდა და დაიწყო მუქარა. კერძოდ, 2020 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათისთვის ზ–ს დაუკავშირდა და სასაუბროდ შეხვედრა სთხოვა მ. მ–სს, რომელიც ზ-ს ბაღდათში, წერეთლის ქუჩა N..-ში მდებარე ბ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან შეხვდა და ჩაჯდა მის ავტომანქანაში. ზ–ს თავიდანვე იყო გაბრაზებული, ესაუბრებოდა აგრესიულად და მოითხოვდა მას და ა–ს სასამართლოში მისი შვილის სასარგებლოდ შეეცვალათ ჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ მთელ ოჯახს სახლში გამოწვავდა. მ–ა ცდილობდა პრობლემის მოგვარებას და სთხოვდა ზ-ს შეძენილი ტექნიკა ა–სთვის გადაეცა, თუმცა იგი კვლავ იმუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ მათ სახლში ბენზინს შეასხამდა და გამოწვავდა. იგი დაახლოებით ნახევარი საათი იმყოფებოდა ზ–ს ავტომანქანაში. მას მთელი ამ ხნის განმავლობაში ემუქრებოდა ზ–ს და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იძახდა. იგი დაშინებული გადავიდა ავტომანქანიდან. აღნიშნულის შემდეგ, ზ–ს ცდილობდა მაიასთან ტელეფონით დაკავშირებას, თუმცა მას ზ–სს ეშინოდა და ზარებს არ პასუხობდა. მ. და ა. იყვნენ შეშინებულნი. 2020 წლის 8 თებერვალს ზ–ს მივიდა მათთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ა., მ., ი. და ბავშვები. ზ–ს თავიდან არ იყო აგრესიული, მაგრამ ა-ს დანახვაზე გაღიზიანდა და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, დაემუქრა, რომ თუ ს-ს დაიჭერდნენ, გაანადგურებდა. ზ–ს წასვლის შემდეგ ა. დარეკა 112-ში, რის საფუძველზეც ზ–სს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. 2020 წლის 25 თებერვალს გამართული სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ისინი რძლის - ი-ს ავტომანქანით ა-ს უმცროსი შვილის გამოსაყვანად მივიდნენ საბავშვო ბაღთან. ბავშვის გამოყვანის შემდეგ ა. ჯდებოდა ავტომანქანაში, რა დროსაც ჩაიარა ზ–სს ავტომანქანამ, რომელში მყოფი პირებიც ა–ს დაინახავდნენ. ამის შემდეგ ისინი მივიდნენ ბ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან, სადაც იმყოფებოდა უმცროსი ზ. მ–ე. ამ დროს მისი მამამთილის ავტომანქანა გაჩერდა ი-ს ავტომანქანის წინ. შენობიდან გამოსული უმცროსი ზ–ს პირდაპირ ბაბუას ავტომანქანასთან მივიდა. ამის შემდეგ, მ–ი და უფროსი ზ–ს წამოვიდნენ ი–ს ავტომანქანისკენ, რა დროსაც ი–ა გადავიდა მანქანიდან და მიესალმა მათ. ი–ს ავტომანქანასთან პირველი მივიდა მ–ი, რომელმაც გააღო კარი და სურდა შვილიშვილის - ნ–ს აყვანა, რომელიც ა-ს ეჯდა კალთაში. ნ–იი თავიდან ბებიას არ მიეკარა. მ–მა ბავშვს აკოცა და უკან დაიხია. ზ–ს, რომელიც მ–ს უკან იდგა და ხედავდა, რომ ა. იჯდა ავტომანქანაში, ბავშვს მიმართა, რომ ავტომანქანიდან გადასულიყო, რადგან მისთვის რაღაც ჰქონდა შეძენილი. ბავშვი ავტომანქანიდან გადაიყვანა მ–მა და მიიყვანა ზ–თან. დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ზ–ს და მ–ი იმყოფებოდნენ იქ და ესაუბრებოდნენ ბავშვს. ამ დროს ზ–ს პირადად ა-ს არაფერი უთქვამს. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულისა და მოწმე მ. მ–სის ჩვენებები გამყარებულია მოწმე ი. ბ–ს ჩვენებით. მოწმე რ. მ–მა კი დაადასტურა, რომ მან დედისგან - მ. მ–სგან იცის, რომ ა. მ–სა და ს. მ–ს დაშორების შემდეგ საუბარი იყო მათ შერიგებაზე. ასევე, ყოველდღიურად ჰქონდა ადგილი შეხვედრებსა და აგრესიას, რათა მათ გამოეტანათ საჩივარი. ასევე, პირდებოდნენ ზიანის ანაზღაურებას.

5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს N......... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, ასევე, მოწმე ვ. ჩ–ს ჩვენებაზე, რომლებითაც დგინდება, რომ 2020 წლის 8 თებერვალს ა. მ–სისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ზ. მ–ს 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა. ამასთან, მოწმე ვ. ჩ–ს განმარტებით, მან შემაკავებელი ორდერის პირობების შესახებ დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირადად განუმარტა ზ. მ–ს. რამდენიმე დღის შემდეგ მას დაუკავშირდა ა. მ–სი, რომელმაც განუცხადა, რომ ზ. მ–მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები.

5.7. მოცემულ საქმეში განთავსებული ს. მ–ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის N............. საქმის მასალებითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 თებერვლის განაჩეით კი დგინდება, რომ ს. ზ–ს ძე მ–ს 2019 წლის 24 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში დასაკითხ პირთა სიაში მითითებული იყვნენ მ. მ–ი და ა. მ–ი, რომლებიც მოცემულ საქმეზე საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხნენ მოწმის სახით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 2022 წლის 9 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ს. მ–ს მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ 2020 წლის 3 თებერვალს ზ. მ–სა და მ. მ–ს შეხვედრის დროს, ს. მ–ე აღარ იმყოფებოდა პატიმრობაში, რის გამოც არ არსებობდა მოწმე მ. მ–სა და დაზარალებულისთვის ჩვენებების შეცვლის მოთხოვნის წინაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2020 წლის 3 თებერვალს, ზ. მ–სა და მ. მ–ს შეხვედრის დროს, როდესაც მოწმე მ. მ–სის განმარტებით, ზ. მ–მ მოსთხოვა მას და ა-ს გამოეტანათ განცხადება და სასამართლოში შეეცვალათ ჩვენებები, რის შემდეგაც გადასცემდა საკერავ მანქანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სახლში გამოწვით - ს. მ–ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის განხილვა არ იყო დასრულებული. ამასთან, ანა და მ. მ–ებს იმ საქმეზე ჩვენებები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიცემული. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია მოკლებულია დამაჯერებლობას.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მოწმების - ს. მ–სა და მ–ი ნემსაძის გამოკითხვის ოქმებზე, რომლებითაც ირკვევა, რომ 2019 წლის დეკემბერში ს. მ–სემ ყოფილ მეუღლეს - ა. მ–ს დაუზიანა საკერავი მანქანები, რის გამოც იგი მიცემულ იქნა პასუხისგებაში და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 10000 ლარი, რომლის გადახდის შემდეგ, ს–ო გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. 2020 წლის თებერვალში პოლიციის თანამშრომელმა ზ. მ–ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერები და აეკრძალა ა. მ–სთან და მისი შვილებთან მიახლოება და ყოველგვარი კონტაქტი. გასაჩივრების შემდეგ შვილიშვილების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები გაუქმდა, რძლის მიმართ კი - დარჩა ძალაში. 2020 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით ოთხის ნახევრისთვის, იმყოფებოდნენ ქუთაისის სასამართლოში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ა. და მ. მ–ები. სხდომის დასრულების შემდეგ ზ. მ–ის ავტომანქანით, რომელსაც მართავდა ს. მ–ე წავიდნენ ბაღდათში. სოფელ დ–ში შესვლისას ზ–ს ტელეფონით დაუკავშირდა შვილიშვილის - ნ–ი მ–ს მასწავლებელს - ი. გ–ს და უთხრა, რომ სურდათ ბავშვის ნახვა, რაზეც მასწავლებელმა უპასუხა, რომ ნ–ი რამდენიმე წუთის წინ წაიყვანა ი. ბ–მ. მათ გზა განაგრძეს ბ–ს ცენტრის მიმართულებით, რადგან სურდათ სასამართლოში საბუთების შეტანა. ამ დროს ავტომანქანის საჭესთან იჯდა ს. მ–ე. .........ას ქუჩაზე გადაადგილებისას მათ შენიშნეს უფროსი შვილიშვილი - ზ. მ–ე, რის შემდეგაც ავტომანქანა გააჩერეს სასამართლოს შენობის მოპირდაპირე მხარეს, სამივე გადავიდნენ მანქანიდან და მოეფერნენ შვილიშვილს. მ–მ შვილიშვილს ჰკითხა სად იყო მისი უმცროსი ძმა, რაზეც ბავშვმა მიუთითა შავი ფერის ავტომანქანაზე, რომელიც იდგა მ–ს ბაღის გაზონთან. მას შვილიშვილისთვის არ უკითხავს კიდევ ვინ იმყოფებოდა ავტომანქანაში ისე წავიდა ნ–ს სანახავად ავტომანქანისკენ, რომელიც მათგან 30 მეტრის დაშორებით იყო გაჩერებული. ავტომანქანასთან მიახლოებისას მანქანიდან გადავიდა ი. ბ–ე და მათ მოიკითხეს ერთმანეთი. ამ დროს ზ. მ–ე კითხულობდა სად იყო ნ–ი, რაზეც მეუღლემ უპასუხა, რომ ნ–ი იყო ავტომანქანაში. მ–ი მივიდა და გამოაღო ავტომანქანის უკანა მარცხენა კარი. ავტომანქანის უკანა სალონში ისხდნენ ნ–ი მ–სე, მისი დედა - ა. მ–სი, მ. მ–სი და ი. ბ–ს ორი მცირეწლოვანი შვილი. შვილიშვილის მოფერების მიზნით იგი ნაწილობრივ შევიდა ავტომანქანაში, მოეფერა ნ–ისა და დანარჩენ ბავშვებს, რასაც დაახლოებით ერთი წუთი დასჭირდა. ამ დროს შემოესმა ზ. მ–სა და ი. ბ–ს საუბარი. მან ბავშვს მოჰკიდა ხელი და გადაიყვანა ავტომანქანიდან. ავტომანქანასთან მივიდა ზ. მ–ც, რა დროსაც მანქანის უკანა მარცხენა კარი იყო ღია. მ–ი იდგა მანქანის კართან და ბავშვი ძირს ჰყავდა დასმული. ნ–ი ხელში აიყვანა ბაბუამ, მოეფერა, დასვა ძირს და წავიდა თავისი ავტომობილისკენ. როგორც მისთვისაა ცნობილი ზ–ს ა–ა და მ. მ–ებს არ დამუქრებია და ზეწოლა არ განუხორციელებია. ს. მ–ე ი. ბ–ს ავტომანქანასთან არ მისულა, წვიმდა, მხედველობა შეზღუდული იყო და ი. ბ–ს ავტომანქანაში იჯდა თუ არა ვინმე არ ჩანდა.

5.10. მოწმე ი. გ–ს გამოკითხვის ოქმით კი ირკვევა, რომ იგი პედაგოგად მუშაობს ბ–ს N.. საბავშვო ბაგა-ბაღში. 2020 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 16:40 საათზე, ბაღში შვილებისა და ნ–ი მ–ს გასაყვანად მარტო მივიდა ა. მ–ს რძალი - ი. ბ–ე. ბავშვების წაყვანიდან რამდენიმე წუთში მას ტელეფონზე დაუკავშირდა ნ–ი მ–ს ბაბუა - ზ. მ–ე და ჰკითხა გაყვანილი იყო თუ არა ბავშვი, რაზეც უპასუხა, რომ ნ–ი წაიყავანა ი. ბ–მ, რომელიც ბაღში მარტო იყო მისული. ამასთან, მოწმე შ–ა უ–ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი 2019 წლის 31 დეკემბერს, დილის საათებში, ზ–თან ერთად, თავისი ავტომანქანით გაემგზავრა თ–ში, სადაც ზ. მ–ს რძლისთვის - ა. მ–სთვის სამკერვალოს გაფართოების მიზნით უნდა შეეძინა საკერავი მანქანები. როგორც მისთვისაა ცნობილი, ზ. მ–ს შვილს - ს. მ–ს და მის მეუღლეს - ა. მ–ს ჰქონდათ კონფლიქტი და ზ–ს ცდილობდა მათ შერიგებას. გზაში ზ. მ–ს არაერთხელ დაუკავშირდა ა. მ–სი, რომელმაც ზ-ს მისცა მისამართი, თუ სად და როგორი საკერავი მანქანები უნდა შეეძინა. ზ. მ–მ შეიძინა ორი დიდი მოცულობის საკერავი მანქანა, რომლებიც დატოვეს თ–ში, რ...ს ქ. N..-ში მდებარე მის კუთვნილ ობიექტზე. რამდენიმე დღის შემდეგ კი ზ–მა წაიღო საკერავი მანქანები. საუბრისას ზ–ს ძალიან განიცდიდა მისი შვილსა და რძალს შორის კონფლიქტსა და მათ დაშორებას. იგი აპირებდა საკერავი მანქანები ეჩუქებინა რძლისთვის და შვილთან შეერიგებინა.

5.11. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ა. მ–სა და მოწმეების - მ. მ–სა და ი. ბ–ს ჩვენებებით, ასევე მოწმე მ–ი ნ–ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ 2020 წლის 25 თებერვალს ი. ბ–მის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში იმყოფებოდა ა. მ–ც. აღნიშნულ ავტომანქანას შვილიშვილის ნახვის მიზნით მიუახლოვდა ზ. მ–ე. დაცვის მხარის პოზიცია, რომ ზ. მ–მ არ იცოდა ვინ იჯადა ავტომანაქანაში და იგი არ გამოლაპარაკებია მანქანაში მყოფ ა. მ–ს არ გამორიცხავს ზ. მ–სის ბრალეულობას, ვინაიდან, N....... შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის საკრიმისი იყო მსხვერპლთან მიახლოება და აუცილებელი არ იყო მათ მოსვლოდათ შელაპარაკება.

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

5.13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე