საქმე N 330100122006646960
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №752აპ-23 25 ოქტომბერი, 2023 წელი
მ–ი ზ., №752აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა–სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ჯემალ ლომსაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. მ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2011 წლიდან ზ. მ–სი და თ. ბ–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობენ მ–ს რაიონის სოფელ წ–ში, რიგი N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. 2022 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ზ. მ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლისადმი მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენით თ. ბ–ს, სამივე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე ხელის გამოყენებით წააქცია იატაკზე და რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა ხელი თავისა და ტანის არეში. ზ. მ–ს მხრიდან მიყენებული დარტყმებისა და ქმედებების შედეგად თ. ბ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2022 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში ზ. მ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლისადმი მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენით თ. ბ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ხელი ორჯერ ძლიერად დაარტყა სახის არეში. ზ. მ–ს მხრიდან მიყენებული დარტყმებისა და ქმედებების შედეგად თ. ბ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2022 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ზ. მ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლისადმი მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენით თ. ბ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე ხელით მოქაჩა თმაზე და წააქცია იატაკზე, რის შემდეგაც ისე, რომ მარცხენა ხელი ჩაჭიდებული ჰქონდა თ. ბ–ს თმაზე, მარჯვენა ხელის მუშტი რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა თავის არეში და 8-9-ჯერ მარჯვენა ფეხი დაარტყა მარცხენა მხარსა და ბეჭზე. ზ. მ–ს მხრიდან მიყენებული დარტყმებისა და ქმედებების შედეგად თ. ბ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2022 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ზ. მ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლისადმი მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენით თ. ბ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე ხელით მოქაჩა თმაზე და წააქცია იატაკზე, რის შემდეგაც ისე, რომ მარცხენა ხელი ჩაჭიდებული ჰქონდა თ. ბ–ს თმაზე, მარჯვენა ხელის მუშტი რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა თავის არეში და 8-9 ჯერ მარჯვენა ფეხი დაარტყა მარცხენა მხარსა და ბეჭზე. ზ. მ–სის მხრიდან მიყენებული დარტყმებისა და ქმედებების შედეგად თ. ბ–ა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების პროცესში ზ. მ–ი თ. ბ–ს დაემუქრა თავით კედელზე მინარცხებითა და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც თ. ბ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას და დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ–მა ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2011 წლიდან ზ. მ–ი და თ. ბ–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდნენ მ–ს რაიონის სოფელ წ–ში, რიგი N.., ბინა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. 2022 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლის საძინებელ ოთახში, ზ. მ–მა, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლისადმი მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენით თ. ბ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე ხელით მოქაჩა თმაზე და წააქცია იატაკზე, რის შემდეგაც ისე, რომ მარცხენა ხელი ჩაჭიდებული ჰქონდა თ. ბ–ს თმაზე, მარჯვენა ხელის მუშტი რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა თავის არეში და 8-9-ჯერ მარჯვენა ფეხი დაარტყა მარცხენა მხარსა და ბეჭზე. ზ. მ–ს მხრიდან მიყენებული დარტყმებისა და ქმედებების შედეგად თ. ბ–ა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 მარტის განაჩენით ზ. მ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ჯემალ ლომსაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ. მ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. მ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენას და დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განაჩენით ზ. მ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. 2023 წლის 16 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ჯემალ ლომსაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, ზ. მ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2023 წლის 21 ივნისს მსჯავრდებულ ზ. მ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ზ. მ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ჯემალ ლომსაძის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ზ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებიდან დანაშაულის გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის ამორიცხვის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან დაზარალებულ თ. ბ–სა და მოწმე ი. მ–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ამ ნაწილში ზ. მ–ს ბრალეულობას, კერძოდ, მოწმე ნ. მ–ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2022 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, მას შემოესმა ზ. მ–ს ყვირილი და გინება. იგი მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს და სიტუაციის დაწყნარების მიზნით შევიდა მეუღლეების ოთახში და ნახა, რომ თ. ბ–ი ტიროდა და იყო ემოციურ მდგომარეობაში, ზ. მ–ი კი იდგა იქვე. იგი ფიზიკურ შეურაცხყოფას არ შესწრებია. მოწმის განმარტებით, მეუღლეებს სხვა დროსაც ჰქონიათ ოჯახური კონფლიქტი. მოწმე ს. ბ–მ კი გამოკითხვისას განმარტა, რომ 2022 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, მას თ. ბ–მამა უთხრა, რომ იგი გააბრაზა ნასვამმა მეუღლემ - ზ. მ–სმა, რის გამოც არ უნდოდა სახლში დაბრუნება. გარდა ამისა, მოწმეების ლ. ო–ს, ნ. ი–სა და ლ. ყ–ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ მათ თ. ბ–მამა უამბო, რომ 2022 წლის 17 ნოემბერს, ღამით ნასვამმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც თავს გრძნობდა ძალიან ცუდად. თ–ს სხეულზე ეტყობოდა დაზიანებები, რის გამოც გადაუღეს ფოტოები. ამასთან, მოწმე ლ. ო–მ დაადასტურა, რომ თ–ს ბეჭსა და მხარზე ჰქონდა ჩაწითლებები და თავიდან ამოგლეჯილი ჰქონდა თმა. აღნიშნული დაზიანებები მას მიაყენა მეუღლემ. საუბრისას თ–ი ტიროდა, ჰქონდა მძიმე ემოციური მდგომარეობა, იყო შეშინებული და დაზიანებების გამო სტკიოდა მთელი სხეული. მოწმე თ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმით კი დასტურდება, რომ მან 2022 წლის ზაფხულში შენიშნა, რომ თ. ბ–ი თავს გრძნობდა ცუდად, გაშეშებული ჰქონდა და ვერ ამოძრავებდა ერთ ხელს, სტკიოდა ფეხი და უჭირდა გადაადგილება. თ–ის განმარტებით, მას წინა ღამით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, რის გამოც იყო აღელვებული და თავს გრძნობდა ცუდად. მან თ–ს ურჩია მიემართა პოლიციისთვის. 2022 წლის 17 ნოემბერს, დღის საათებში, მასთან მივიდა აღელვებული და დათრგუნული თ. ბ–ი და უთხრა, რომ ღამით მასზე იძალადა მეუღლემ. თ–ს სხეულზე ეტყობოდა დაზიანებები, კერძოდ, მხარსა და ბეჭზე ჰქონდა ჩაწითლებები, ხოლო თავიდან ამოგლეჯილი ჰქონდა თმა. თ–ი იყო ძალიან შეშინებული, ტიროდა და ჰქონდა სუიციდური აზრები. კასატორი ასევე უთითებს, რომ დაზარალებულ თ. ბ–სა და მოწმე თ. ჯ–ს მობილიური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ფოტოსურათებით დასტურდება, რომ 2022 წლის 17 ნოემბერს დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. ხოლო შეტყობინებებით დასტურდება, რომ ზ. მ–ი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს დაზარალებულზე, რათა მან დახმარებისთვის არ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი დასტურდება, რომ 2022 წლის 17 ნოემბერს თ. ბ–მას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. კასატორი ასევე უთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 მაისის N132აპ-20 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ზ. მ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, ასევე ის, რომ იგი მეუღლეზე ძალადობდა ეჭვიანობის, ანუ მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენის ნიადაგზე. შესაბამისად, არ არსებობდა ზ. მ–სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.
4.2. კასატორის, მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ზ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის ნაწილში უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ზ. მ–ს ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი, რაც დაადასტურებდა რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა დაზიანებები წარმოდგენილი არ არის. ასევე არ დადგენილა რა დრო მოანდომა დაზარალებულმა ს. ბ–ს სახლამდე მისვლას, რა მანძილი გაიარა და იყო თუ არა ეზოში განათება. ამასთან, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ კონფლიქტი მოხდა დაახლოებით 04:00 საათზე, გამოკითხვის ოქმებში კი მითითებულია, რომ დაზარალებული ს. ბ–სთან მივიდა 03:00 საათზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, იმ სახლში იყო რემონტი, რის გამოც სამშენებლო მასალები განთავსებული იყო ეზოში. აღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შესაძლებელია დაზარალებულს იქ მიეღო დაზიანება. გამოძიება დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არ დაუდგენია არის თუ არა ეს ინფორმაცია რეალური, არ გამოუკითხავს მეზობლები და ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელმაც დაზარალებული დილით წ–დან თ–ში წაიყვანა და შეეძლო დაენახა აღენიშნებოდა თუ არა მას სხეულზე დაზიანებები. შეტობინებით ირკვევა, რომ 2022 წლის 17 ნოემბერს 112-ში დარეკა თ. ჯ–მა და განაცხადა, რომ პიროვნებას ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლე, რომელიც არის სამხედრო პოლიციის თანამშრომელი. ინიციატორის განმარტებით, აღნიშნულს აქვს სისტემატური ხასიათი და დაზარალებულს აღენიშნება სილურჯეები, სიწითლეები და ამოგლეჯილი აქვს თმა. ქალბატონი უარს აცხადებს პოლიციისა და სასწრაფოს დახმარებაზე და აცხადებს, რომ თვითონ მივა პოლიციაში. მოწმე თ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმით კი დასტურდება, რომ მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში და დაზარალებული თ. ბ–ი არის მისი თანამშრომელი. 2022 წლის 17 ნოემბერს, დილის საათებში მასთან მივიდა აღელვებული თ. ბ–ი, რომელმაც საპირფარეშოში აჩვენა სხეულზე არსებული დაზიანებები და უთხრა, რომ ღამით მეუღლემ - ზ. მ–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან თ–ს ურჩია მიემართა პოლიციისთვის, რაზეც თ–მა განაცხადა უარი. მან თ–ს დაზიანებებს მისივე ნებართვით გადაუღო ფოტოსურათები. ამასთან, იგი დაუკავშირდა გადაუდებელი დახმარების სამსახურს და განაცხადა მომხდარის შესახებ. კასატორის პოზიციით, შეტყობინება არ წარმოადგენს დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ვინაიდან შეიცავს მოწმე თ. ჯ–ს მიერ მიწოდებულ ირიბ ინფორმაციას ვინაიდან მოწმე თვითონ არ შესწრებია ძალადობის ან მუქარის ფაქტს. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არ ადასტურებს ზ. მ–ს ბრალეულობას. დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც აღწერილია ექსპერტიზის დადსკვნაშიც, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დადგენილი არ არის ვინ მიაყენა ან რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა დაზიანებები. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულს ზ. მ–ს მიმართ პრეტენზია არ აქვს და მომავალშიც აპირებს მასთან ოჯახური თანაცხოვრების გაგრძელებას. ზ. მ–ი ორი ათწლეულია მსახურობს ს–ს შეირაღებულ ძალებში, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში, მიღებული აქვს ჯილდოები და მონაწილეობდა 2008 წლის აგისტოს ომში, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ზ. მ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენას, ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ზ. მ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა თ. ბ–მა (მეუღლემ) და მოწმე ი. მ–მა (დამ) უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ზ. მ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ N........ შეტყობინებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 17 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში დარეკა თ. ჯ–მა და განაცხადა, რომ პიროვნებას ფიზიკურად გაუსწორდა მისი მეუღლე, რომელიც არის სამხედრო პოლიციის თანამშრომელი. ქალბატონი არის თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომელი. ინიციატორი აცხადებს, რომ აღნიშნულს აქვს სისტემატური ხასიათი. დაზარალებულს აღენიშნება სილურჯეები, სიწითლეები და თმები აქვს ამოგლეჯილი. აღნიშნული ფაქტი მოხდა წეროვანში, ახლა არის თბილისში და ვერ მიდის სახლში, არის მის სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ქალბატონი უარს აცხადებს პოლიციის და სასწრაფოს დახმარებაზე. თუმცა, აღნიშნულ შეტყობინებაში არაფერია ნათქვამი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ბრალდებებთან დაკავშირებით.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უდავო მტკიცებულებაზე, მოწმე თ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც დადგენილია, რომ იგი მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში და დაზარალებული თ. ბ–ი არის მისი თანამშრომელი. 2022 წლის 17 ნოემბერს, დილის საათებში, იგი იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მასთან მივიდა აღელვებული თ. ბ–ი და სთხოვა დალაპარაკება. ისინი შევიდნენ საპირფარეშოში, სადაც მას თ–მა აჩვენა სხეულზე არსებული დაზიანებები და უთხრა, რომ ღამის საათებში მეუღლემ ზ. მ–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან თ–ს ურჩია მიემართა პოლიციისთვის, რაზეც მისგან მიიღო უარი. მან თ–ის ნებართვით მის დაზიანებებს გადაუღო ფოტოსურათები, რის შემდეგაც მან დარეკა 112-ში და განაცხადა მომხდარის შესახებ. გარდა ამისა, მას ზაფხულში თ–მა უთხრა, რომ სტკიოდა ფეხი და ვერ ამოძრავებდა ხელს, რადგან მისი მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას. მოწმე ნ. ი–ს გამოკითხვის ოქმით კი დასტურდება, რომ მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის პოზიციაზე. დაზარალებული თ. ბ–ი არის მისი თანამშრომელი. 2022 წლის 18 ნოემბერს მას თ. ბ–მა უთხრა, რომ მისი მეუღლე დააკავეს მასზე ძალადობის გამო და აჩვენა მობილურ ტელეფონში შენახული ფოტოსურათები, სადაც ჩანდა მის სხეულზე არსებული დაზიანების კვალი. მას თ. ბ–მა 2022 წლის ზაფხულშიც უთხრა, რომ მას მეუღლე სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. მან თ–ს ურჩია, მიემართა პოლიციისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ პირთა ჩვენებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებთან მიმართებით არაინფორმაციულია, ვინაიდან ისინი ვერ უთითებენ როდის და რა ფორმით განახორციელა დაზარალებულზე მეუღლემ ძალადობა და მუქარა და გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ან განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი, თვითონ დაზარალებულმა კი სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ამასთან, სხვა მტკიცებულება რაც გაამყარებდა მათ ჩვენებებს ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება ამ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა და მოწმემ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მათ სასამართლოში არ დაადასტურეს.
5.8. რაც შეეხება მოწმე თ. ჯ–ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას 2022 წლის 17 ნოემბრის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნული გამყარებულია უდავო მტკიცებულებით, მოწმე ნ. მ–ს გამოკითხვის ოქმით, რომლითაც დგინდება, რომ 2022 წლის 17 ნოემბერს, ღამის საათებში იმყოფებოდა წეროვანში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მისი შვილი - ზ. მ–ი იყო ნასვამი. დაახლოებით 04:00 საათზე, ზ. მ–ს საძინებელი ოთახიდან შემოესმა ყვირილისა და გინების ხმა. იგი შევიდა ოთახში და ნახა, რომ ზ. მ–სა და მის მეუღლეს - თ. ბ–ს ჰქონდათ კონფლიქტი. თ–ი ტიროდა და ჰქონდა მძიმე ემოციური მდგომარეობა, ზ. მ–ი კი იდგა იქვე. თუმცა იგი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არ შესწრებია. მოწმე ს. ბ–ს გამოკითხვის ოქმით კი დასტურდება, რომ 2022 წლის 17 ნოემბერს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სოფელ წ–ში. დაახლოებით ღამის 03:00 საათზე იგი გააღვიძა მეზობლის - თ. ბ–ს ხმამ, რომელიც აკაკუნებდა ფანჯარაზე. მას აღელვებულმა თ–მა უთხრა, რომ ზ. მ–სი იყო ნასვამი, გააბრაზა, რის გამოც უნდოდა მისგან თავის გარიდება და სთხოვა მასთან სახლში დარჩენა. მას თ. ბ–ს სხეულზე დაზიანება არ შეუმჩნევია, ვინაიდან აქვს მხედველობის პრობლემა და თუ დაზიანება მკვეთრად გამოკვეთილი არ იქნებოდა ვერ შენიშნავდა. მოწმეების ლ. ო–სას და ლ. ყ-ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ 2022 წლის 17 ნოემბერს, დილის საათებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ნახეს თ. ბ–ი, რომელიც იყო მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. თ–მ აჩვენა მის სხეულზე არსებული დაზიანებები და განმარტა, რომ ღამის საათებში ნასვამმა ზ. მ–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 17 ნოემბერს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ნ. მ–სმა მიუთითა ზ. მ–სა და თ. ბ–ს საძინებელ ოთახზე და განმარტა, რომ ამ ოთახიდან 2022 წლის 17 ნოემბერს, ღამის საათებში, გაიგო ხმაური და ადგილი ჰქონდა ზ. მ–სა და თ. ბ–ს შორის ოჯახურ კონფლიქტს.
5.10. გარდა ამისა, თ. ჯ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით და გამოთხოვის ოქმზე დართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ 2022 წლის 12 დეკემბერს, გამომძიებლის მიერ, თ. ჯ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი იქნა დაზარალებულ თ. ბ–ს ფოტოსურათები. სამ ფოტოსურათზე თ. ბ–მას მხარის, ბეჭის და ზურგის არეში აღენიშნება დაზიანებები, ხოლო ორ ფოტოსურათზე თავის არეში აღენიშნება თმების ამოგლეჯის ადგილი. ე.წ. „სქრინშოთით“ კი ირკვევა, რომ აბონენტის ნომრიდან ........... გაგზავნილია შემდეგი შინაარსის შეტყობინება „პოლიციაში რა შეტყობინება გააკეთე“, „დაფიქრდი რას აკეთებ მე თუ ციხეზე წავალ შენ შვილებს არავინ შეინახავს.“
5.11. ის, რომ დაზარალებულს ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანებები დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით. რომლითაც დგინდება, რომ 2022 წლის 17 ნოემბერს პირადი შემოწმებისას მოქალაქე თ. ბ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, როგორც ცალ-ცალკე აღებული ასევე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ 17.11.2022 წელს. დასკვნის კვლევიტ ნაწილში მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით: 2022 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თმაში მოქაჩა ძლიერად, „ამოაგლიჯა თმები“, ძირს დააგდო და ურტყამდა ფეხებს და მუშტებს სხეულის სხვადასხვა მიდამოში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თ. ბ–ი უჩივის ტკივილს მთელს სხეულში. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს, 2022 წლის 17 ნოემბერს ზ. მ–ს მხრიდან მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობას და ამ ძალადობის შედეგად დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდის ფაქტს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადადსტურდა ზ. მ–ს მხირდან ამ დანაშაულის გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა, რის გამოც მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებიდან სწორად ამოერიცხა დანაშაულის გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა.
5.12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ზ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ. მ–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა–სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ჯემალ ლომსაძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე