Facebook Twitter

3კ-543-02 16 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ა.-ის, ლ. ს.-ის, შ. ჟ.-ის და ლ. ქ.-ის სარჩელი მ. ჯ.-ის, კ. და ა. ც.-ების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ. არ იქნა დაკმაყოფილებული მ. ჯ.-ის და ა. ც.-ის შეგებებული სარჩელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჯ.-მა, კ. და ა. ც.-ებმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ც.-ის სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ა.-ს სარჩელზე მოპასუხეების ბინიდან გამოსახლების შესახებ უარი ეთქვა. დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ა.-ის საკასაციო საჩივარი: გაუქმდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეები: მ. ჯ.-ი და ა. ც.-ე გამოსახლებულ იქნენ ბინიდან. მოპასუხეებს უარი ეთქვათ შეგებებულ სარჩელზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება ა.-ის რწმუნებულ მ. ფ.-ს ჩაბარდა 2002წ. 4 ოქტომბერს.

2002წ. 9 ოქტომბრის განცხადებით ლ.ა.-ი ითხოვს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას იმ საფუძვლით, რომ საკასაციო პალატის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული მოპასუხე კ. ც.-ის გამოსახელბის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა თვლის, რომ ლ. ა.-ის განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი.

სადავო ბინიდან კ. ც.-ის გამოსახლების მოთხოვნასთან დაკავშირებით მხარეების მიერ წარდგენილია მტკიცებულებები და მიცემულია სათანადო ახსნა-განმარტებები. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებს გადაწყვეტილებები გამოტანილი აქვთ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

ლ. ა.-მ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა ითხოვდა საკასაციო პალატის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან (რაც უნდა ჩაითვალოს დასაბუთებულ გადაწყვეტილების გამოცხადებად) ხუთი დღის ვადაში. კასატორს არ აქვს გაშვებული სსკ-ს 261-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული ვადა.

პალატა თვლის, რომ სარჩელი ლ. ა.-ის კუთვნილი ბინიდან კ. ც.-ის გამოსახლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად კასატორს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 261-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

დაკმაყოფილდეს კასატორ ლ. ა.-ის თხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

დაკმაყოფილდეს ლ. ა.-ის სარჩელი კ. ც.-ის ბინიდან გამოსახლების შესახებ. მოპასუხე კ. ც.-ე გამოსახლებულ იქნეს ქ. თბილისში, ... მდებარე ¹89 სამოთახიანი ბინიდან.

დამატებითი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.