Facebook Twitter

ბს-1586-1160(კს-05) 15 მარტი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – კ. ჭ-ე

თანამოპასუხეები: თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა; საბინაო-მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი

მოსარჩელე _ ლ. ჭ-ე

მესამე პირი – ნოტარიუსი შ. კ-ე

დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 17 აპრილს ლ. ჭ-მ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ კ. ჭ-ისა და ნოტარიუს შ. კ-ის მიმართ სარჩელი აღძრა და ქ. თბილისში, ... ფერდობის III მ/რ-ის I კვარტლის მე-16 კორპუსში მდებარე ¹51 ბინის პრივატიზების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოგვიანებით, ლ. ჭ-მ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და 1990 წლის 2 თებერვლის გაცვლის ორდერისა და 1993 წლის 30 ივნისის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2003 წლის 26 ივნისს კ. ჭ-მ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სადავო ბინიდან გ. ჯ-ის გამოსახლება მოითხოვა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ქ. თბილისის მერია ჩაება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; კ. ჭ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და გ ჯ-ს ქ. თბილისში, ... ფერდობზე, III მ/რ-ის I კვარტლის მე-16 კორპუსში მდებარე ¹51 ერთოთახიანი ბინის გამოთავისუფლება დაევალა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ჭ-მ და გ. ჯ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ვაკე-საბურთალოს გამგეობა ჩაება, ხოლო ნოტარიუსი შ. კ-ე _ მესამე პირად. თბილისის მერიის ნაცვლად კი, თანამოპასუხედ საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი ჩაება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ისა და გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, კ. ჭ-ის შეგებებული სარჩელი კი დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ჭ-მ და გ. ჯ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ის სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო კ. ჭ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 23 ივნისის განჩინებით ლ. ჭ-ისა და გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.

2005 წლის 11 აგვისტოს კ. ჭ-მ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი შეგებებული სარჩელი გ. ჯ-ის სადავო ბინიდან გამოსახლების თაობაზე, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო მითითებული კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც დაკმაყოფილდა, რის გამოც შეუძლებელი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.

აღნიშნულის გამო, კ. ჭ-მ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თამახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 სექტემბრის განჩინებით კ. ჭ-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: კ. ჭ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს, გ. ჯ-ე გამოსახლებულ იქნეს ქ. თბილისში, ... ფერდობის III მ/რ-ის I კვარტლის მე-16 კორპუსში მდებარე ¹51 ბინიდან.

აღნიშნულ განჩინებაზე გ. ჯ-მ კერძო საჩივარი შეიტანა იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განჩინებით დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, გადაწყვეტილების განმარტებისას სააპელაციო პალატის მიერ შეცვლილი იყო მისი შინაარსი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საოლქო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებებს და თვლის, რომ გ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 სექტემბრისა და 6 დეკემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ორივე პირობა, რის გამოც სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია 2004 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. ჭ-ის შეგებებული სარჩელი, რომლითაც იგი ქ. თბილისში, ... ფერდობის III მ/რ-ის I კვარტლის მე-16 კორპუსში მდებარე ¹51 ერთოთახიანი ბინიდან გ. ჯ-ის გამოსახლებას ითხოვდა, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 23 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა. ამასთან, სარეზოლუციო ნაწილში შეგებებული სარჩელის მოთხოვნა სრულად არ იქნა დაფიქსირებული, რაც განმარტა სააპელაციო სასამართლომ.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განჩინებით შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შეუცვლელად იქნა განმარტებული, რის გამოც საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ უსაფუძვლოა კერძო საჩივრის მოტივი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე.

ამასთან საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს, თუ გადაწყვეტილების განმარტებისას, კონკრეტულად რაში გამოიხატა მისი შინაარსის შეცვლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 სექტემბრისა და 6 დეკემბრის განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.