Facebook Twitter

¹ 3კ-544-03 17 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1997წ. 21 თებერვალს დადებული ხელშეკრულებით ა. გ.-მ კ. გ.-ისაგან ისესხა 4000 ლარი. მოვალეს კრედიტორისათვის ვალი იმავე წლის 1 აპრილამდე უნდა დაებრუნებინა. კ. გ.-ის სარჩელის საფუძველზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. გ.-ს კ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1750 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით აუქციონზე იძულებით გასაყიდად მიექცა ა. გ.-ის საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა.

2002წ. 3 ივნისს ა. გ.-მ სარჩელი აღძრა კ. გ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 1997წ. 21 თებერვლის სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოება: მხარეები ერთმენათთან საქმიან ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. 4000 ლარის ოდენობით დავალიანების გამო, ა. გ.-მ კ. გ.-ს წერილობით გაუფორმა სესხის ხელშეკრულება. კრედიტორს ფული მსესხებლისათვის არ გადაუცია, რის გამოც სკ-ს 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგება ბათილად მიაჩნია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 1997წ. 21 თებერვლის სესხის ხელშეკრულება. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 56-ე, 130-ე, 623-ე მუხლებზე. სასამართლომ დაადგინა, რომ კრედიტორს მოვალისთვის თანხა არ გადაუხდია. ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებად მიიჩნია. რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენას სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი 2000წ. 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან დაიწყო.

კ. გ.-ემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტს მიაჩნდა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 130-ე მუხლი და სარჩელი უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღიარებითი სარჩელის განხილვისას რაიონულმა სასამართლომ, მართალია, ბათილად ცნო გარიგება, მაგრამ არ დაადგინა რა იურიდიული ინტერესი ჰქონდა მოსარჩელეს. პალატამ ასევე მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს, თუ რა საქმეები (დავები) იხილება სასამართლოში გ.-სა და გ.-ს შორის და იმსჯელოს ამ საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანების თაობაზე.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ.-მ. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 182-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რადგან მხარეებს არ მოუთხოვიათ საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანება. სასამართლომ არ განიხილა სააპელაციო საჩივრის საფუძვლები და იმსჯელა ისეთ საკითხებზე, რაც აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. ამასთან, ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უნად შეემოწმებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მართალია, სასამართლო განჩინების აღწერილობით ნაწილში მიუთითებს სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე, მაგრამ სამოტივაციო ნაწილში არაფერია ნათქვამი სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თუ არა საჩივრის საფუძვლები. უფრო მეტიც, სასამართლომ იმსჯელა ისეთ გარემოებებზე, რასაც მხარეები არ მოითხოვდნენ, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ს 182-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა დაადგინოს თუ რა საქმეები იხილება სასამართლოში ა. გ.-სა და კ. გ.-ს შორის და იმსჯელოს ამ საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანების მიზანშეწონილობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია რამოდენიმე სამოქალაქო საქმე გააერთიანოს ერთ წარმოებად, თუ ამის თაობაზე მხარის შუამდგომლობაა. მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს სასამართლოს ინიციატივით საქმის ერთ წარმოებად გაერთიანების შესაძლებლობას. ვინაიდან, აღნიშნული საკითხი არ იყო სააპელაციო საჩივრის საფუძველი მასზე სასამართლოს თავისი ინიციატივით არ უნდა ემსჯელა.

სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ერთადერთ საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ სარჩელი აღიარებითია და სასამართლომ არ დაადგინა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, აღიარებითი სარჩელის განხილვისას მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, ხოლო სასამართლომ დაადგინოს, თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნია მხარეს იმისა, რომ აღიარება მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ საქმის გონივრულ ვადაში განხილვის პრინციპიდან გამომდინარე, სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს ამ საკითხზე თვითონ უნდა ემსჯელა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასამართლომ სრულყოფილად არ განიხილა სააპელაციო საჩივრის საფუძვლები და აქედან გამომდინარე განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა განიხილოს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები და ისე მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. გ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილსის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.