¹3კ-546-03 11 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ო-მა 2002წ. 16 სექტემბერს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ მის მეუღლეს ა. ო-ს, დაბადებულს 19..... წელს, 1949წ. 25 ნოემბერს სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილებით სსკ-ს 82-ე მუხლის საფუძველზე 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განმცხადებელმა მოითხოვა მეუღლის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მის მემკვიდრედ ცნობა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინებითY ასევე არ დაკმაყოფილდა მ. ო-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სსრკ-ს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1945წ. 18 აგვისტოს ¹9871 დადგენილების საფუძველზე დიდი სამამულო ომის წლებში, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ გერმანიის არმიის “ქართულ ნაციონალურ ლეგიონში” სამსახურის გამო ა. ო-ი 1946 წლიდან გადაყვანილ იქნა ექვსი წლით სპეცგადასახლებაში პერმის ოლქში, საიდანაც 1949 წელს გაიქცა, რისთვისაც სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილებით სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. იგი პატიმრობიდან განთავისუფლდა 1953წ. 23 მაისს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ა. ო-ი არ იყო მსჯავრდებული ისეთი დანაშაულისათვის, რომელსაც კანონით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება ეკუთვნის.
2003წ. 5 მარტს მ. ო-მა საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი განცხადების დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ბოლო წინადადების შესაბამისად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულებითი ფორმები.
ამავე კანონის მე-4 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება “ГПУ-ს”, “СГПУ-ს”, “ВЧК-ს”, “УНКВД-НКВД”-ს, “МГБ-ს”, “КГБ-ს”, “МВД-ს”, საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავდებული პირი, აგრეთვე, კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი. ამავე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება შრომა-გასწორების, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილიდან გაქცევა, თუ პირი იქ იმყოფებოდა პოლიტიკური რეპრესიის გამო.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ცნობით დადგენილია, რომ ა. ო-ი სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1945წ. 18 აგვისტოს ¹9871 დადგენილების საფუძველზე დიდი სამამულო ომის წლებში, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, გერმანიის არმიის “ქართულ ნაციონალურ ლეგიონში” სამსახურის გამო 6 წლით გადაყვანილ იქნა სპეცგადასახლებულის მდგომარეობაში პერმის ოლქში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ო-ი სპეცგადასახლებაში იქნა გაშვებული კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად, ვინაიდან დიდი სამამულო ომის წლებში ტყვედ ჩავარდნის შემდეგ გერმანიის არმიის “ქართულ ნაციონალურ ლეგიონში” სამსახური არ წარმოადგენს კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაყენებას, იგი ზოგადი ბრალდებაა, რაც გათვალისწინებული არ იყო სისხლის სამართლის კოდექსით. აქედან გამომდინარე, კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების შესაბამისად, რადგან ა. ო-ი სსრკ-ის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილებით გაიგზავნა სპეცგადასახლებაში, ითვლება, რომ მასზე განხორციელდა პოლიტიკური რეპრესია.
ამავე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად პირი, რომლის მსჯავრდება მოახდინა შსს-მ გადასახლების ადგილიდან გაქცევის გამო, თუ პირი იქ იმყოფებოდა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად, ითვლება პოლიტიკურ რეპრესიის მსხვერპლად.
მოცემულ შემთხვევაში ა. ო-ის მიერ სპეცგადასახლებიდან გაქცევა, სადაც იგი იმყოფებოდა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და ამ გაქცევისათვის სსრკ შსს-ს 1949წ. 25 ნოემბრის დადგენილებით 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის მისჯა, კანონის ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე, პოლიტიკური რეპრესიაა და ა. ო-ი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად უნდა ჩაითვალოს.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მემკვიდრედ ცნობის შესახებ, ვერ დაკმაყოფილდება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “თ” პუნქტების თანახმად სასამართლო უდავო წარმოების წესით ადგენს ფაქტებს პირთა ნათესაური კავშირის, ასევე მემკვიდრეობის მიღების და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის ფაქტების დადგენის შესახებ და არა, ფაქტებს მემკვიდრედ ცნობის შესახებ, მაგრამ მემკვიდრედ ცნობის საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად განმცხადებლის მოთხოვნისა, არც პირველი ინსტანციის სასამართლოს და არც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არ მიუღია გადაწყვეტილება. ამ მიმართებით ქვემდგომ სასამართლოებს საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ გამოუკვლევიათ, ამიტომ ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე, 412-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
მ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
მ. ო-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
აწ გარდაცვლილი ა. ო-ი, დაბადებული 1911 წელს ცნობილ იქნეს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
მ. ო-ის განცხადება მემკვიდრედ ცნობის ნაწილში შემდგომი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.