საქმე N 330100122006123161
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №576აპ-23 3 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ-ე ვ., №576აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ქ–ე (პირადი ნომერი: ................) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.თ–ში, .......სი N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. ქ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ქ. ქ–ს, კერძოდ, ემუქრებოდა, რომ ცემით ამოხდიდა სულს და გამოჭრიდა ყელს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ქ. ქ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძველიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ვ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 1245 საათით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ. ქ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი.
ვ. ქ–ეე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
3.3. 2023 წლის 10 მაისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალიკა დვალაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ვ. ქ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ვ. ქ–ს ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო დაზარალებულის მიერ 112-ში გაკეთებული შეტყობინების აუდიო ჩანაწერები, რომლითაც დგინდება, რომ 112-ს დაუკავშირდა ქ. ქ–ე და განაცხადა, რომ მისი შვილი - ვ. ქ–ე დანით დასდევდა მოსაკლავად. ამჟამად იმყოფებოდა ქუჩაში და ემალებოდა შვილს. გამომძიებელმა დ. ყ–მა კი განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ქ. ქ–ე ნახეს ქუჩაში, კერძოდ, იგი ნაგვის ურნების უკან ემალებოდა შვილს - ვ. ქ–ს. დაზარალებული იყო მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში, აღელვებული და შეშინებული, რის გამოც გაიქცა სახლიდან და ალკოჰოლით მთვრალ შვილს, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით ემალებოდა ნაგვის ურნების უკან. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს, რომ დაზარალებულმა შვილის მუქარა აღიქვა რეალურად და შეეშინდა მისი განხორციელების.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. ქ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ. ქ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ქ. ქ–მ (დედამ) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ვ. ქ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე დ. ყ–ს ჩვენებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ სსიპ 112-ში დარეკა მოქალაქე ქ. ქ–მ, რომელიც იყო შეშინებული, აღელვებული და ამბობდა, რომ მას მოკვლით დაემუქრა შვილი. ამის შემდეგ, მან გამოკითხა დაზარალებული, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია და გამოკითხვის ოქმის სისწორე დაადასტურა ხელმოწერით. დაზარალებული გამოკითხვისას იყო აღელვებული და შეშინებული. მანვე, 112-დან გამოითხოვა ქ. ქ–ს შეტყობინების აუდიოჩანაწერი, რომელიც თანხვედრილია დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან, თუმცა ეს ჩანაწერი დაზარალებულის თანდასწრებით არ დაუთვალიერებიათ. მართალია, მოწმემ დაადასტურა, რომ გამოკითხვისას ქ. ქ–ე იყო აღელვებული და შეშინებული, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მან დაზარალებული გამოკითხა შესაძლო მუქარის ფაქტიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოწმის ჩვენებით არ დგინდება სად და რა ვითარებაში ნახეს ადგილზე გასულმა პოლიციის თანამშრომლებმა ქ. ქ–ე და თავდაპირველად რა განუმარტა მან სამართალდამცავებს.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს უდავო მტკიცებულებაზე დაზარალებულის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის აუდიოჩანაწერზე, რომელშიც დაფიქსირებულია 02:14 საათზე ოპერატორსა და ინიციატორ ქ. ქ–ს დიალოგი, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. ქ–ს შვილი - ვ. ქ–ე ემუქრება მოკვლით, რის გამოც ქალბატონი გამოქცეულია სახლიდან და შვილს ემალება ქუჩაში, ლ-კენ მიმავალ გზაზე, პირველივე „.........თან“, ნაგვის ურნასთან. ანალოგიური დასტურდება, უდავო მტკიცებულებით 2022 წლის 20 ივლისს 02:14:10 საათზე 112-ში შესული N......... შეტყობინებით. მართალია, აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ. ქ–სის განმარტებით, იგი შვილს ემალება ქუჩაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ქ. ქ–ე ნამდვილად გაქცეული იყო სახლიდან და ქუჩაში განთავსებულ ნაგვის ურნასთან ემალებოდა შვილს წარმოდგენილი არ არის. მათ შორის არ დაკითხულან ის მოწმეები, რომლებიც შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ მითითებულ ადგილზე და ნახეს ქ. ქ–ე. აღნიშნულ მოწმეებს შეეძლოთ დაედასტურებინათ ნამდვილად შეშინებული იყო თუ არა დაზარალებული და მუქარის განხორციელების შიშის გამო ემალებოდა თუ არა შვილს. სხვა პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ 112-ის აუდიოჩანაწერით უტყუარად იმის მტკიცება, რომ ინიციატორი ნამდვილად ქ. ქ–ე იყო, მითუფრო, რომ ზემოაღნიშნული ჩანაწერი დათვალიერდა მისი მონაწილეობის გარეშე, ასევე, მხოლოდ ხმის ინტონაციით იმის დადგენა, რომ დაზარალებული იმყოფებოდა მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში, მოკლებულია საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ვ. ქ–ე ქ. ქ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში წარმოდგენილი არ არის, თვითონ დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ვ. ქ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.9. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე