გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-550-03 20 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: საჯარო ვაჭრობის აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ქ. და გ. ზ-ებმა. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ქუთაისის სასამართლოს 1996წ. 17 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც მათ დაევალათ თანხის გადახდა. გამოტანილი განჩინების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე აღმასრულებლის მიერ თითქოსდა ჩატარდა საჯარო ვაჭრობა, სადაც გაიყიდა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელეთა განცხადებით საჯარო ვაჭრობისას უხეშად დაირღვა იმჟამად მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავდა გადაწყვეტილების აღსრულების წესებს. აღნიშნულის გამო მოსარჩელეებმა მოითხოვეს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი 1998 წელს ჩატარებული საჯარო ვაჭრობა და დაევალოთ მოპასუხეებს ნივთების დაბრუნება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი სასარჩელო ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე და მე-80 მუხლების თანახმად სარჩელი ხანდაზმულია. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. ისინი მიუთითებდნენ, რომ 1998წ. 1 ოქტომბერს მათ უკვე შეტანილი ჰქონდათ სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც რეგისტრირებულია ¹2625-ით, რის შედეგადაც მათ ფაქტობრივად თავიდან დაეწყოთ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. და გ. ზ-ეების სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 1996წ. 27 აგვისტოს საჯარო ვაჭრობის აქტი და ქ. ქუთაისის ¹1 სახელმწიფო სანოტარო კანტორის 1996წ. 10 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული საჯარო ვაჭრობის აქტი ბათილად იქნა ცნობილი.
პალატა მიუთითებს, დადგენილია, რომ 2001წ. 24 აგვისტოს ქ. და გ. ზ-ეებმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. სასარჩელო განცხადების რეგისტრაციის ჟურნალის დათვალიერებით დგინდება, რომ 1998წ. 1 ოქტომბერს იგივე მხარეებს შორის, იგივე შინაარსის სარჩელი შეტანილი და გატარებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს სასარჩელო განცხადებების რეგისტრაციის ჟურნალში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არქივარიუსის მიერ ქუთაისის საოლქო სასამართლოში 1998წ. 1 ოქტომბრის სასარჩელო განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა სასარჩელო განცხადების დანართი, ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს 1998წ. 6 ოქტომბრით დათარიღებული განჩინება “სასარჩელო განცხადების უმოძრაოდ დატოვების შესახებ”. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 6 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი განმარტავს _ ქ. და გ. ზ-ეების სასარჩელო განცხადება დატოვებულ იქნეს უმოძრაოდ და მიეცეს მოსარჩელე ქ. ზ-ეს 7 დღის ვადა მითითებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება შეტანილად ჩაითვლება და დაუბრუნდება მოსარჩელეს. საქმეში არსებულ 1998წ. 6 ოქტომბრის განჩინების მოსარჩელეებისათვის გაგზავნის მიმართვას სასამართლო კოლეგია ვერ მიიჩნევს მხარისათვის განჩინების გაგზავნის დამადასტურებლად, ვინაიდან მასზე არ არის სათანადო რეკვიზიტები, კერძოდ ფოსტის შტამპი, სასამართლო კურიერის მიერ კორესპონდენციის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი აღნიშვნა. საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოსარჩელეებისათვის ხარვეზის გამოსწორების შესახებ განჩინების ჩაბარების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დადასტურებულად თვლის, რომ აღნიშნული განჩინება მოსარჩელეებს საერთოდ არ გაგზავნიათ. აღნიშნულის გამო, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქციით) 83-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა შეწყდა სასარჩელო განცხადების შეტანით 1998წ. 1 ოქტომბერს. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, შეწყვეტის შემდეგ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა ხელახლა დაიწყება. შეწყვეტამდე გასული დრო ახალ ვადაში არ ჩაითვლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხანდაზმულობის ახალი ვადა უნდა აითვალოს 2001წ. 24 აგვისტოდან, როდესაც შეტანილ იქნა მეორე სარჩელი მოსარჩელეების მიერ. პალატას მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 1996წ. 27 აგვისტოს შედგენილი საჯარო ვაჭრობის აქტი და ამ აქტის საფუძველზე 1996წ. 10 სექტემბერს ნოტარიალურად დამოწმებული საჯარო ვაჭრობის აქტი, ვინაიდან აღმასრულებლის მიერ დარღვეულია საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსისა და იუსტიციის სამინისტროს 1985წ. 15 ნოემბრის ¹22 ინსტრუქციის მოთხოვნები. რაც შეეხება მოსარჩელეების მოთხოვნას მათი კუთვნილი ბინიდან, როგორც ისინი თვლიან, დატაცებული ნივთების ან მათი ღირებულების 4310 აშშ დოლარის დაბრუნების საკითხს, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ აპელანტმა მოქმედი სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოებების დამტკიცება, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას.
მ. კ-ემ, ა. ა-მა, ნ. გ-ემ და ს. ჯ-ემ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით.
სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ დაწესებულებიდან გაგზავნილ წერილზე საფოსტო შტამპის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს წერილი ადრესატს არ მიუღია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 1998წ. ოქტომბრიდან 2001წ. აგვისტომდე საკმაო დრო გავიდა საიმისოდ, რომ შეტანილი სარჩელის ბედით დაინტერესებულიყო მოსარჩელე და გაერკვია, რატომ არ იხილებოდა სარჩელი. მან ეს არ გააკეთა იმიტომ, რომ იცოდა შედეგის შესახებ. სრულიად გაუგებარია, რას ემყარება სასამართლოს დასკვნა ახალი ვადის 2001წ. 24 აგვისტოდან ათვლის შესახებ. სასამართლოს არანაირი საფუძველი არ გააჩნდა ევარაუდა იმის შესახებ, რომ 1998წ. 6 ოქტომბრის განჩინების არსებობა 2001წ. აგვისტოში შეიტყო აპელანტმა, რადგან ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენელი მასალებით დასტურდება, რომ ხელმოწერები ამ ინფორმაციის მიღების შესახებ გაკეთებულია 2002წ. ბოლოს.
ხანდაზმულობის საკითხის განხილვისას სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა, რომ I ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ზ-ეები საერთოდ არ მიუთითებდნენ 1998წ. ოქტომბერში სარჩელის შეტანის შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სსრ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლი, რომლითაც სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შემთხვევაში სარჩელი ითვლება მიუღებლად. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ ამჟამად განსახილველი სარჩელი სასამართლოში შეიტანეს ქ. და გ. ზ-ეებმა, ხოლო 1998წ. სარჩელის მიხედვით მოსარჩელე იყო ქ. ზ-ე. რა საფუძვლით არა აქვს ასეთ შემთხვევაში გ. ზ-ეს გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, სასამართლოს არ დაუსაბუთებია. ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნიათ კასატორებს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც საფუძვლად დაედო საჯარო ვაჭრობის შედეგების ბათლად ცნობას.
კასატორი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით, ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმას.
უზენაეს სასამართლოში შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა. მათ მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ მათი სარჩელი არასწორად არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომლითაც მოითხოვდნენ დატაცებული მოძრავი ნივთების დაბრუნებას ან მათი ღირებულების ანაზღაურებას 4310 აშშ დოლარის ოდენობით. მოძრავი ნივთების დატაცება აღიარებული იყო მოპასუხეთა მიერ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 131-ე მუხლი. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1964წ. 26 დეკემბრის სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, საჯარო ვაჭრობა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი ვაჭრობის დღიდან სამი წლის განმავლობაში.
დადგენილია, რომ საჯარო ვაჭრობა ჩატარდა 1996წ. 27 აგვისტოს და აქტი ნოტარიუსის მიერ დამოწმდა 1996წ. 10 სექტემბერს.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავის უფლების დარღვევა.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 83-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება დადგენილი წესით სარჩელის აღძვრით. შეწყვეტის შემდეგ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა ხელახლა დაიწყება. შეწყვეტამდე გასული დრო ახალ ვადაში არ ჩაითვლება. თუ სარჩელი სასამართლოს მიერ განუხილველად არის დატოვებული მაშინ სარჩელის აღძვრამდე დაწყებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გრძელდება საერთო წესით. იმავე კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. დადგენილი წესით სარჩელის აღძვრა გულისხმობს იმგვარი ხარვეზის არარსებობას, რომლის დროსაც სასამართლოს მიერ სარჩელი არ მიიღება წარმოებაში, ან სასამართლოს მიერ რჩება განუხილველი.
დადგენილი წესით სარჩელის აღძვრა გულისხმობს იმგვარი ხარვეზის არარსებობას, რომლის დროსაც სასამართლოს მიერ სარჩელი არ მიიღება წარმოებაში, ან სასამართლოს მიერ რჩება განუხილველი.
ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. თუ მხარეთა შეთანხმების შედეგად ან შემდგომში გაგრძელების შეუძლებლობის გამო პროცესი შეწყდა, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება მხარეთა ან სასამართლოს ბოლო საპროცესო მოქმედების დამთავრებასთან ერთად.
სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული.
პალატა ვერ გაიზარებს მოსარჩელის პოზიციას, რომელსაც დაეთანხმა სააპელაციო სასამართლო, რომ 1998წ. 6 ოქტომბრის განჩინების შესახებ მათთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2001წ. აგვისტოს თვეში, რის გამოც იძულებულნი გახდნენ 2001წ. 24 აგვისტოს შეეტანათ მეორე სარჩელი.
იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო საქმეების მომზადების ვადა იყო 10 დღე, ხოლო განხილვისა-1 თვე.
თუ მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მისი სარჩელი განსახილველად იყო მიღებული, ამ შემთხვევაში დაუსაბუთებელია მისი მოქმედება, რომ 1998 წლიდან 2001 წლამდე ერთხელაც არ მიმართა სასამართლოს მისი სარჩელის ბედის გასარკვევად, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის განხილვის ერთთვიანი ვადის შესახებ. ამასთან, მან ისე შეიტანა ახალი სარჩელი და ისე დასრულდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა, რომ საერთოდ არ მიუთითა ძველი სარჩელის არსებობა. საპროცესო მოქმედება, რომელიც სასამართლომ 1998წ. სარჩელთან დაკავშირებით შეასრულა არის 1998წ. 6 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს ეძლევა ვადა ხარვეზის შესავსებად, აგრეთვე მითითებულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება შეუტანელად ჩაითვლება. აღნიშნული განჩინების შემდეგ არც სასამართლოს და არც მოსარჩელეს რაიმე საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებიათ, რაც ნიშნავს, რომ სარჩელი განსახილველადაც კი არ არის მიღებული. ასეთ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 83-ე მუხლი. თუ სარჩელი სასამართლოს მიერ განუხილველად არის დატოვებული მაშინ სარჩელის აღძვრამდე დაწყებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გრძელდება საერთო წესით.
საკასაციო პალატამ საქმის განხილვისას მხარეებს შესთავაზა მორიგება, იმ პირობით, რომ თუ მოსარჩელეები გადაიხდიდნენ ვალს, მათ დაუბრუნდებოდათ სახლი. ამგვარი პირობის შესრულებაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა თანხმობა არ განაცხადა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
მ. კ-ის, ა. ა-ის, ნ. გ-ის, ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქ. და გ. ზ-ეების შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ქ. და გ. ზ-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
კასატორები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.