¹ 3კ-551-03 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: საერთო საკუთრების სახლის ნატურით გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისში, ... მდებარე სახლი თანაბარ წილად ირიცხება ე. შ.-ისა და გ. შ.-ის სახელზე. ე. შ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საერთო საკუთრების სახლიდან და ეზოდან ½1/2 ნაწილის ნატურით გამოყოფა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით ე. შ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ე. შ.-ს სადავო სახლიდან გამოეყო 21, 60 კვ.მ, და 19,01 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახები, ასევე 6,02 კვ.მ და 6,72 კვ.მ.-ის დამხმარე ოთახები. გ. შ.-ს იზოლირებულად გამოეყო საცხოვრებელი ოთახები ფართით 20,74 კვ.მ და 38,06 კვ.მ. და დამხმარე ოთახი 16,16კვ.მ. მოპასუხეს შესასვლელი უნდა მოეწყო 16 კვ.მ-ის ოთახიდან. გ. შ.-ს ასევე დაეკისრა ე. შ.-ის სასარგებლოდ 583 აშშ დოლარის გადახდა. ეზოს გაყოფის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ორივე მხარემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საერთო სარგებლობის ეზოს გაყოფა ორ თანაბარ ნაწილად ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ გაყოფის შედეგად თანაბრად არ იქნება დაცული ორივე მოდავე მხარის ინტერესები, რადგან დასკვნის თანახმად, სახლი იდეალური წილის შესაბამისად შეიძლება იმგვარად გაიყოს, რომ მოსარჩელე ე. შ.-ს გამოეყოს მის კუთვნილ ფართზე 5,75 კვ.მ-ით ნაკლები, რის გამოც გ. შ.-ს ე. შ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზედმეტი ფართის საკომპენსაციოდ 583 აშშ დოლარის გადახდა.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ე. შ.-ებმა. გ. შ.-ე საკასაციო საჩივრით მოითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რაც ეხება 5,75 კვ.მ ფართს. ე. შ.-ე კი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით საერთო სარგებლობის ეზოს ნახევრის იზოლირებულად გამოყოფას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 24 ოქტომბრის განჩინებით გ. შ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ე. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
საკასაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეყრდნობოდა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას და არ იყო მითითებული განჩინებაში სკ-ს რომელი ნორმის საფუძველზე დაეკისრა გიორგი შ.-ს კუთვნილ ფართზე მეტის მიკუთვნებისათვის ფულადი კომპენსაცია. საკასაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ იყო მსჯელობა სკ-ს 963-ე მუხლზე.
საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. შ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ე. შ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე გ. შ.-ისათვის ე. შ.-ის სასარგებლოდ 585,6 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების და ეზოს საერთო სარგებლობაში დატოვების ნაწილში. დაკმაყოფილდა ელენე შ.-ის სარჩელი ქუთაისში ... მდებარე ეზოდან 1/2 წილის რეალურად გამოყოფის ნაწილში. მოსარჩელეს იზოლირებულად გამოეყო ეზოს მთლიანი ფართიდან 297,32 კვ.მ. მოპასუხე გ. შ.-ეს ეზოს მთლიანი ფართიდან გამოეყო 297,33 კვ.მ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით. გ. შ.-ის 1-5 საცხოვრებელი ოთახის ფანჯარა გადაკეთდა კარად. ოთახში შესასვლელი მოეწყო 3,2 კვ.მ ფართის კიბით, ხოლო არსებული კარი 1-5 და ¹6 ოთახებს შორის ამოიქოლა. რეკონტრუქციის ხარჯები მხარეებს თანაბრად დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. შ.-მ, რომლითაც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, ასევე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინების გაუქმებას, საქმის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლოს არასწორად უთხრა უარი საქმის წარმოებით შეჩერებაზე, რადგან მას შეტანილი აქვს სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში საზიარო საგნის შენახვაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ; აღნიშნული სარჩელის განხილვამდე მოცემული საქმის განხილვა უნდა შეჩერებულიყო. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორის აზრით, უზენაეს სასამართლოს განჩინებაში პირდაპირ იყო მითითებული, რომ თუ საზიარო საგანი თავის სამეურნეო დანიშნულებას დაკარგავს, არ უნდა გაიყოს. ამ შემთხვევაში უძრავი ნივთი გაყოფის დროს თავის სამეურნეო დანიშნულებას კარგავდა. სასამართლომ გაყო იმგვარად, რომ სახლის შესასვლელი კარი არ რჩება, რის გამოც იძულებულია გაჭრას კარი და იაროს საძინებლიდან. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა მხოლოდ ექსპერტიზის ის დასკვნა, რომელიც ზღუდავს მის უფლებებს და არ გამოიყენა ექსპერტიზის მეორე დასკვნა, რომელიც საქმეშია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავალა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრის 2002წ. 5 სექტემბრის დასკვნის შესაბამისად დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ეზოს ნაკვეთი შეიძლება ორ თანაბარ ნაწილად გაიყოს, ხოლო საცხოვრებელი და დამხმარე ფართის გაყოფისას ერთ-ერთ მხარეს შეხვდება კუთვნილ ფართზე 5,75 კვ.მ-ით ნაკლები. როგორც გასაჩივრებული განჩინებიდან ჩანს მოსარჩელე ელენე შ.-ე თანახმაა აღნიშნული ფართი დაუთმოს მოპასუხე გ. შ.-ეს და ასევე გადაიხადოს მოპასუხის მხრიდან სახლის შესასვლელის მოწყობისას რეკონსტრუქციით გათვალისწინებული ხარჯების ნახევარი. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საცხოვრებელი და დამხმარე ფართის ნატურით გაყოფისას მოპასუხის კუთვნილი წილის ღირებულება სკ-ს 963-ე მუხლის გათვალისწინებით კი არ შემცირდება, არამედ მოსარჩელის კუთვნილი ფართის ხარჯზე გაიზრდება 5,75 კვ.მ-ის ფართით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახლისა და ეზოს ნატურით გაყოფით მისი უფლებები შეილახა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გ. შ.-ე – წინააღმდეგია საზიარო საცხოვრებელი სახლისა და ეზოს გაყოფის ნებისმიერი შეთავაზებული ვარიანტის მიღებაზე.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილი მისი სარჩელის განხილვამდე. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 279-ე მუხლის თნახმად, სწორად უთხრა უარი საქმის წარმოების შეჩერებაზე, რადგან აღნიშნული მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საქმის წარმოების შეჩერებას სხვა საქმის გადაწყვეტამდე, თუ მოცემული საქმის განხილვა შეუძლებელია. განსახილველი დავის გადაწყვეტამდე. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში გ. შ.-ს შეტანილი აქვს სარჩელი საზიარო საგნის შენახვაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული დავის გადაწყვეტამ არავითარი გავლენა არ შეიძლება იქონიოს მოცემული საქმის გადაწყვეტაზე.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. შ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.