გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-552-03 25 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: დავალიანების გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 16 აპრილს შპს “ა-ის” ქუთაისის ფილიალმა გ. ბ-ის წინააღმდეგ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ მოპასუხეს გააჩნია ტელეფონის მომსახურების ღირებულების 1374,97 ლარის დავალიანება და გადახდის ბრძანებით მოითხოვა მითითებული თანხის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 აპრილის გადახდის ბრძანებით მოპასუხეს დაეკისრა 1374,97 ლარის გადახდა.
2002წ. 10 მაისს მოპასუხემ შესაგებლით მიმართა სასამართლოს, რომელმაც მიუთითა, რომ მას თანხა არასწორად აქვს გადასახდელად დაკისრებული და მოითხოვა დავის სასარჩელო წარმოების საერთო ფორმით განხილვა.
საქალაქო სასამართლოს 2002წ. 10 მაისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 აპრილის გადახდის ბრძანება და საქმის განხილვა დაინიშნა სასარჩელო წარმოების საერთო წესით.
მოპასუხე გ. ბ-ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, ხოლო მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ “ა-ის” ქუთაისის ფილიალის ადმინისტრაციამ ისე გადაიყვანა აბონენტი ძველი სატელეფონო ქსელიდან ახალ სატელეფონო ქსელში, რომ აბონენტს ამის შესახებ არ შეთანხმებია. ხელშეკრულებას აბონენტი და არც მისი წარმომადგენელი ხელს არ აწერს. ძველი სატელეფონო ქსელით მომსახურება (ვინაიდან აბონენტი სარგებლობს კანონით დადგენილი შეღავათებით) უფასოა და ცხადია, აბონენტი თავისი ინიციატივით არ გადავიდოდა ა-ის ფასიან მომსახურებაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 1144 ლარის გადახდა.
მოპასუხე გ.ბ-ემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანა სააპელაციო საჩივარი, ამასთან სააპელაციო სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი სააბონენტო მომსახურების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე იმ მოტივით, რომ ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა არ არის და ამ ხელშეკრულებაში შეტანილი რეკვიზიტები არ შეესაბამება მისი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 1997წ. 20 დეკემბერს შპს “ა-ის” ქუთაისის ფილიალსა და გ.ბ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გ.ბ-ის ტელეფონი გადაყვანილი იქნა ახალ სატელეფონო ქსელში და აბონენტს მიენიჭა ¹7-91-56.
ხელშეკრულება პირადად ნ.ბ-ესთან გაფორმდა და დავალიანება 1144 ლარი წარმოშობილია 1998წ. 3 იანვრიდან 25 თებერვლამდე. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მითითებული ტელეფონიდან საუბრებს ახორციელებდა გ.ბ-ის შვილიშვილი ე. ა-ე.
სააპელაციო სასამართლოს გ.ბ-ის შეგებებული სარჩელი არ განუხილავს.
2003წ. 26 თებერვალს მოპასუხემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ განჩინება დაუსაბუთებელია, მას შპს “ა-ის” ქუთაისის ფილიალისათვის არ უთხოვია თავისი ტელეფონის “ა-ზე” გადართვა. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება ყალბია, რადგან მასზე არ არის გ.ბ-ის ხელმოწერა და პასპორტის რეკვიზიტები არასწორადაა შეტანილი.
მას არასწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს ხელშეკრულება გააფორმა გ.ბ-ის სახელით შვილიშვილმა, თუნდაც ეს ასე ყოფილიყო მოსარჩელეს მაინც არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა დავალიანების ანაზღაურება, ვინაიდან მას ხელშეკრულების დადების თაობაზე უფლება არ მიუცია შვილიშვილისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ დავალიანება წარმოშობილია 1998წ. 3 იანვრიდან 25 თებერვლამდე.
სკ-ს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, სამი წელია.
ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
მოცემულ შემთხვევაში თუ კი სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, დავალიანება წარმოშობილია 1998წ. 3 იანვრიდან 25 თებერვლამდე. ასეთ შემთხვევაში ამ თანხის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშობოდა 1998წ. მარტიდან, ვინაიდან სააბონენტო დავალიანების გადახდა წარმოებს ყოველთვიურად. 2001წ. მარტის შემდეგ მოპასუხეს სკ-ს 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უფლება ჰქონდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უარი ეთქვა მოქმედების შესრულებაზე.
ვინაიდან მოსარჩელემ ზემოთმითითებული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარჩელი შეიტანა 2002წ. 16 აპრილს, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია მოთხოვნა ვალდებულების შესრულების თაობაზე ხომ არ იყო ხანდაზმული.
მოპასუხეს ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ მოუთხოვია არც პირველ და არც მეორე ინსტანციის სასამართლოში, რაც თავისთავად უფლებას ართმევდა მითითებულ სასამართლოებს გამოეყენებინათ სკ-ს 129-ე მუხლი, მაგრამ, როცა მოპასუხე უარს აცხადებდა დავალიანების გადახდაზე სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გაერკვია მოპასუხეს ხომ არ სურდა სარჩელზე უარის თქმა განხორციელებულიყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით.
სსკ-ს 128-ე მუხლის შესაბამისად, მოსამართლეს უფლება აქვს შეკითხვები მისცეს მხარეებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენას და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამოკლვევას.
ამავე კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიური სასამართლოს თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათივს მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამოკვლევას.
ზემოთმითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გაერკვია ის გარემოებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ამ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, კერძოდ, იმის დადგენას მოსარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული თუ არა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არსებობდა თუ არა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ არ გაურკვევია მოსარჩელის მოთხოვნა იყო თუ არა ხანდაზმული და არც ის, რომ მოპასუხე ხანდაზმულობის არსებობის შემთხვევაში იყენებდა თუ არა სკ-ს 144-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებულ უფლებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთმითითებულ საკითხთა გამოკვლევის და შეფასების გარეშე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს “ა-სა და მოქალაქე გ. ბ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აპელანტის ტელეფონი გადაყვანილ იქნა ახალ სატელეფონო ქსელში და აბონენტს მიენიჭა ¹... . ხელშეკრულება დადასტურებულია მხარეთა ხელმოწერით. ამის დამადასტურებლად გადაწყვეტილებაში მითითებულია საქმეში, მაშინ, როცა მითითებულ ფურცელზე მოთავსებულია საოლქო სასამართლოში გამოცხადების უწყების ყუა. სააპელაციო სასამართლო ამ ხელშეკრულებაში საქმეში მოთავსებულ 1997წ. 20 დეკემბრის ხელშეკრულებას თუ გულისხმობს, ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას კატეგორიულად უარყოფს გ. ბ-ე. ამასთან, ამ ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე შეტანილი აქვს შეგებებული სარჩელი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს.
ამ ხელშეკრულებაზე გ. ბ-ის მიერ ხელმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება და სააპელაციო სასამართლოს მითითება, მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმების (ხელშეკრულებაზე მხარეების მიერ ხელმოწერის) შესახებ, დაუსაბუთებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.