Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-553-03 18 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 10 სექტემბერს მ. კ-მა და ქ. მ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს ნ. ბ-ის მიმართ და აღნიშნეს, რომ 1999წ. 20 იანვარს მ. კ-მა მოპასუხეს ასესხა 5838 აშშ დოლარი, რომელიც 2001წ. 20 იანვარს უნდა დაებრუნებინა, ხოლო ქ. მ-მა 2000წ. ნოემბერში ასესხა 3745 აშშ დოლარი, რაც უნდა დაებრუნებინა 2001წ. 26 თებერვლისათვის.

ნ. ბ-ემ ქ. მ-ს დაუბრუნა მხოლოდ 500 აშშ დოლარი.

მოსარჩელეთა განმარტებით, გასულია სესხის დაბრუნების ვადა, მოპასუხე კი სესხს არ აბრუნებს, რის გამოც მოითხოვეს მ. კ-ის სასარგებლოდ ნ. ბ-ისათვის 5838 აშშ დოლარის, ხოლო ქ. მ-ის სასარგებლოდ 1815 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებისაგან სესხი არ აუღია და არ აღიარებს მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ნ. ბ-ეს დაეკისრა მ. კ-ის სასარგებლოდ 5838 აშშ დოლარის, ხოლო ქ. მ-ისათვის – 1815 აშშ დოლარის გადახდა.

სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, მოპასუხის მიერ სესხის აღიარებით, დადგენილად მიიჩნია ნ. ბ-ის მიერ სესხის აღების ფაქტი.

სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ბ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მან გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და მოითხოვა მისი გაუქმება. აპელანტმა განმარტა, რომ მოსარჩელეებისაგან სესხი არ აუღია, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და სესხის აღების მტკიცებულება არ არსებობს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 10 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეიცვალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ბ-ისათვის თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ნ. ბ-ეს მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ზეპირი მოლაპარაკებით ბ-ე ახდენდა სესხის აღება-გაცემას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბ-ისათვის სესხის მიღების ფაქტი დასტურდება არა მარტო საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, არამედ მოპასუხის აღიარებით, რომელიც არ უარყოფს სადავო თანხის მიღების ფაქტს, მაგრამ თვლის, რომ ეს არ იყო მისი პირადი ვალი.

სასამართლო სხდომაზე მ. კ-მა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ნაცვლად 5838 დოლარისა მოპასუხისაგან მოითხოვა 3000 დოლარის გადახდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ. ბ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

ნ. ბ-ემ საკასაციო საჩივრით უარყო მ. კ-ისა და ქ. მ-ისაგან სესხის აღების ფაქტი. მან განმარტა, რომ ექიმთა კოლექტივის მიერ, ზეპირი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იურიდიული პირის შეუქმნელად ერთობლივი საქმიანობის მიზნით ჩამოყალიბდა ამხანაგობა და საქმიანობის გაძღოლა მას დაევალა. საქმიანობა გულისხმობდა თანამშრომლებიდან თანხების მიღება-გაცემას სამეწარმეო საქმიანობის მიზნით და მოგების განაწილების აღრიცხვიანობას. კასატორი აღნიშნავს, რომ ობიექტური მიზეზების გამო საქმიანობა შეწყდა, საერთო კრების გადაწყვეტილებით დაფიქსირდა თანხები და გაიყინა ანგარიშები. ნ. ბ-ის მოსაზრებით, მოსარჩელეებმა გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია და თავისი წილი თანხები აღებული სესხის სახით მიიჩნიეს მოპასუხის პირად ვალად.

კასატორს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არ გაფორმებულა სესხის ხელშეკრულება. ეს იყო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება დადებული ზეპირი ფორმით. აქედან გამომდინარე, თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უკანონოა, უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ. ბ-ე ზეპირი მოლაპარაკებით მოგების მიზნით ახდენდა სესხის აღება-გაცემას. მოპასუხისათვის სესხის მიცემის ფაქტი დასტურდება არამარტო საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, არამედ მისი აღიარებითაც. ნ. ბ-ე არ უარყოფს სადავო თანხის მიღების ფაქტს, მაგრამ თვლის, რომ ეს არ იყო მისი პირადი ვალი.

სსკ-ს 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

კასატორი ვერ მიუთითებს მტკიცებულებებზე, რომლის საფუძველზე შეიძლება დადგენილად იქნეს მიჩნეული მისი მხრიდან ვალდებულების არარსებობა. მართალია, კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დაიდო ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება, მაგრამ იგი ვერ ამტკიცებს ამ ხელშეკრულების არსებობას.

სკ-ს 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, სკ-ს 931-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად.

სკ-ს 934-ე მუხლი განსაზღვრავს საქმეების გაძღოლის წესს, ამხანაგობის საქმიანობის საფუძვლებს.

იმისათვის, რომ დადგინდეს ამხანაგობის არსებობა, მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ამხანაგობის შექმნაზე, მისი მიზნების განსაზღვრაზე, მის ფუნქციონირებაზე.

მოპასუხეს მოცემულ საქმეზე ასეთი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.

კასატორი განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.