საქმე N 110100122006167998
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №650აპ-23 6 ოქტომბერი, 2023 წელი
ჩ–ი მ., 650აპ-23 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჩ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ჩ–ს (პირადი ნომერი: .............) ბრალად დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1.1. 2022 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე ც–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მ. ჩ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს - დას, ნ. ჩ–ს, კერძოდ, უმიზეზოდ განაწყენებული დაემუქრა, რომ დანის გამოყენებით, რომელიც ხელში ეჭირა, გამოჭრიდა ყელს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. მ. ჩ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენით მ. ჩ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ჩ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც–მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ჩ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც–მ, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორების მტკიცებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა, რამეთუ მ. ჩ–ს მსჯავრდება არ ემყარება ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულ ნ. ჩ–ს ჩვენებას, ხოლო მისი ძმის - მ. ჩ–ს განმარტებები არის ირიბი ჩვენება და შეუძლებელია საფუძვლად დაედოს განაჩენს; სასამართლომ, ერთი მხრივ, უპირობოდ გაიზიარა დაზარალებულ ნ. ჩ–სა და მოწმე მ. ჩ–ს არასანდო, არათანმიმდევრული და არადამაჯერებელი ჩვენებები, რომლებიც არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა სამხილებს და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ხოლო, მეორე მხრივ, დაუსაბუთებლად უარყო მსჯავრდებულ მ. ჩ–ს მითითება, რომ ნანა და მ. ჩ–ებს სურდათ გადაეფარათ დაზარალებულის მხრიდან ძალადობის ფაქტი, რომლის შედეგად ჰქონდა მიყენებული დაზიანება მსჯავრდებულს და თავიდან მოეშორებინათ მ. ჩ–ი, რომელთან ერთადაც ერთ სახლში უწევდათ თანაცხოვრება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მ. ჩ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
5.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მსჯავრდებულ მ. ჩ–ს ჩვენება მის უდანაშაულობასთან მიმარტებით, რადგან საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულ ნ. ჩ–ს ჩვენება, რომლის მიხედვით, 2022 წლის 8 ივლისს მისი ძმა - მ. ჩ–ი ნასვამი დაბრუნდა შინ, დაუწყო ჩხუბი და დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა ყელის გამოჭრით, რის გამოც დარეკა ,,112“-სა და თავის ძმასთან, დასტურდება როგორც - მოწმე მ. ჩ–ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს ნამდვილად დაუკავშირდა დაზარალებული და უთხრა, რომ ნასვამი მ. ჩ–ი, რომელსაც ხელში ეკავა დანა, ეჩხუბებოდა და ემუქრებოდა მოკვლით, ასევე - №........... შეტყობინებით, რომელიც ცხადყოფს, რომ 2022 წლის 8 ივლისს ნ. ჩ–მა დარეკა ,,112“-ში და შეატყობინა, რომ მისი ოჯახის წევრი - მ. ჩ–ი იყო აგრესიული, ჰქონდა დანა და ოჯახის წევრებს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც იყო ძალიან საშიში; მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - ს. ს–ს ჩვენებითა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს, ნ. ჩ–ს მითითებით სამართალდამცავებმა ჩაჩხიანების სახლიდან ამოიღეს დანა, რომელიც იდო აივნის მოაჯირზე, რაც მეტად სარწმუნოს ხდის დაზარალებულის განმარტებას, რომ დანით შეიარაღებული მ. ჩ–ი სწორედ აივანზე მოძრაობდა, საიდანაც იმუქრებოდა. ამასთან, საყურადღებოა, რომ დანაშაულის იარაღი, რომელიც საგამოძიებო მოქმედების შედეგად იქნა ამოღებული ნიშან-თვისებებით ზედმიწევნით ემთხვევა ნ. ჩ–ს მიერ აღწერილი დანას, რომლითაც მისი განმარტებით, იყო შეიარაღებული მ. ჩ–ი, რისი ერთობლივად მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისია მ. ჩ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.4. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ მ. ჩ–ს მსჯავრდებას მხოლოდ დაზარალებულ ნ. ჩ–ს პირდაპირი ჩვენება უდევს საფუძვლად და კვლავაც იმეორებს, რომ სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რისი მხედველობაში მიღებითა და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარე მ. ჩ–ს ედავებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, პირდაპირ მტკიცებულებებად მიიჩნევა ასევე - მუქარის შემადგენლობისათვის სავალდებულო ელემენტის - დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის - დამადასტურებელი სამხილებიც. საკასაციო სასამართლო დაზარალებულ ნ. ჩ–სა და მოწმე მ. ჩ–ს ჩვენებების საპირწონედ ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მტკიცებას, რომ ნანა და მ. ჩ–ებმა არჩადენილი დანაშაული დააბრალეს, რადგან მ. ჩ–ზე სწორედ ნ. ჩ–ი ძალადობდა და არა - პირიქით, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის განაჩენით ირკვევა, რომ მ. ჩ–ი წარსულში ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნ. ჩ–სზე ძალადობის აღსაკვეთად გამოცემული შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის.
5.5. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჩ–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში არის კანონიერი და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ჩ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე