Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-558-03 7 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 30 ოქტომბერს თ. ბ-ემ ნ. ც-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში წლების განმავლობაში სარგებლობის უფლებით ფლობს 20,15 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს.

2000წ. აგვისტოში მითითებულ მიწის ნაკვეთს დაეუფლა მე-13 კორპუსში მცხოვრები ნ. ც-ი და დაიწყო ავტოფარეხის მშენებლობა.

მოსარჩელემ მოითხოვა, რომ იგი ცნობილ იქნეს მოცემული მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი რამდენიმე წელია რაც სადავო მიწის ნაკვეთს ფლობს.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისში, ... მე-12 და მე-13 კორპუსებს შორის, ნ. ც-ის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განთავისუფლების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; ნ.ც-ს თავის მიერ დაკავებულ ფართში ავტოფარეხის მშენებლობის წარმოება შეთანხმებული პროექტისა და ნებართვის გარეშე აეკრძალა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 12 აპრილის განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა _ უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ქ.თბილისში, ... მე-12 კორპუსში, ხოლო მოპასუხე – ამავე კვარტლის მე-13 კორპუსში. სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ კორპუსებს შორის. სადავო ნაკვეთის ნაწილი დაკავებული აქვს მოსარჩელეს, ხოლო 13 კვ.მ. კი – მოპასუხეს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობის ან საკუთრების უფლების ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინებით თ.ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს დამატებით უნდა გამოეკვლია, თუ ვინ ითვლება სადავო მიწის მესაკუთრედ და მოსარჩელეს გააჩნდა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთზე მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნის უფლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ 2000წ. 15 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარგებლედ ცნობას. სასამართლოს მიერ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი იქნა მონაცემები სადავო მიწის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით, მაგრამ მითითებულ სამსახურს ასეთი მონაცემები არ აღმოაჩნდა. ვინაიდან სკ-ს 311-ე მუხლის შესაბამისად უძრავ ქონებაზე უფლებრივი დატვირთვა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემებით შეიძლება იქნეს დადგენილი და ამავე კოდექსის 155-ე მუხლის შესაბამისად მფლობელობა ნივთზე წარმოიშობა ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით (ფაქტორბრივ ბატონობაში იგულისხმება სამართლებრივი ასპექტი), თ.ბ-ეს კი არავითარი მტკიცება არ წარმოუდგენია მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობაზე, ამიტომ მისი მოთხოვნის (იგი მოითხოვს სადავო მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ ცნობას) დაკმაყოფილება შეუძლებელია. აღნიშნულის დაკმაყოფილება მითუმეტეს შეუძლებელია მოპასუხე ც-ისაგან.

2003წ. 17 თებერვალს თ.ბ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით.

კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით სააპელაციო სასამართლოს დაევალა გამოერკვია, საჯარო რეესტრში ვინ იყო სადავო ნაკვეთის მესაკუთრედ აღრიცხული და რომელი კორპუსის მაცხოვრებელთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა იგი, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს დავალება არ შეასრულა და ამ საკითხის გარკვევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითება სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობის გარკვევის შესახებ.

საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე საკასაციო სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინებაში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, სადავო მიწის მესაკუთრედ ვინ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში.

სკ-ს 311-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად საჯარო რეესტრში შეიტანება უძრავი ნივთებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებები.

ამავე კოდექსის 1514-ე მუხლის შესაბამისად საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას აწარმოებს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები.

სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს მითითების შესაბამისად სსკ-ს 222-ე მუხლის საფუძველზე შეამოწმა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეობის საკითხი და დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ არც ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და არც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არავინ არის.

სკ-ს 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად, მართალია, კეთილსინდისიერ მფლობელს აქვს მაგრამ უკანონო მფლობელიდან ნივთის გამოთხოვის და უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება; ასევე, ამავე კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად დაცულია მართლზომიერი მფლობელის უფლებები, მაგრამ თ.ბ-ეს სასამართლოში არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება სადავო მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერი (მართლზომიერი) ფლობის შესახებ.

სკ-ს 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად მრავალბინიან სახლებში მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა.

უძრავ ნივთებზე საერთო საკუთრება, ისე როგორც ინდივიდუალური საკუთრება რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში.

მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრში სადავო ნაკვეთზე არც ინდივიდუალური და არც საერთო საკუთრება დარეგისტრირებული არ არის. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ თ.ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება, სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარგებლედ ცნობის შესახებ, შეუძლებელია. მითუმეტეს შეუძლებელია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება მოპასუხე ც-ის მხრიდან, ვინაიდან ც-ს ამ ნაკვეთთან დაკავშირებით, ისევე როგორც მოსარჩელეს, არავითარი უფლება არ გააჩნია. სკ-ს 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართალია, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.