Facebook Twitter

საქმე N 120100121005023973

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე N 693აპ.-23 10 ოქტომბერი, 2023 წელი

ც–ე ა., №693აპ.-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ც–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 14 ივნისს, დაბა ა–ში მყოფი ა. ც–ე, მობილური ტელეფონიდან ,,ფ–ს“ ,,მესენჯერის“ აპლიკაციით, დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - ნ. დ–ს, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა ნ. დ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. ბოლო პერიოდში, 2021 წლის 14 ივნისის ჩათვლით, ა. ც–ე დამამცირებელი სიტყვებით სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა ყოფილ მეუღლეს - ნ. დ–ს, რამაც გამოიწვია ნ. დ–ს ტანჯვა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ა. ც–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.

2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. ც–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

2.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს ა. ც–მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. გ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განაჩენით ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ ა. ც–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენი.

ა. ც–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

3.2. 2023 წლის 12 ივნისს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა. ც–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2023 წლის 19 ივნისს გამართლებულმა ა. ც–მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. გ–მ წარმოადგინეს საკასაციო საჩივრის შესაგებელი და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ა. ც–ს ბრალეულობას. დაზარალებულმა ნ. დ–მა განმარტა, რომ 2021 წლის 14 ივნისს, დაბა ა–ში მყოფი ყოფილი მეუღლე - ა. ც–ე მობილური ტელეფონიდან, „ფ–ს“ მესენჯერით დაუკავშირდა მას და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: დაემუქრა, რომ ვერ გათხოვდებოდა, რადგან მოკლავდა და მერე თავს მოიკლავდა, რის შემდეგაც აგინა დედის მისამართით. ამასთან, ა. ც–ე წარსულში მეუღლეზე მუქარის გამო მიცემული იყო პასუხისგებაში და შემაკავებელი ორდერიც ორჯერ იყო გამოცემული, რის გამოც მან ა. ც–ს მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. იგი დარწმუნებულია, რომ ა. ც–ე რამეს დაუშავებს, მოკლავს ან ჯანმრთელობას დაუზიანებს, რადგან ეჭვიანობს და ჰგონია, რომ სხვა პირზე თხოვდება, რის გამოც ემუქრება მოკვლით. გარდა ამისა, ა. ც–ე ყოველი მუქარისას ეუბნება, რომ თუ პოლიციაში მივა და დააჭერინებს გამოსვლისას მოკლავს. გარდა ამისა, მას ა. ც–ე დამამცირებელი სიტყვებით სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც განიცდიდა ტანჯვას. კასატორი ასევე უთითებს, რომ ნ. დ–ს კუთვნილ მობილური ტელეფონში განთავსებული „.......... მესენჯერის“ დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ მომხმარებელ „მ. ც–ს“ ფანჯარაში 2021 წლის 6 ივნისიდან 2021 წლის 14 ივნისის ჩათვლით დაფიქსირებულია მიმოწერები, განხორციელებული ზარები და ხმოვანი შეტყობინებები. ერთ-ერთი ხმოვანი შეტყობინება მიღებულია 2021 წლის 8 ივნისს, 00:27 საათზე, რომლითაც ა. ც–ე უწმაწური სიტყვებით ლანძღავს ნ. დ–ს სიძეს და მშობლებს. ასევე დათვალიერდა ტელეფონში არსებული კონტაქტები, სადაც დაფიქსირებულია „M–i“, ნომრით: ........... ტელეფონში შემომავალი ზარების დათვალიერებით კი დადასტურდა, რომ შემოსულ ზარებში 2021 წლის 13 ივნისის 11:09 საათიდან 2021 წლის 14 ივნისის 23:37 საათამდე დაფიქსირებულია „M–i-ს“ დაბლოკილი ზარი. ასევე, ა. ც–ს დაბლოკილი ზარი. სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დაკვნითა და ექსპერტ მ. ბ–ს ჩვენებით კი დადასტურდა, რომ ნ. დ–მა ყოფილი მეუღლის - ა. ც–ს მხრიდან განხორციელებული ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. გარდა ამისა, არასრულწლოვან მ. ც–ს ჩვენებით დასტურდება, რომ ა. ც–ე და ნ. დ–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. თვითონ ცხოვრობს დედასთან ერთად. ფეისბუქ მესენჯერში მ. ც–ს სახელით კი დარეგისტრირებულია ა. ც–ე. გარდა ამისა, შეტყობინებით ირკვევა, რომ 2021 წლის 14 ივნისს დარეკა ნ. დ–მა და განაცხადა, რომ მას ურეკავს მეუღლე - ა. ც–ე, რომელიც აყენებს სიტყვიერ შეურაცყოფას და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. 2021 წლის 14 ივნისის შემაკავებელი ორდერით კი დასტურდება, რომ ა. ც–ე მობილური ტელეფონით დაკავშირებისას ყოფილ მეუღლეს - ნ. დ–ს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ც–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. ც–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ნ. დ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ ა. ც–ე არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც ჰყავს ერთი შვილი - მ. ც–ე. ა. ც–ე იყო სასმელზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ორ წელზე მეტია დაშორებულია მეუღლესთან, მასზე შვილის „მესენჯერით“ ყოფილი მეუღლე ისევ ახორციელებს ძალადობას. 2021 წლის მაისის შუა რიცხვებიდან 2021 წლის 14 ივნისამდე პერიოდში მას ა. ც–ე სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ეუბნებოდა, რომ თუ გათხოვდებოდა, მოკლავდა. ასევე, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას. ამ ხნის განმავლობაში ა. ც–ს მიმართ გამოცემული იყო 6 შემაკავებელი და 1 დამცავი ორდერი. 2021 წლის 14 ივნისს მათი საერთო შვილი - მ. ც–ე იმყოფებოდა დაბა ა–ში მამასთან - ა. ც–სთან. ამ დროს ა–ი ეჭვიანობის ნიადაგზე, იმის გამო, რომ ნ. დ–ს ტელეფონში დაბლოკილი ჰყავდა იგი, მათი შვილის ტელეფონიდან „მესენჯერით“ დაუკავშირდა ნ. დ–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, რადგან ა–ი არის ძალიან ფიცხი და გაუწონასწორებელი. ამასთან, იგი ამ დრომდე აგრძელებს მასზე მუქარას და მას დღემდე ეშინია ა–ს. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც გაამყარებდა დაზარალებულის ჩვენებას წარმოდგენილი არ არის.

5.4. დაზარალებულის ჩვენებისგან განსხვავებულ გარემოებებზე მიუთითებს, უდავო მტკიცებულება, მოწმე მ. ც–ს გამოკითხვის ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ მისი მშობლები - ნ. დ–ი და ა. ც–ე შეთანხმებულნი არიან, რომ არდადეგებზე და დასვენების დღეებში მ–ი უნდა იყოს მამასთან, ა–ში. მამასთან ყოფნის დროს, იგი დედას ესაუბრებოდა სოციალური ქსელის „მესენჯერით“ ან ტელეფონით. მათი საუბრის დროს, მამა ხან მასთან ერთად იყო ოთახში, ხან - აივანზე ან გარეთ. „მესენჯერით“ საუბრისას მამას ესმოდა მათი საუბარი, ტელეფონზე საუბრისას კი არა, თუმცა ა. ც–ე დედაშვილის საუბარში არასდროს ჩარეულა. ახსოვს, რომ 2021 წლის 14 ივნისს დაურეკა დედამ და უთხრა, რომ უნდა წასულიყო რ–ში, რადგან 17 ივნისს იყო მისი დეიდაშვილის - მ. დ–ს დაბადების დღე. მან უთხრა, რომ მამის დაბადების დღეზე დარჩებოდა, რომელიც იყო 23 ივნისს, 15 ივნისს კი იყო ბებიის - ი.ც–ს დაბადების დღე. დედა არ დაეთანხმა და გაბრაზებით უთხრა, რომ თუ არ წავიდოდა მამამისს დააჭერინებდა. დედას ეგონა, რომ მ–ს მამა არ უშვებდა. ამ დროს მათთან ერთად იყო ბებია - ი. ც–ე, რომელმაც უთხრა, რომ წასულიყო და მერე კვლავ დაბრუნებულიყო ა–ში, რაზეც მ–მა უთხრა, რომ რუსთავში წასულს დედა აღარ გაუშვებდა ა–ში. ამ დროს ა. ც–მ ტელეფონი გამოართვა და ნ. დ–ს უთხრა, რომ ბავშვს წასვლა არ უნდოდა და არ დაეძალებინა. ამის შემდეგ, მშობლები ტელეფონით გაბრაზებულები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და ჩხუბობდნენ. მამა ცდილობდა, რომ მ–ს არ გაეგო მათი ჩხუბი და გავიდა სხვა ოთახში. ამის შემდეგ, დედამ მისი „მესენჯერი“ და ტელეფონი დაბლოკა. მოწმე ასევე უთითებს, რომ ა–ში მისი ჩასვლის შემდეგ ა. ც–ს მისი „მესენჯერით“ დედასთან არ უსაუბრია, ქ. რ–ში ყოფნის დროს კი მამა მას „მესენჯერით“ ელაპარაკებოდა, მაგრამ დედა მათ საუბარში არ ერეოდა. მოწმის განმარტებით, „მესენჯერით“ მამას დედასთან არასდროს უჩხუბია, მხოლოდ ერთხელ 2021 წლის 14 ივნისს იყო ასეთი შემთხვევა. ამასთან, მას არასდროს გაუგია, რომ მამა დედას მისი „მესენჯერით“ ან ტელეფონით მოკვლით დამუქრებოდა და ამის შესახებ მისთვის არც დედას უთქვამს. ასევე, არ შესწრებია, რომ მამას დედისთვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა. აღსანიშნავია, რომ მოწმე მ. ჯ–მა დაადასტურა, რომ იგი როგორც საპროცესო წარმომადგენელი ესწრებოდა არასრულწლოვან მ. ც–ს გამოკითხვას, რომელიც მიმდინარეობდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მ. ც–ე გაეცნო გამომძიებლის მიერ შედგენილ ოქმს და ხელი მოაწერა. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ი. ც–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ იგი არის ა. ც–ს დედა, რომელთან ერთადაც ცხოვრობდნენ დაბა ა–ში. ა–ს ჰყავდა მეუღლე ნ. დ–ი, რომელთანც ჰყავს ერთი ქალიშვილი - მ–ი. მოწმის განმარტებით, ა. ც–ს მხრიდან მეუღლეზე ძალადობას და მუქარას ადგილი არ ჰქონია, შეიძლება მხოლოდ მცირე კამათი ჰქონდათ შვილის გამო. ნ. დ–ს სახლიდან წასვლისას, მ–ს არ სურდა მამისგან წასვლა.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ 2021 წლის 14 ივნისის N......... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ ა. ც–ე მობილური ტელეფონით სისტემატურად უკავშირდება ყოფილ მეუღლეს - ნ. დ–ს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც იგი განიცდის ფსიქოლოგიურ სტრესს და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. თუმცა შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, ვერ ქმნის საკმარის საფუძველს ა. ც–ს მიერ სისტემატური შეურაცხყოფისა და მუქარის დასადასტურებლად.

5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 7 სექტემბრის №............ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დასტურდება, რომ ნ. დ–სმა ყოფილი მეუღლის - ა. ც–ს მიერ განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. მართალია აღნიშნული დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ა. ც–ს მიერ მეუღლეზე სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების, ასევე, მუქარის განხორციელების ფაქტები. შესაბამისად მხოლოდ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, ვერ ქმნის საკმარის საფუძველს ა. ც–ს მიერ სისტემატური შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტების დასადასტურებლად.

5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.9. მოცემულ შემთხვევაში მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და შინაარსი. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ძალადობისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, ზოგ შემთხვევაში არის არაინფორმაციული, რიგ შემთხვევებში კი წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ა. ც–ს მხრიდან დაზარალებულზე სისტემატური შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტს წარმოდგენილი არ არის ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა. ც–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე