Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-561-03 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: გაყიდული ბინის საფასურის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1994წ. 16 თებერვალს ბ. ს-ემ მეზობლისგან თ. ხ-ისაგან ორი დღის ვადით ისესხა 1000 აშშ დოლარი.

მოვალემ ივალდებულა, რომ თუ დროულად და სრულად არ დააბრუნებდა თანხას გადაიხდიდა სარგებელს თვეში 30%-ის ოდენობით.

სესხის თაობაზე შედგენილ ხელწერილში მითითებულ იქნა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთვევაში გადახდევინება მიექცეოდა ქ.რუსთავში მდებარე ბ. ს-ის სახელზე რიცხულ ოთხოთახიან ბინაზე.

1997წ. 9 მაისს თ. ხ-მა ბ. ს-ის ბინაზე მინდობილობის გამოყენებით, ნასყიდობის ხელშეკრულება დადო თავის მეულესთან დ. ს-ესთან.

1999წ. 1 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება.

1999წ. სექტემბერში დ. ს-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ბ. ს-ის მიმართ ბინის ქირის გადახდევინებისა და ბინიდან გამოსახლების შესახებ.

შეგებებული სარჩელით ბ. ს-ემ მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ბინიდან გამოსახლების ნაწილში, ხოლო შეგებებულ სარჩელზე უარი ეთქვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 27 ოქტომბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 23 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბ. ს-ის და დ. ს-ის საკასაციო საჩივრები სააპელაციო პალატის განჩინებაზე.

2001წ. ივლისში ბ. ს-ემ აღძრა სარჩელი მისი რწმუნებულის თ. ხ-ის მიმართ გაყიდული ბინის საფასურის 3500 აშშ დოლარის დაკისრებისა და თანხის გადახდის დაგვიანებით მიყენებული ზარალის _ 8500 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

თ. ხ-მა და დ. ს-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვეს ბ. ს--ეზე 15648 აშშ დოლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელმა დროულად არ გამოათავისუფლა გასხვისებული ბინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე თ. ხ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3500 აშშ დოლარის გადახდა. ძირითადი სარჩელი არ დააკმაყოფილდა ზარალის ანაზღაურების ნაწილში.

თ. ხ-ს და დ. ს-ეს უარი ეთქვათ შეგებებულ სარჩელზე.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა თ. ხ-მა და დ. ს-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო პალატის 2003წ. 29 იანვრის განჩინებით არ იქნა დაკმაყოფილებული მოპასუხეების საჩივარი და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თ. ხ-ი და დ. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის ზეპირი განხილვა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დანიშნული იყო 2002წ. 6 დეკემბერს 15 საათზე. მხარეები და მათი წარმომადგენლები გაფრთხილებულნი იყვნენ გამოუცხადებლობის შედეგებზე, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სსკ-ს 387-ე მუხლის შესაბამისად გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები და მათი წარმომადგენელი თ.ნ-ე; რომლებსაც არ შეუტყობინებიათ საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობისათვის გამოუცხადებლობის მიზეზებზე.

თ.ხ-ი და დ.ს-ე მიუთითებენ, რომ ამ უკანასკნელის შეუძლოდ გახდომის გამო საქმის განხილვის დაწყების წინ გავიდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს შენობიდან.

ის გარემოება, რომ აპელანტები სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდნენ საპატიო მიზეზით, საქმის მასალებით არ დასტურდება.

აპელანტებს დროულად არ უცნობებიათ სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზებზე და არ დაუყენებიათ შუამდგომლობა სხვა დროისათვის საქმის განხილვის გადადების შესახებ.

სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა აპელანტების გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა.

სსკ-ს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, Yთუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო პალატას გააჩნდა მოცემულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ხ-ის და დ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.