Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-563-03 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ხელშეშლის აღკვეთა (სარჩელში); ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 5 აპრილს ი. ს-ემ ნ. ა-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა დუშეთის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999წ. 5 თებერვალს ნ. ა-ისაგან იყიდა 100 კვ. მეტრი მიწა, რაზეც გაფორმდა სათანადო ხელშეკრულება.

მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა მის სახელზე.

შესყიდულ ნაკვეთში იგი აწარმოებს მშენებლობას, რომლის განხორციელებაშიც ხელს უშლის მიწის ყოფილი მესაკუთრე.

მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეშლის აკრძალვა.

მოპასუხემ სასამართლოს შესაგებელი არ წარუდგინა, მაგრამ მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება ყალბი იყო.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

ნ. ა-ის საჩივრის საფუძველზე 2002წ. 25 ივნისს გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2002წ. 24 ივნისს ნ. ა-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს.

შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა იმ საფუძვლით, რომ ამ სახის ხელშეკრულება მას არ დაუდვია არასდროს, მან იცის წერა-კითხვა და ხელშეკრულებაზე ჯვრების დასმით არ გააკეთებდა ხელმოწერას.

რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, გაუქმდა 1999წ. 4 თებერვალს ი. ს-ესა და ნ. ა-ს შორის დადებული ხელშეკრულება და მის საფუძველზე წარმოშობილი ყველა შედეგი. ამასთან, ი. ს-ეს დაევალა უკანონოდ დაკავებული მიწის ფართობის გამოთავისუფლება.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმის დაუცველობის გამო იყო ბათილი (სკ-ს 70-ე მუხლი).

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი 1999წ. 4 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო სათანადო ფორმის დაუცველად და დამოწმებული იყო არასათანადო პირის _ ანანურის საკრებულოს გამგებლის მიერ.

2003წ. 20 მარტს ი. ს-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

1. კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია. მისი მოსაზრებით, საჩივრის მიღების დროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დაარღვია სსკ-ს 237-ე მუხლის მოთხოვნა. მან 2002წ. 25 ივნისს ვადის დარღვევით მიიღო მოპასუხის საჩივარი, 14 ივნისის თარიღით დაადო რეზოლუცია, მაშინ როცა საჩივარი 17 ივნისითაა დათარიღებული და დააკმაყოფილა კიდეც. დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრის ვადის დაუცველობის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ საჩივარი ვადაში იყო შეტანილი, მაგრამ კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.

2. კასატორს მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სსკ-ს 188-ე მუხლის დარღვევით მიიღო შეგებებული სარჩელი, რომელიც ხელმოუწერელი იყო და მასზე მოგვიანებით ხელი მოაწერინეს ნ. აფციაურს. ამასთან, ვინაიდან 15 მაისს გამართულ მთავარ სასამართლო სხდომას ესწრებოდა ნ. ა-რი და შეგებებული სარჩელის შეტანის თაობაზე რაიმე სურვილი არ გამოუთქვამს, სასამართლო უფლებამოსილი არ იყო 2002წ. 25 ივნისს მიეღო წარმოებაში შეგებებული სარჩელი.

3. კასატორს არასწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. ა-ის შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების ნასყიდობის ბათილობის შესახებ, ვინაიდან მას თავისი თავი მიაჩნია კეთილსინდისიერ შემძენად. კასატორის მოსაზრებით, ეს დასტურდება იმით, რომ ორივე მხარე ეთანხმებოდა ხელშეკრულების პირობებს და სანამ მან არ აღძრა სარჩელი, ნ. ა-ს ამ ნაკვეთთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს.

4. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო ვალდებული იყო საქმეში მესამე პირად ჩაება საჯარო რეესტრის წარმომადგენელი და საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული წესით.

სააპელაციო სასამართლომ მსჯელობა არ იქონია საჯარო რეესტრის ჩანაწერის გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის მიღების დროს დაარღვია სსკ-ს 237-ე მუხლის მოთხოვნა.

სსკ-ს 237-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

მოცემულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2002წ. 7 ივნისს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ნ. ა-ისათვის ჩაბარების შესახებ საქმეში რაიმე დოკუმენტი არ მოიპოვება.

საჩივარი რაიონულ სასამართლოში შეტანილია 2002წ. 14 ივნისს, ანუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის შემდეგ.

მართალია, შედგენის თარიღად ნაბეჭდი ტექსტით საჩივარი დათარიღებულია 17 ივნისით, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ მიუთითებს იმაზე, რომ ეს საჩივარი სასამართლოში შეტანილია 17 ივნისს. ზემოთ მითითებული საჩივარი თუნდაც 17 ივნისს იყოს შეტანილი, საჩივრის ავტორს მაინც არა აქვს გაშვებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების 10 დღიანი ვადა, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია 7 ივნისს. გარდა ამისა, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის 10 დღიანი ვადის ათვლა იწყება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების დღიდან. ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარების დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. ასეთ შემთხვევაში ნ. ა-ს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანა შეეძლო ნებისმიერ დროს და საჩივრის შეტანის 10 დღიანი ვადა გაშვებულად არ ჩაითვლებოდა.

2. ასევე არასწორია კასატორის მოსაზრება ნ. ა-ის მიერ შეტანილი შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების დროს სსკ-ს 188-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევის შესახებ.

სსკ-ს 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი სასამართლო პაექრობის დამთავრებამდე, თუ სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას.

მოცემულ შემთხვევაში ნ. ა-მა შეგებებული სარჩელი შეიტანა 2002წ. 24 ივნისს, მაშინ როცა საქმეზე მიმდინარეობდა ზეპირი განხილვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის განხილვის შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 25 ივნისის განჩინებით შეგებებული სარჩელი მიიღო წარმოებაში და მიუთითა, რომ იგი აკმაყოფილებდა სსკ-ს 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში ივარაუდება, რომ რაიონულმა სასამართლომ მოპასუხის მხრივ შეგებებული სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადის გაშვება საპატიოდ მიიჩნია.

3. არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს რაიონულმა სასამართლომ არასწორად ჩათვალა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად.

სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი.

ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარიგება მიწის ნასყიდობის შესახებ არ არის დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. ნაცვლად ნოტარიუსისა ამ ხელშეკრულებას ამოწმებს სოფლის საკრებულოს გამგებელი, ანუ დაცული არ არის უძრავი ნივთების შეძენისათვის კანონით დადგენილი სანოტარო ფორმა, რაც ამ სახის გარიგების უპირობოდ ბათილობის საფუძველია.

მართალია, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახელმწიფო ორგანოების მიერ დელეგირებული აქვთ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამავე კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო კოლეგიური ორგანოა და გადაწყვეტილებას ღებულობს კოლეგიურად, ხოლო ამ ნორმის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს გამგეობის თანამდებობის პირები არიან: გამგებელი, მისი მოადგილეები, აპარატის უფროსი და გამგებლის მიერ დანიშნული ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელი. ამ ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს (გამგეობების) სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო. საკრებულოს თავმჯდომარის (გამგებლის) წარდგინებით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკრებულოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განხორციელებაზე კანონით მინიჭებული უფლების დელეგირება გამგებელზე არ განუხორციელებია, გამგებელი უფლებამოსილი არ იყო მოეხდინა სადავო სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია. მის მიერ ამ აქტის დამოწმება ვერ ჩაითვლება სანოტარო მოქმედებად და უძრავი ნივთის შეძენაზე დადებულ გარიგებას ფორმის დაცვით დადებულ გარიგებად ვერ აქცევს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენის დროს ასევე დარღვეულია სკ-ს 70-ე მუხლის მოთხოვნაც.

ამ ნორმის შესაბამისად, იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინრობის, ფიზიკური ნაკლისა ავადმყოფობის გამო, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთან უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებულ სადავო გარიგებაზე გამყიდველის, ნ. ა-ის, ხელმოწერა არ არის. გამყიდველის ხელმოწერის ნაცვლად დასმულია ჯვრები, რომლის გასწვრივაც ხელს აწერს ვინმე ქავთარაძე. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ხელშეკრულების მონაწილე ნ. ა-ის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ. არ არის მითითებული, რომ იგი ხელმოწერას ანდობს სხვა პირს და ასევე, არ არის დამოწმებული ამ სხვა პირის ხელმოწერა, რაც ამ ხელშეკრულების ნამდვილობას ეჭვის ქვეშ აყენებს, ვინაიდან ამავე კოდექსის 68-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა.

ზემოთ მითითებული გარემოებების გამო, მცდარია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი ამ ნაკვეთის კეთილსინდისიერი შემძენია.

4. ასევე არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმეში მხარედ უნდა ჩაბმულიყო საჯარო რეესტრის წარმომადგენელი და საქმე განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

მოცემული დავის საგანს სარჩელის მიხედვით წარმოადგენდა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ხოლო შეგებებული სარჩელის მიხედვით გარიგების ბათილობა. გარიგება, რომლის ბათილობაც სარჩელით იყო მოთხოვნილი შეეხებოდა კერძო სამართლის ორ ფიზიკურ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებას მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ. ამ სახის გარიგება არ წარმოადგენს არც ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, არც ადმინისტრაციულ გარიგებას და არც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე დავაში არ შეიძლება მხარედ ჩაბმული ყოფილიყო საჯარო რეესტრი და დავის განხილვა მომხდარიყო ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით.

ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 7 თებერვლის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.