გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-565-03 9 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 7 სექტემბერს ა. კ-ემ ნ. მ-ას წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ 1998წ. 23 ივლისს მიაყენა სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რითაც განიცადა როგორც მატერიალური, ისე – მორალური ზიანი.
მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დაკისრებოდა 3000 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით 20000 ლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას შეუძლია სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ცნოს მხოლოდ 136 ლარის ფარგლებში, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საერთოდ არ ცნობს სარჩელს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისრა 250 ლარი, ხოლო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნ. მ-ას მატერიალური ზიანის სახით ასანაზღაურებლად დაეკისრა 2104 ლარი, ხოლო მორალური ზიანისათვის – 3000 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1998წ. 23 ივნისს ნ. მ-ამ ა. კ-ეს მიაყენა სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რისთვისაც ნ. მ-ას მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მიყენებული დაზიანების გამო ა. კ-ე 1998წ. 23 ივლისიდან 2001წ. 7 სექტემბრამდე პერიოდულად მკურნალობდა სახლსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. მკურნალობის, მგზავრობის, წამლების შეძენის, სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის გასამრჯელომ და სხვა ხარჯებმა მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შეადგინა 2104 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნაზე დაყრდნობით, რომ მიყენებული დაზიანების შედეგად ა. კ-ეს სახეზე დარჩება წარუშლელი კვალი, რაც მის სულიერ ტანჯვას და მუდმივ სულიერ ტკივილს გამოიწვევს, მორალური ზიანის მიყენება დადასტურებულად ჩათვალა.
2003წ. 17 მარტს ნ. მ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 103-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები, რაც იმაში გამოიხატა, რომ გადაწყვეტილება არ ემყარება სათანადო მტკიცებულებებს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ხარჯების ნაწილში აშკარად ხელოვნურადაა გაზრდილი, ხოლო ნაწილი კი გაყალბებულია.
კასატორს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მიყენებული დაზიანება მოსარჩელეს სახეზე დაუტოვებს წარუშლელ კვალს. მისი მოსაზრებით, ამ გარემოების დადგენა სისხლის სამართლის საქმის განმხილველ სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენდა, მას კი ამის შესახებ არაფერი დაუდგენია.
კასატორს მისი პიროვნების, და საქმის გარემოებების გათვალისწინებით მორალური ზიანის სახით გადასახდელად 3000 ლარის დაკისრება ასევე გონივრულად შეუსაბამოდ მიაჩნია.
2003წ. 16 ივნისს ა. კ-ემ შეგებებული საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
მან მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი. კერძოდ, მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დამატებით 896 ლარის, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 17000 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მატერიალური ზიანი, სასამართლო ხარჯების ჩათვლით, უფრო მეტია, ვიდრე ეს სააპელაციო სასამართლომ დაადგინა. მას მკურნალობა დღემდე არ დაუმთავრებია და დამატებით წარმოადგინა ხარჯების გაწევის თაობაზე მტკიცებულებანი. მორალური ზიანი გონივრულ შესაბამისობის გათვალისწინებით შეადგენს არა მხოლოდ 3000 ლარს, რომელიც მოპასუხეს დააკისრა გადასახდელად სააპელაციო სასამართლომ, არამედ 20000 ლარს და საერთო ჯამში შეგებებული საკასაციო საჩივრით დამატებით მოითხოვა 17896 ლარის დაკისრება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს დადგენილად აქვს მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ. მ-ას დანაშაულებრივი მოქმედებით სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენების შედეგად, ა. კ-ემ განიცადა 2104 ლარის მატერიალური ზიანი. აღნიშნული გარემოება დადგენილია საქმეში მის მიერვე წარმოდგენილი დოკუმენტებით: ცნობებით, ქვითრებით, ბილეთებით და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში კასატორ ნ. მ-ას მითითება, რომ თითქოს წარმოდგენილი დოკუმენტებით ხელოვნურად არის გაზრდილი მატერიალური ზიანის ოდენობა, ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ნაწილი ყალბია, არ წარმოადგენს არც დასაბუთებულ და არც დამატებით საკასაციო პრეტენზიას. წარმოდგენილი დოკუმენტები სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს და მიაჩნია სწორად. კასატორ ნ. მ-ას კი სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია ფაქტობრივად არსებული მატერიალური ზიანის ხელოვნურად გაზრდის დამადასტურებელი საბუთები.
კასატორ ნ. მ-ას მიერ საკასაციო საჩივარში მარტოოდენ იმის მითითება, რომ ზიანის განმსაზღვრელი დოკუმენტების ნაწილით ხელოვნურადაა გაზრდილი ხარჯების ოდენობა, ხოლო ნაწილი კი ყალბია, ვერ ჩაითვლება დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად და ცხადია, ვერც მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდება.
აქედან გამომდინარე, არასწორია კასატორ ნ. მ-ას მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს დაარღვია სსკ-ს 103-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები.
სსკ-ს 103-ე მუხლი განსაზღვრავს მტკიცებულებათა შეგროვების წესს. ამ მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს.
საქმეში არსებული მტკიცებულებები ზიანის ოდენობის განსაზღვრის შესახებ წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ. მითითებული მტკიცებულებები არ არის მოპოვებული კანონის დარღვევით. აქედან გამომდინარე, კასატორ ნ. მ-ას მითითება, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 103-ე მუხლის მოთხოვნა, საფუძველს მოკლებულია.
სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამ ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, მოპასუხე ნ. მ-ა ვალდებული იყო დაემტკიცებინა გარემოებანი, ანუ დაემტკიცებინა წარმოდგენილი დოკუმენტების არასწორობა ან სიყალბე, მაგრამ მან წარმოდგენილ მტკიცებულებათა არასწორობა ან სიყალბე ვერ დაადასტურა, ანუ ვერ დაამტკიცა გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
წარმოდგენილი მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოს შეფასებული აქვს სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მტკიცებულებები გამოკვლეულია სასამართლო სხდომაზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
საკასაციო სასამართლოს ასევე არასწორად მიაჩნია კასატორი ნ. მ-ას მოსაზრება მორალური ზიანის არარსებობის, ხოლო არსებობის შემთხვევაში მორალური ზიანის სახით 3000 ლარის არაგონივრულობის შესახებ.
სკ-ს 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მორალური ზიანის არსებობის და ანაზღაურების ვალდებულების განმსაზღვრელ გარემოებად სწორად მიუთითა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც მორალური ზიანი ანაზღაურდება ფულადი და სხვა ქონებრივი გამოხატულებით დაზარალებულისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანისათვის, მათ შორის – დასახიჩრების, დამახინჯების, ბიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციების მოშლისა და დარღვევისათვის, აგრეთვე, სხვა სახის ფიზიკური და მორალური ზიანით გამოწვეული განცდებისათვის.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა და გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოპასუხის დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად მან მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რის გამოც სახეზე დარჩება წარუშლელი კვალი, რაც გამოიწვევს მის სულიერ ტანჯვას და მუდმივ სულიერ ტკივილს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს სწორად დააკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
სხეულის დაზიანების ხარისხის, დანაშაულის ჩადენის გარემოებების, მოპასუხის ქონებრივი და პიროვნული შესაძლებლობების გათვალისწინებით მორალური ზიანისათვის სარჩელით მოთხოვნილი 20000 ლარის ნაცვლად მოპასუხისათვის 3000 ლარის დაკისრება საკასაციო სასამართლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია.
აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა ამ ნაწილში კასატორ ა. კ-ის მოთხოვნაც მორალური ზიანის მიყენებისათვის დამატებით 17000 ლარის დაკისრების შესახებ, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მორალური ზიანის ოდენობა სააპელაციო სასამართლოს განსაზღვრული აქვს კანონთან შესაბამისობაში.
არასწორია კასატორ ა. კ-ის მოსაზრება მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის სახით დამატებით 896 ლარის დაკისრების თაობაზე.
მართალია, კასატორმა ა. კ-ემ თავის საკასაციო საჩივარს დაურთო მგზავრობის ბილეთები, სალაროს შემოსავლის ქვითარი, რეცეპტები, დეპეშის ასლები, გახარჯული წამლების ღირებულების გაანგარიშება და მოითხოვა ამ ხარჯების ანაზღაურებაც, მაგრამ საკასაციო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს ვერ განიხილავს და ამ მტკიცებულებების შესაბამისად ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ვინაიდან სსკ-ს 406-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია, ხოლო ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. ვინაიდან კასატორ ა. კ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტები არ ყოფილა სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი, საკასაციო სასამართლო ზემოთ მითითებული გარემოებების გამო ამ დოკუმენტებზე ვერ იმსჯელებს.
ნ. მ-ა მე-2 ჯგუფის ინვალიდია და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია. რაც შეეხება ა. კ-ეს სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ს 47-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი განთავისუფლება შესაძლებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივრებში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ას და ა. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.