Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-566-03 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამკვიდრო ქონების გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 9 მარტს გარდაცვლილი პ. გ-ას სამკვიდრო ქონებას შეადგენს ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, სენაკის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით, ავტომანქანა “გაზ-31029”. მოსარჩელე მ. გ-ა გარდაცვლილის მეუღლეა, მოპასუხე კი მისი შვილი პირველი ქორწინებიდან, რომლის სასარგებლოდ პ. გ-ას მშობლებმა და შვილებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მ. გ-ა სარჩელით ითხოვს პ. გ-ას სამკვიდრო ქონების გაყოფას.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი. მ. გ-ას პ. გ-ას სამკვიდრო ქონებიდან თანასაკუთრების უფლებით გამოეყო სენაკის რაიონის სოფ. .... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 1/2, ხოლო დარჩენილი სამკვიდრო ქონებიდან 1/6. მ. გ-ას ასევე იდეალური წილის სახით გამოეყო აწ გარდაცვლილი პ. გ-ას სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების 1/6.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ დაუსაბუთებელია, იგი იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 7 მაისს თ. გ-ას გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ.გ-ას სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის იდეალური წილის სახით აწ გარდაცვლილი პ. გ-ას სახელზე არსებული უძრავ – მოძრავი ქონების 1/6-ის მიკუთვნების ნაწილში. მ. გ-ას გამოეყო პ. გ-ას სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონებიდან, კერძოდ, ქ.ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ავტომანქანა 1/2 იდეალური წილი საკუთრების უფლებით, დარჩენილი 1/2-დან გამოეყო 1/6 იდეალური წილი. დანარჩენ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 24 სექტემბერს განიხილა თ. გ-ას საჩივარი, შეტანილი ამავე პალატის 2001წ. 7 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ მიღებული განჩინებით არ დააკმაყოფილა თ. გ-ას საჩივარი და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თ. გ-ას წარმომადგენელმა ს. გ-ამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 მარტის განჩინებით, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 24 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. გ-ას საჩივარი, გაუქმდა ამავე პალატის 2001წ. 7 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. 2002წ. 20 ნოემბერს მ. გ-ას სააპელაციო საჩივრის განხილვისას თ. გ-ას გამოუცხადებლობის გამო კვლავ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის იდეალური წილის სახით აწ გარდაცვლილი პ. გ-ას სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების 1/6-ის მიკუთვნების ნაწილში. მ. გ-ას აწ გარდაცვლილ პ. გ-ას სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონებიდან, კერძოდ, ქ.ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან და ავტომანქანა “გაზ-31029”-დან გამოეყო 1/2½ საკუთრების უფლებით და დარჩენილი 1/2-დან გამოეყო 1/6 იდეალური წილი. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თ. გ-ას მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 22 იანვრის განჩინებით გაუქმდა სასამართლოს 2002წ. 20 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე დღეს პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის იდეალური წილის სახით აწ გარდაცვლილი პ. გ-ას სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების 1/6 მიკუთვნების ნაწილში და მ. გ-ას სამკვიდროდან, კერძოდ ქ.ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოეყო 1/2 საკუთრების უფლებით და დარჩენილი 1/2-დან გამოეყო 1/6 იდეალური წილი. დანარჩენ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საოლქო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევით. სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი და შეჯიბრებითობის პრინციპი. სასამართლომ უგულვებელყო სკ-ს 1163-ე მუხლის ნორმები, რადგან სასამართლომ ისე მიიჩნია ფოთში მდებარე საცხოვრებელი სახლი მეუღლეთა თანასაკუთრებად, რომ მხარემ ვერ დაადასტურა მის მიერ მიღებული ხარჯებით ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ასევე ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 იანვრის განჩინებების გაუქმება მტკიცებულების მიღებაზე უარის თქმისა და სხდომის ოქმზე შეტანილი შენიშვნების უარყოფის შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაცო საჩივარი შემოიტანა მ. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა პ. გ-ას სახელზე რიცხული ავტომანქანა “გაზ-31029”-დან საკუთრების უფლებით 1/2 წილის გამოყოფა და დარჩენილი 1/2½წილიდან 1/6-ის მისთვის მიკუთვნება იმ საფუძვლით, რომ ა/მანქანის შენახვის ხარჯებს იხდიდა თვითონ, ხოლო თ. გ-ა ბოლო წლებში ვერ უვლიდა მანქანას ავადმყოფობის გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრების საფუძვლებს, განიხილა საქმის მასალები და თვლის რომ მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თ. გ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო.

დადგენილია, რომ პ. და მ. გ-ები დაქორწინდნენ 1997წ. 29 აპრილს. პ. გ-ა გარდაიცვალა 1999წ. 9 მარტს. მის სამკვიდრო ქონებას შეადგენს სენაკის რაიონის სოფ. .... მდებარე საცხოვრებელი სახლი და 0,2 ჰა მიწის ნაკვეთი, ავტომანქანა “გაზ-31029” და ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. ქ.ფოთში მდებარე საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა “გაზ-31029” შეძენილია პ. და მ. გ-ების დაქორწინებამდე. სენაკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლი 0,2 ჰა მიწის ნაკვეთი კი დაქორწინების შემდეგ. ამიტომ იგი სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულია ცოლ-ქმრის თანასაკუთრებად და მ. გ-ას მიკუთვნებული აქვს სენაკის რაიონში სოფ. ... მდებარე სახლის 1/2 საკუთრების უფლებით, ხოლო დარჩენილი 1/2-დან 1/6. აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის.

მ. გ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს პ. გ-ას კუთვნილი ა/მანქანიდან წილს საკუთრების უფლებით, გარდა მისთვის მიკუთვნებული სამემკვიდრეო წილისა იმ საფუძვლით, რომ ავტომანქანის შენახვისა და მოვლის ხარჯებს იღებდა თვითონ. აღნიშნული არგუმენტი ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ. სკ-ს 1163-ე მუხლის საფუძველზე თითოეული მეუღლის ქონება ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა ქორწინების განმავლობაში. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სადავო ა/მანქანის ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა პ. და მ. გ-ების ერთად ცხოვრების პერიოდში. ამაზე არ მიუთითებს თვითონ კასატორიც კი. უფრო მეტიც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არც მ. გ-ას მიერ ავტომანქანის მოვლისა და შენახვის ხარჯების გაღება დგინდება. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაც სსკ-ს 407-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის გამო პალატა თვლის, რომ მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეხება თ. გ-ას საკასაციო საჩივარს, იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ მ. გ-ა ცნობილია თანამესაკუთრედ პ. გ-ას საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ.ფოთში, ... პალატა თვლის რომ ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სკ-ს 1163-ე მუხლის საფუძველზე თითოეული მეუღლის ქონების თანასაკუთრებად ჩასათვლელად აუცილებელია, რომ ქორწინების განმავლობაში ამ ქონების ღირებულება გაიზარდოს მნიშვნელოვნად. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სახლისათვის ჩატარებულია კაპიტალური რემონტი, მაგრამ აღნიშნული დასკვნით არ დგინდება, სახლის შეკეთებამ გაზარდა თუ არა მნიშვნელოვნად მისი ღირებულება. აღნიშნული გარემოების დადგენის გარეშე შეუძლებელია სკ-ს 1163-ე მუხლის გამოყენება.

ამასთან, სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს უარი საქმის განხილვისას ვიდეო კასეტის მტკიცებულების სახით მიღებაზე. არავითარი არგუმენტი ან სამართლებრივი ნორმა არ არის მითითებული სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას. ამიტომ კასატორის მოთხოვნა სასამართლოს მიერ 2003წ. 21 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე მტკიცებულების მიღებაზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს მისი დასაბუთებლობის გამო. აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს სსკ-ს 380-ე მუხლის შესაბამისად.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე სხდომის ოქმზე შეტანილი შენიშვნების უარყოფის შესახებ, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მხარის მიერ მითითებული შენიშვნები გაიზიარა სასამართლომ და დართულ იქნა საქმის მასალებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მ. გ-ასათვის ქ.ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2-ს მიკუთვნების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. გ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თ. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდეს მ. გ-ასათვის ქ.ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან წილის გამოყოფის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 იანვრის განჩინება მტკიცებულების მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

არ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი სხდომის ოქმზე შეტანილი შენიშვნების უარყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.