Facebook Twitter

საქმე N 330100122006166409

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №692აპ-23 9 ოქტომბერი, 2023 წელი

ხ–ა გ., №692აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ხ–ა (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 12 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ.თ–ში, გ–ს გამზირ №...-ში მდებარე, სილამაზის სალონ „..........ში“, გ. ხ–ას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ამავე სალონის თანამშრომელ მ. დ–სთან, რა დროსაც გ. ხ–აა მას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ „ნახავდა რაც მოუვიდოდა“, რის შემდეგაც ხელში ჭიქამომარჯვებული გაიქცა მისი მიმართულებით. აღნიშნული მუქარა მ. დ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამავდროულად, მ. დ–აა თავის დაცვის მიზნით შევარდა თავის სამუშაო ოთახში და შიგნიდან აწვებოდა ოთახის კარს, რითაც ცდილობდა გ. ხ–სთვის ოთახში შესვლისა და მასთან მიახლოების საშუალება არ მიეცა, თუმცა გ. ხ–მ შეძლო და ძალის გამოყენებით შეხსნა ოთახის კარი, რის გამოც მ. დ–აა მიენარცხა კედელს და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ხ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენით, გ. ხ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ხ–ს წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 2 ივნისს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ხ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ გ. ხ–ს ბრალეულობას. დაზარალებულმა მ. დ–მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ თ–ში, გ–ს გამზირ N..-ში მდებარე სალონ „...............ში“ ნაქირავები ჰქონდა ოთახი და მუშაობდა პირსერის პოზიციაზე. აღნიშნული სალონი ეკუთვნით ზ. გ–სა და მის ძმას. იგი შემთხვევის დღეს ორ კლიენტთან ერთად მივიდა სალონში. ოთახში შესვლისას დახვდა წელს ზემოთ შიშველი ზ. გ–ს მეგობარი - გ. ხ–ა, რის გამოც უსაყვედურა მას. მოგვიანებით, როდესაც კლიენტები გაუშვა, შემოესმა მ. კ–ს ხმა, რომელიც ზ. გ–სთან იკეთებდა ტატუს. იგი გ. ხ–ს ეკითხებოდა თუ რატომ იყო მუდმივად ამ სალონში. თვითონაც ჰკითხა იგივე გ. ხ–ს, რაზეც ეს უკანასკნელი გაღიზიანდა და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საპასუხოდ თვითონაც მიაყენა გ–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ მას გ. ხ–მ უთხრა „ეხლა ნახავ რა მოგივაო“ და ჭიქამომარჯვებული წავიდა მისკენ. მან გ. ხ–ს სიტყვები აღიქვა ჯანმრთელობის დაზიანებად - ცემად და შეშინებული შევარდა ოთახში. ვინაიდან კარს საკეტი ჰქონდა გაფუჭებული იგი შიგნიდან აწვებოდა კარს, რათა გ. ხ–სთვის არ მიეცა შიგნით შესვლისა და მასთან მიახლოების საშუალება. მაგრამ გ–მ კარი შეგლიჯა, რა დროსაც ჩამოიმსხვრა კარის შუშა, რომლის ნაწილიც მას თავზე დაეყარა, ხოლო ნაწილი გ. ხ–ს მხარეს გადაიყარა. ერთი ნატეხი გ–ს დაეცა ხელზე და მიიღო დაზიანება, რის გამოც გ. ხ–მ მუქარა ბოლომდე არ მიიყვანა და არ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გ. ხ–ს მიერ ძალის გამოყენებით კარის შეგლიჯისას, კარი მიეჯახა დაზარალებულს და მიენარცხა კედელს, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. იგი იყო განერვიულებული და როდესაც მ. კ–მ უთხრა, რომ მის ადგილას გ. ხ–ს აღნიშნულს არ აპატიებდა, დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება. მოწმე დ. კ–სმა კი დაადასტურა, რომ შეტყობინების საფუძველზე მივიდა სალონში, სადაც დახვდნენ მ. დ–აა და გ. ხ–ა. მ. დ–მ განაცხადა, რომ გ. ხ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაიქცა მისი მიმართულებით და იმის გამო, რომ გიორგის არ ეცემა აწვებოდა კარს. გ. ხ–მ შეგლიჯა კარი, რომელიც მთელი სიმძიმით მოხვდა მას. მოწმის ჩვენება გამყარებულია სამხრე-კამერის ვიდეო ჩანაწერით. მოწმე ზ. გ–მ კი განმარტა, რომ არაფერი დაუნახავს, რადგან იჯდა ზურგით და აკეთებდა ტატუს. მხოლოდ მინის მსხვრევის ხმაზე მიიხედა და ნახა, რომ გ. ხ–ს ხელი ჰქონდა გაჭრილი. მოწმე მილკა კაკაურიძემ კი განაცხადა, რომ არაფერი ახსოვს. ყოველივე ზემოაღნიშნულით უტყუარად დადასტურდა გ. ხ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ხ–აას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ხ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ მ. დ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 12 სექტემბერს მუშაობდა ქ.თ–ში, გ–ს გამზირ №..-ში მდებარე სილამაზის სალონ „...........ში“, კერძოდ, გამოყოფილი ჰქონდა ერთი ოთახი, სადაც აკეთებდა ე.წ. „პირსინგს“, სანაცვლოდ კი სალონის მეპატრონეს უხდიდა გამომუშავებული თანხის გარკვეულ პროცენტს. მითითებულ დღეს იგი კლიენტთან ერთად შევიდა თავის სამუშაო ოთახში, სადაც დახვდა გ. ხ–ა, რომელიც იყო წელს ზემოთ შიშველი, რაზეც უსაყვედურა. მომხმარებლის წასვლის შემდეგ, გამოვიდა ოთახიდან და კიდევ ერთხელ იკითხა, თუ რატომ იყო გ. ხ–ა მის ოთახში შესული, რაზეც ეს უკანასკნელი გახდა აგრესიული, აიღო იქვე არსებული მინის ჭიქა და გინებით გაემართა მისკენ. მას შეეშინდა გ. ხ–ი, შევარდა თავის ოთახში და შეეცადა შიგნიდან კარის მოხურვას, თუმცა გ. ხ–მ ძალის გამოყენებით შეძლო კარის შეღება, რის შედეგადაც იგი მიენარცხა კედელს და იტკინა მკლავი. მას იმდენად შეეშინდა გ. ხ–ი, რომ კედელთან ჩაიკეცა. გ. ხ–ა უყვიროდა და ეუბნებოდა, რომ უარესს დამართებდა. დაზარალებულის განმარტებით, ძალის გამოყენებით კარის შეღებისას ჩაიმსხვრა კარის მინა და გ. ხ–აამ ხელზე მიიღო დაზიანება. ამით დამთავრდა კონფლიქტი. მოცემულ შემთხვევაში, მართალია დაზარალებულ მ. დ–აამ დაადასტურა, რომ 2020 წლის 12 სექტემბერს გ. ხ–მ მასზე იძალადა ფიზიკურად და დაემუქრა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მაგრამ მისი ჩვენება არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით. ამასთან, დაზარალებულის განმარტებით შემთხვევის დროს სალონ „.........ში“ იმყოფებოდნენ - ზ. გ–აა, მ. კ–ე და გ. ა–ე, თუმცა მათ არ დაადასტურს, რომ გ. ხ–მ მ. დ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა. მოწმეებმა - ზ. გ–მ, მ. კ–მ და გ. ა–მ დაადასტურეს, რომ მ. დ–სა და გ. ხ–ს შორის ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას, რა დროსაც გაბრაზებული მ. დ–აა შევიდა ოთახში და კარი მოიჯახუნა. გ. ხ–აა შეეცადა მ–ს ოთახში შესვლას, რის საშუალებასაც მ. დ–აა არ აძლევდა და კარს შიგნიდან აწვებოდა. ამ დროს კარის მინა ჩაიმსხვრა და გ. ხ–მ ხელზე მიიღო დაზიანება, რის გამოც კონფლიქტი შეწყდა.

5.4. დაზარალებულის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა სასამართლოს გ. ხ–მ, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 12 სექტემბერს, იმყოფებოდა ზ. გ–ს სალონში, სადაც ასევე მუშაობდა მ. დ–ა. ვინაიდან მ. დ–აა კვირა დღეს ისვენებდა, არ ელოდნენ სამსახურში მის მისვლას, რის გამოც მას მაისური ჰქონდა გახდილი და იყო წელს ზემოთ შიშველი. ის ყავის აპარატის გამო შევიდა მ–ს სამუშაო ოთახში, რა დროსაც მ–ი შევიდა კლიენტთან ერთად და მისცა შენიშვნა, შემდეგ იკითხა ,,ნამცხვარი ვინ შეჭამაო“ და როდესაც გაიგო, რომ მან შეჭამა გაბრაზდა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მანაც მიაყენა მ–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა და წავიდა მისკენ იმის გასარკვევად, თუ რატომ აყენებდა შეურაცხყოფას. ამ დროს მ–ი გაბრაზებული შევიდა თავის სამუშაო ოთახში და ძლიერად მოხურა კარი, რომლის მინა ჩაიმსხვრა და გ. ხ–ს ხელი დაუზიანდა. გარდა ამისა, მ–მა აიღო მინის ნამსხვრევი და დაემუქრა, რომ თუ ბოდიშს არ მოუხდიდა, პატრულში დარეკავდა. მან მ–ს ბოდიში არ მოუხადა, ამიტომ მ–მა დარეკა პოლიციაში. მისი მხრიდან მ. დ–ს მიმართ ძალადობას ან მუქარას ადგილი არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა მ. დ–ს ჩვენებას და დაადასტურებდა მის მიმართ გ. ხ–ს მიერ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას, რომლის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში წარმოდგენილი არ არის.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მოწმე დ. კ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 12 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა სალონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ ზარის ინიციატორი მ. დ–აა, რომელიც იყო აღელვებული და აცხადებდა, რომ გ. ხ–აამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულის განმარტებით, გ. ხ–აა წელს ზემოთ შიშველი დახვდა სამუშაო ოთახში, რაზეც გაღიზიანდა და მოხდა შელაპარაკება, რაც გადაიზარდა კონფლიქტში. გ. ხ–მ ვერ მოასწრო დარტყმა, რადგან შევარდა ოთახში და შიგნიდან აწვებოდა კარს, რა დროსაც კარის მინა ჩატყდა და გ. ხ–მ მიიღო დაზიანება. გარდა ამისა, გ. ხ–მ კარი ძალის გამოყენებით შეხსნა და მ. დ–აა კედელს მიეჯახა. მოწმეებმა - რ. ღ–მ და ვ. შ–მ კი დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ძალადობისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, ზოგ შემთხვევაში არის არაინფორმაციული, რიგ შემთხვევებში კი წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ამასთან, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრების სამხრე-კამერების აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში ასახულია პატრულ-ინსპექტორებთან მ. დ–ს საუბარი, სადაც უთითებს, რომ სალონში მყოფმა გ. ხ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მას კარი მოხვდა მხარში, ხოლო გ. ხ–მ დაიზიანა ხელი. გ. ხ–ა კი ადასტურებს მ. დ–სთან კონფლიქტს, თუმცა უარყოფს მასზე ფიზიკურ ძალადობას. მოცემულ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სამხრე კამერებით განხორციელებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები ვერ მიიჩნევა გ. ხ–ს ბრალეულობის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებად, ვინაიდან არ შეიცავს ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რაც უტყუარად დაადასტურებდა გ. ხ–ს ბრალეულობას. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ხ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

ოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე