¹ 3კ-569-03 29 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. გ.-ს სახელზე ირიცხებოდა ქ. ფოთში, ... მდებარე სამოთახიანი კომუნალური ბინა. მან 1990წ. ნოემბერში ეს ბინა გაუცვალა ვ. ბ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ფოთში, .... ვ. ბ.-ს, გაცვლილი ბინის გარდა, დამატებით ე. გ.-ს ძმამ თ. გ.-მ გადაუხადა სამოციათასი რუსული რუბლი. თ. გ.-ის თხოვნით ვ. ბ.-მ სახლში დატოვა პიანინო, რისთვისაც გადაუხადეს 5000 რუსული რუბლი, მაგრამ მხარეთა შორის ბინების გაცვლა კანონით დადგენილი წესით არ გაფორმებულა. ე. გ.-ა გარდაიცვალა 1992წ. აგვისტოში; თ. გ.-ა გარდაიცვალა 1995 წელს. ამის შემდეგ ვ. ბ.-ა თავის ოჯახთან ერთად დაბრუნდა ქ. ფოთში, ... მდებარე საკუთარ სახლში. მან 1996 წელს ხელწერილი დაწერა იმის შესახებ, რომ აწ გარდაცვლილ თ. გ.-საგან 1991წ. გაზაფხულიდან ნაწილ-ნაწილ მიიღო თანხა სახლის საფასურიდან და ამ თანხას დააბრუნებდა საცხოვრებელი სახლის გაყიდვისთანავე.
ვ. ბ.-მ 1997 წელს გაყიდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი, მაგრამ 1999წ. მარტში იგი ისე გარდაიცვალა, რომ შეპირებული თანხა არ გადაუხადა აწ გარდაცვლილ ე. და თ. გ.-იების დედას – ე. წ.-ს.
ე. წურწუმია-გვასალიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. (მ.) ლაშქარავა-კვიციანის (ვ. ბ.-ს ქალიშვილი) მიმართ და მოითხოვა შეპირებული თანხის – 2000 აშშ დოლარის დაბრუნება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით ე. წ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ. ლ.-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარებში გადახდა.
დ.ლაშქარავა-კვიციანმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა დ. ლ.-ს სააპელაციო საჩივარი. გააუქმა მოცემულ საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ე. წ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მართალია, ვ. ბ.-მ მის სიცოცხლეში, 1996 წელს აღიარა მოსარჩელისათვის თანხის გადახდის ვალდებულება, მაგრამ ე. წ.-ს, როგორც მამკვიდრებლის კრედიტორს დ. ლ.-ს მიმართ მოთხოვნის უფლება სკ-ს 1488-ე მუხლის შესაბამისად წარმოეშობა ვ. ბ.-ს გარდაცვალების – 1999წ. 29 მარტის შემდეგ.
სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ დ. ლ.-მ უშუალოდ თვითონ ჯერ კიდევ 1997 წელს მიიღო გაყიდული ბინის ღირებულებიდან 4000 აშშ დოლარი ბინის მყიდველისაგან. გარდა ამისა, ეს თანხა მოპასუხეს რომც მიეღო, სკ-ს 1319-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო მასად ვერ მიიჩნევა, რადგან ვ. ბ.-ა იმ დროისათვის ცოცხალი იყო. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეს დედის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით რაიმე ქონება მიეღო. ე. წ.-მ გაუშვა ასევე სკ-ს 1488-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა. მისთვის ცნობილი იყო ვ. ბ.-ს გარდაცვალების შესახებ, მაგრამ 1999წ. ივლისამდე არ მიუმართავს სასამართლოსათვის.
ე. წ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის მყიდველმა ლ. ნ.-მ პირდაპირ განაცხადა, რომ დ. ლ.-ს უშუალოდ გადასცა ბინის ღირებულების თანხა 4000 აშშ დოლარი. სკ-ს 1375-ე მუხლის თანახმად, ეს თანხა უნდა ჩაითვალოს სავალდებულო წილში. იმავე კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი მემკვიდრე ვალდებულია მთლიანად დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები. ამიტომ, მოპასუხის მიერ მამკვიდრებლის სიცოცხლეში მიცემული 4000 აშშ დოლარიდან მან უნდა გადაუხადოს კასატორს 2000 აშშ დოლარი. სასამართლომ არასწორად გამოიყენა 1488-ე მუხლის პირველი ნაწილი, უნდა გამოეყენებინა იმავე მუხლის მეორე ნაწილი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ფოთის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 2 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასტურდება, რომ კასატორმა ვ. ბ.-ს გარდაცვალებამდე მიმართა სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილმა ვ. ბ.-მ 1996 წელს დაწერილი მარტივი წერილობითი ფორმის ხელწერილით იკისრა ე. წ.-ს მიმართ ვალდებულება კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გაყიდვისთანავე, მოსარჩელის გარდაცვლილი შვილის, თ. გ.-საგან მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე. ვ. ბ.-მ 1997წ. 20 ნოემბერს ქ. ფოთში, ... მდებარე კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მიჰყიდა ლ. ნ.-ს, მაგრამ მას ბინის გაყიდვის შემდეგ ე. წ.-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. ვალენტინა ბ.-ა გარდაიცვალა 1999წ. მარტში.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სკ-ს 1375-ე მუხლის თანახმად, დ. ლ.-ის მიერ დედის – ვ. ბ.-ს სიცოცხლეში მიღებული ბინის ღირებულება – 4000 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სავალდებულო წილში. ზემოხსენებული ნორმის თანახმად, პირს, რომელსაც აქვს სავალდებულო წილის მიღების უფლება, მოვალეა სავალდებულო წილში ჩათვალოს ყველაფერი, რაც მამკვიდრებლისაგან მიიღო მის სიცოცხლეში იმაზე მითითებით, რომ მიღებული ჩაითვალოს სავალდებულო წილში. ეს მუხლი გამოყენებული უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელს სამკვიდროს სახით დარჩა რაიმე ქონება, რადგან იმავე კოდექსის 1373-ე მუხლში მოცემულია სავალდებულო წილის მოცულობის განსაზღვრა და აღნიშნულია, რომ სავალდებულო წილის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება მთელი სამკვიდროდან იმ ქონების ჩათვლით, რომელიც გათვალისწინებულია საანდერძო დანაკისრის ან საერთო სასარგებლო მიზნით, რაიმე მოქმედების შესასრულებლად. სკ-ს 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით კი სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დ. ლ.-მ დედის სიკვდილის შემდგომ მისგან სამკვიდროს სახით რაიმე ქონება თუ მიიღო. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ე. წ.-ს ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ვინაიდან აწ გარდაცვლილ ვ. ბ.-ს სამკვიდრო არ დარჩენია, ამიტომ მისი შვილის – დ. ლ.-ის მიმართ არ შეიძლება გამოყენებული იქნეს 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. წ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.