გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-573-03 20 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ვალის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ა-ემ სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მ. მ-ისაგან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის 1999წ. 21 ივნისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 3000 აშშ დოლარზე თვეში 14%-ის დარიცხვით, 3 თვის ვადით, რომლის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საცხოვრებელი ბინა. მოპასუხის მიერ 2000წ. 6 ივლისს გადახდილი იქნა 1850 დოლარი, ხოლო 18 ოქტომბერს 500 აშშ დოლარი. ვინაიდან მოპასუხე თავს არიდებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე 3000 აშშ დოლარის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მ. მ-ს ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1910 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა. ასევე, ნ. ა-ემ შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ განმარტა ხელშეკრულებაში მითითებული 14% იყო თუ არა გონივრულ შესაბამისობაში ეროვნული ბანკის ზღვრულ ოდენობასთან.
აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება 650 აშშ დოლარის ოდენობით.
ნ. ა-ემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და თანხის ანაზღაურება 14%-ის დარიცხვით 2002წ. 30 მარტამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ს ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2813 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.
პალატა მიუთითებს, რომ ნ. ა-ესა და მ. მ-ს შორის 1999წ. 21 ივნისს დაიდო სესხის ხელშეკრულება 3000 აშშ დოლარის თაობაზე, თვეში 14%-ის დარიცხვით. მხარეთა შორის იმავე დღეს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. ვალდებულება დათქმულ დროს არ შესრულებულა. მხარეები არ უარყოფენ, რომ მ-ს სულ გადახდილი აქვს 2350 აშშ დოლარი, 2000წ. 16 ივლისს 1850, ხოლო 2000წ. 18 სექტემბერს 500 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების თანახმად, სესხის ხელშეკრულება დაიდო 1999წ. 21 სექტემბრამდე. დადგენილ დროში სესხი დაბრუნებული არ ყოფილა. სკ-ს 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი. ვინაიდან სესხი შეადგენდა 3000 აშშ დოლარს და იგი უნდა დაბრუნებულიყო 1999წ. 21 სექტემბერს, ამიტომ ამ დღიდან მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტი, რამაც 21 სექტემბრიდან 6 ივლისამდე შეადგინა 810 აშშ დოლარი. 6 ივლისს მ. მ-ის მიერ გადახდილ იქნა 1850 აშშ დოლარი. აღნიშნულს გამოაკლდა ზიანის სახით გადასახდელი 810 აშშ დოლარი და დარჩა გადახდილი 1040 აშშ დოლარი. ძირითად თანხას 3000-1040=1960. აღნიშნულის 3% არის 58,80 აშშ დოლარი. ოქტომბრამდე ზიანმა შეადგინა 235,20. ოქტომბერში გადახდილი იქნა 500 აშშ დოლარი. დარჩა გადასახდელი ძირითადი თანხა _ 1695,2 აშშ დოლარი. 18 სექტემბრიდან 2002წ. 23 ივლისამდე ვალდებულებების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანია 1119,7 აშშ დოლარი, სულ _ 2839,9 აშშ დოლარი.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ემ.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში აღნიშნული პირველი სამი თვე, რომლის 3% შეადგენს 270 აშშ დოლარს. სასამართლოს მიერ არ არის ჩათვლილი და გათვალისწინებული ძირითადი დარჩენილი თანხის 650 აშშ დოლარის 3%, რომელიც თვეში შეადგენს 19,5 აშშ დოლარს. 2002წ. 18 ოქტომბრიდან 2002წ. 23 ივლისამდე პერიოდის, 21 თვის და 3% 409 აშშ დოლარია. სასამართლოს მიერ ასევე არ არის გათვალისწინებული ძირითადი თანხიდან გადაუხდელი 650 აშშ დოლარი.
საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გადასახდელი თანხა შეადგენს 3278 აშშ დოლარს.
კასატორის წარმომადგენელი თვლის, რომ საოლქო სასამართლომ უნდა შეასწოროს გადაწყვეტილება სსკ-ს 386-ე მუხლის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ჩ-მ მოითხოვა საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.
უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით ასევე მიმართა მ. მ-მა და განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ბათილად ცნო სესხის ხელშეკრულებაში საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარის შეგებებული საჩივრის საფუძველზე დააკისრა 1948 აშშ დოლარის გადახდა, რაც უკანონოდ მიიჩნია, რადგან, თუ სასამართლომ საპროცენტო განაკვეთი ცნო ბათილად, მაშინ არ უნდა დაეკისრებინა თანხა, რომელიც აღემატებოდა ძირითადი თანხიდან დარჩენილ ვალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ნაცვლად 1949 აშშ დოლარისა 650 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.
საქმის განხილვის პროცესში ნ. ა-ემ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი თქვა თავის საკასაციო საჩივარზე. აღნიშნულის გამო ნ. ა-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდა საკასაციო წარმოება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ნ. ა-ესა და მ. მ-ს შორის 1999წ. 21 ივნისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 3000 აშშ დოლარის თაობაზე თვეში 14%-ის დარიცხვით. ვალდებულების შესრულების ვადა შეადგენდა სამ თვეს. მხარეთა შორის ამავე დღეს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება მ. მ-ის კუთვნილ ბინაზე.
საქმის მასალებით ირკვევა და მხარეებიც არ უარყოფენ, რომ განსაზღვრულ დროში ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
მოვალის მიერ ვალდებულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ ვადაში მოვალე ვალდებულებას არ შეასრულებს. სკ-ს 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი მსესხებელს საკუთრებაში გადასცემს ფულს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს იმავე სახის ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, რაც მ. მ-ის მიერ არ შესრულებულა.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის დადგენილი პროცენტი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია.
მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით ყოველ გადაცილებულ თვეზე ძირითად თანხას ერიცხებოდა თანხის 14%, რაც კანონის თანახმად ბათილია, რადგან იგი არ შეესაბამება ბანკთაშორისო საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნას, მასზე მხოლოდ ძირითადი თანხიდან დარჩენილი 650 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, რადგან დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროცენტის გადახდაზე.
პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს და მიაჩნია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს, ხოლო დადგენილი პროცენტი უნდა შემცირდეს.
ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს მ. მ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან საოლქო სასამართლომ ბათილად ცნო არა გადასახდელი პროცენტი, არამედ მისი ოდენობა ზღვრულ ოდენობასთან შეუსაბამობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.