საქმე # 330100123006866741
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №854აპ-23 ქ. თბილისი
მ. რ. 854აპ-23 31 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით(სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რ. მ–ე ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი, კერძოდ, ა. ზ–სე უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, არ შეწინააღმდეგებოდა, შეესრულებინა მისი ნებისმიერი სახის სურვილი, ასევე, უკონტროლებდა სოციალურ ქსელებს, გადაადგილებას, მეგობრებთან ურთიერთობას და უკრძალავდა მისთვის არასასურველი ტანსაცმლის ჩაცმას. აღნიშნული მოტივით, 2021 წლის 16 აგვისტოს, ქ.თ–ში, გ–ს გამზირზე, ავტოგასამართ სადგურ „გ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომანქანაში რ. მ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. ზ–ს, კერძოდ: სახეში გაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რ. მ–ე ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი, კერძოდ, ა. ზ–ე უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, არ შეწინააღმდეგებოდა, შეესრულებინა მისი ნებისმიერი სახის სურვილი, ასევე, უკონტროლებდა სოციალურ ქსელებს, გადაადგილებას, მეგობრებთან ურთიერთობას და უკრძალავდა მისთვის არასასურველი ტანსაცმლის ჩაცმას. აღნიშნული მოტივით, 2021 წლის 16 აგვისტოს, ქ. თ–ში, გ–ს გამზირზე, ავტოგასამართ სადგურ „გ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომანქანაში რ. მ–მ, ძალადობის მუქარით, ა. ზ–სე აიძულა მისთვის მიეცა ამ უკანასკნელის კუთვნილი მობილური ტელეფონის კოდი, რაც ა. ზ–სემ, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, შეასრულა;
2.3. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რ. მ–ე ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი, კერძოდ, ა. ზ–ე უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, არ შეწინააღმდეგებოდა, შეესრულებინა მისი ნებისმიერი სახის სურვილი, ასევე, უკონტროლებდა სოციალურ ქსელებს, გადაადგილებას, მეგობრებთან ურთიერთობას და უკრძალავდა მისთვის არასასურველი ტანსაცმლის ჩაცმას. აღნიშნული მოტივით, 2021 წლის 22 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, ქ. თ–ში, მ–ში, სუპერმარკეტ „ნ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომანქანაში რ. მ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. ზ–ს, კერძოდ: სახეში გაარტყა გაშლილი ხელი, რის გამოც, დაზარალებულს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და შეუშუპდა ტუჩი. აღნიშნული ქმედებებით ა. ზ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.4. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რ. მ–ე ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი, კერძოდ, ა. ზ–ე უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, არ შეწინააღმდეგებოდა, შეესრულებინა მისი ნებისმიერი სახის სურვილი, ასევე, უკონტროლებდა სოციალურ ქსელებს, გადაადგილებას, მეგობრებთან ურთიერთობას და უკრძალავდა მისთვის არასასურველი ტანსაცმლის ჩაცმას. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის 13 აგვისტოს, ხ–ში, სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში რ. მ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. ზ–ს, კერძოდ: სახეში გაარტყა გაშლილი ხელი და კისერში ძლიერად მოუჭირა ხელი, რა დროსაც ა. ზ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.5. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რ. მ–ე ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი, კერძოდ, ა. ზ–ე უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, არ შეწინააღმდეგებოდა, შეესრულებინა მისი ნებისმიერი სახის სურვილი, ასევე, უკონტროლებდა სოციალურ ქსელებს, გადაადგილებას, მეგობრებთან ურთიერთობას და უკრძალავდა მისთვის არასასურველი ტანსაცმლის ჩაცმას. 2022 წლის 13 აგვისტოს, ხ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლის მიერ რ. მ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი №....., რომლითაც რ. მ–ს აეკრძალა, ა. ზ–სთან, საცხოვრებელ მისამართთან, ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩაზე, მე-.. კორპუსის, ბინა №..-თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, რ. მ–მ 2022 წლის 31 აგვისტოს დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, მისი მოქმედების პერიოდში მივიდა ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩაზე, მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეხვდა ა. ზ–ს, ესაუბრა და სთხოვა შერიგება, რის შემდგომაც მთელი ღამე გაატარეს ერთად;
2.6. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რ. მ–ე ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი, კერძოდ ა. ზ–ე უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, არ შეწინააღმდეგებოდა, შეესრულებინა მისი ნებისმიერი სახის სურვილი, ასევე, უკონტროლებდა სოციალურ ქსელებს, გადაადგილებას, მეგობრებთან ურთიერთობას და უკრძალავდა მისთვის არასასურველი ტანსაცმლის ჩაცმას. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის სექტემბრის თვიდან 2022 წლის 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში რ. მ–ე ა. ზ–სთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას პირადად შეხვედრებით. თითქმის ყოველდღე მიდიოდა ა. ზ–სის საცხოვრებელ სახლთან მისამართზე – ქ.თ–ში, ქ–ს ქუჩა, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში და მის მიმდებარედ, საათობით ელოდებოდა და ცდილობდა მასთან საუბარს, მის გაკონტროლებას, ეჭვიანობდა მასზე. რ. მ–სის ქმედებებით ა. ზ–ე განიცდიდა ტანჯვას და იძულებული იყო ყველანაირად თავი აერიდებინა მასთან ურთიერთობისთვის, კერძოდ, ცდილობდა სახლიდან არ გასულიყო მარტო და სარგებლობდა შემოვლითი გზით, ვინაიდან ეშინოდა მისი დახვედრის. 2022 წლის 5 ნოემბერს, ასევე, რ. მ–ს მისული იყო ზემოთ მითითებულ მისამართზე და როდესაც დაინახა ა. ზ–ე გაეკიდა მას, შეყვა კორპუსის მიმდებარედ არსებულ მაღაზიაში და დაამყარა არასასურველი კომუნიკაცია. ყოველივე აღნიშნულით ა. ზ–მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა და გაუჩნდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება;
2.7. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რ. მ–ე ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი, კერძოდ, ა. ზ–ე უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, არ შეწინააღმდეგებოდა, შეესრულებინა მისი ნებისმიერი სახის სურვილი, ასევე, უკონტროლებდა სოციალურ ქსელებს, გადაადგილებას, მეგობრებთან ურთიერთობას და უკრძალავდა მისთვის არასასურველი ტანსაცმლის ჩაცმას. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის მაისში, ქ.თ–ში, ქ–ს ქუჩა, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში მყოფ ა. ზ–ს რ. მ–ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „ტვინს გაასხმევინებდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მარტის განაჩენით:
3.1. რ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი - 2021 წლის 16 აგვისტოს, 2021 წლის 22 აგვისტოს, 2022 წლის 13 აგვისტოს - ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – ჯარიმა 1 000 ლარი;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1 000 ლარი;
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1 000 ლარი;
3.1.4. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – ჯარიმა 1 000 ლარი;
3.1.5. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – ჯარიმა 1 000 ლარი;
3.1.6. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – ჯარიმა 1 000 ლარი;
3.1.7. საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. მ–ს მოსახდელად განესაზღვრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. რ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან – 2022 წლის 29 ნოემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და, მსჯავრდებულ რ. მ–სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება - ყველა წარდგენილ ეპიზოდთან მიმართებით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – სასჯელის გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გათვალისწინებით დანიშვნა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულ რ. მ–სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას, კერძოდ, ყველა წარდგენილ ეპიზოდთან მიმართებით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენის გათვალისწინებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ რ. მ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრისას გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენის გათვალისწინებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი(სამი ეპიზოდი) სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
9.1. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, რ. მ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ რ. მ–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით დანიშვნას, ერთი მხრივ, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ რ. მ–ე ნასამართლობის არმქონეა, მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება; მეორე მხრივ კი სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ფარგლებში რ. მ–ს სწორად ამოურიცხა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა სრულად კანონშესაბამისია და არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
11. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
12. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე