გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-575-03 26 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (ძირითად სარჩელში); სამემკვიდრეო მოწმობისა და სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში ... მდებარე სახლი ირიცხებოდა გ. რ-ის აწ გარდაცვლილი მეუღლის დ. ბ-ის სახელზე როგორც უკანონო ნაგებობა.
2001წ. 23 მარტს აღნიშნულ მისამართზე 280 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა – ნაგებობებით საჯარო რეესტრში აღირიცხა დ. ბ-ზე.
2001წ. 29 მარტს აწ გარდაცვლილი დ. ბ-ის მეუღლის ნ. ქ-ის სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.
2001წ. 13 აპრილს ნ. ქ-ემ მემკვიდრეობით მიღებული სახლთმფლობელობა გაასხვისა დ. მ-ეზე.
2001წ. ივნისში დ. მ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ნ. ქ-ის ქალიშვილის გ. ბ-ი-რ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.
გ. რ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ნ. ქ-ეზე გაცემული სამემკვიდრეო მოწმობისა და დ. მ-ესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ. რ-ე გამოსახლებულ იქნა ქ.თბილისში ... მდებარე სახლიდან. გულნაზი რ-ეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
გ. რ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა დ. მ-ის სარჩელი. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეტანილ იქნა ცვლილება კანონისმიერ სამკვიდრო მოწმობაში და 1/2 წილი ბ-ის სამკვიდრო ქონებისა აღირიცხა გ. რ-ის სახელზე დანარჩენ ნაწილში შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი.
გ. რ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას შეგებებული სარჩელის ნაწილში და ამ ნაწილში მისი მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილებას.
დ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას გ. რ-ის გამოსახლებაზე უარის თქმის, სამკვიდრო მოწმობაში 1/2½ წილის გ. რ-ეზე აღრიცხვის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სარჩელი და არ იქნება დაკმაყოფილებული გ. რ-ის მოთხოვნა სამკივდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2001წ. 29 მარტის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა გაცემულია გ. რ-ის დედის ნ. ქ-ის სახელზე.
გ. რ-ემ შეგებებულ სარჩელში მოპასუხედ მიუთითა არა ნ. ქ-ე, არამედ დ. მ-ე.
სსკ-ს 85-ე მუხლის შესაბამისად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით.
სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სამკვიდროს მოწმობის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში არასათანადო მოპასუხის – დ. მ-ის სათანადო მოპასუხით – ნ. ქ-ით შეცვლის თაობაზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.
საჭიროა საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ დაადგინოს, ჩაითვლება თუ არა დ.მ-ე კეთილსინდისიერ შემძენად; დ. ბ-ის მემკვიდრეებს შორის დავა წარმოადგენს თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დ.მ-ე არ არის სადავო სახლის მესაკუთრე.
სკ-ს 183-ე მუხლის თანახმად უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენისას საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ნ. ქ-ესა და დ. მ-ეს შორის 2001წ. 13 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით. დ. მ-ის განმარტების თანახმად, მას ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის თაობაზე შეტანილი აქვს განცხადება საჯარო რეესტრში და რომ რეგისტრაცია ვერ განხორციელდა დ. რ-ის მოთხოვნით ქონებაზე ყადაღის დადების გამო.
სკ-ს 314-ე მუხლის თანახმად რეესტრში რეგისტრაციის თარიღად მიიჩნევა რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანის დღე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. მ-ის და გ. რ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.