გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-576-03 2 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ვალის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 11 სექტემბერს ზ. ხ-ემ სარჩელი აღძრა ე. გ-ის წინააღმდეგ ვალის დაბრუნების თაობაზე და მიუთითა, რომ 2000წ. სექტემბერში ე. გ-მა სთხოვა სესხად მიეცა 3000 აშშ დოლარი თვეში 10%-ის სარგებლით, ამასთან, ე. გ-ი თანახმა იყო იპოთეკით დაეტვირთა საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელემ მოპასუხეს 2000წ. 16 ნოემბერს მისცა 1600 აშშ დოლარი, ხოლო 2001წ. 6 აპრილს – 1400 აშშ დოლარი, მიუხედავად დანაპირებისა ე. გ-მა არც სახლი დატვირთა იპოთეკით და არც ვალი დააბრუნა დროულად.
მოსარჩელემ მოითხოვა ძირითადი თანხის – 3000 აშშ დოლარის ანაზღაურება ყოველთვიური 10% სარგებლისYდანამატით.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ე. გ-ს დაეკისრა 3000 აშშ დოლარის _ ძირითადი თანხის და პროცენტის (5%) – 2200 აშშ დოლარის გადახდა ზ. ხ-ის სასარგებლოდ. სასამართლომ დაადგინა სესხის ზეპირი ხელშეკრულების არარსებობის ფაქტი და გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 623-ე, 625-ე და 627-ე მუხლები.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-მა, რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით მოითხოვა სარჩელზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ე. გ-ს ზ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა, მასვე დაეკისრა სასამართლო ხარჯების გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
პირველი ინსტანციის სასამართლომ ე. გ-ისათვის ფულის გადაცემა და მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა დაადგინა მხოლოდ მოსარჩელის და მოწმეთა ჩვენებებით, რაც სკ-ს 624-ე მუხლის მოთხოვნას ეწინააღმდეგება. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი გააუქმა და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გარიგების არსებობა 1400 აშშ დოლარზე არ დასტურდება და ზ. ხ-ის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულებისას მისი ნამდვილობა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით არ შეიძლება დადგინდეს. კანონმდებელი მიუთითებს წერილობითი მტკიცებულებების არსებობასაც. პალატამ მიუთითა სსკ-ს 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიაჩნია, რომ მოსარჩელემ გარდა მოწმეთა ჩვენებებისა სხვა მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სესხის არსებობის ნამდვილობა. ის გარემოება, რომ ე. გ-ი მივიდა ზ. ხ-ესთან ფულის სასესხებლად და ვალის დაბრუნების პასუხისმგებლობაც მან იკისრა, არ ნიშნავს მათ შორის გარიგების არსებობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ შეიძლება სესხზე ლაპარაკი, თუ ფული მსესხებელმა არ მიიღო, ე.ი. არარაა ისეთი გარიგება, როცა მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას კრედიტორს დაუბრუნოს ის, რაც მისგან არ მიუღია. მხარეთა შორის გარიგებას 1600 აშშ დოლარის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რადგან ე. გ-მა საქმის ზეპირი მოსმენის დროს დაადასტურა ის გარემოება, რომ იგი ხ-ეს დაპირდა 1600 აშშ დოლარის შეძლებისდაგვარად დაბრუნებას. და 2001წ. ივლისში 500 აშშ დოლარი, ხოლო აგვისტოში 100 აშშ დოლარი დაუბრუნა. პალატამ მიიჩნია, რომ გ-მა 1600 აშშ დოლარის სესხების ფაქტი აღიარა, რაც სსკ-ს 131-ე მუხლის თანახმად, შეიძლება საკმარის მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული. სასამართლომ სკ-ს 361-ე მუხლზე მიუთითა და მიიჩნია, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ-ემ. კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უკანონოა. კერძოდ, სასამართლომ სესხის ზეპირი ხელშეკლრულება 1600 აშშ დოლარის ნაწილში ნამდვილად მიიჩნია, რადგან ე. გ-მა აღიარა, რომ თანხა ისესხა, ხოლო 1400 აშშ დოლარის ნაწილი, რომელიც ასევე აღიარა სასამართლომ აღიარებად არ მიიჩნია და ამ ნაწილში უსაფუძვლოდ უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებას. ამასთან, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 403-ე მუხლი და მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ზინის ანაზღაურება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ფულის – 3000 აშშ დოლარის დაბრუნება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის ზეპირი ხელშეკრულება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 361-ე მუხლი, რადგან მევალემ, ე. გ-მა, ვალის ნაწილი – 600 აშშ დოლარი გადაიხადა. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მაშინ, როცა 1600 აშშ დოლარის ნაწილში სესხის ხელშეკრულება ნამდვილად იქნა მიჩნეული, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება სესხის ნაწილის – 1400 აშშ დოლარის დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას საქმეში არსებული მოპასუხის ახსნა-განმარტების თაობაზე, სადაც ე. გ-ი არ უარყოფს 1400 აშშ დოლარის სესხების ფაქტს. პალატა თვლის, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა, თუ რატომ არ იზიარებს მოპასუხის ახსნა-განმარტებაში მითითებულ გარემოებებს 1400 აშშ დოლარის სესხად აღების თაობაზე, რომელიც მან მოცემული დავის პირველი ინსტანციით განხილვისას აღიარა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ განსახილველ საქმეზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და იგი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები. კერძოდ, უნდა დაადგინოს მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებაში აღიარა თუ არა ისეთი გარემოებების არსებობა, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას. ამასთან, დასადგენია აღიარების არსებობის შემთხვევაში ხომ არ ჰქონდა ადგილი აღიარების გაქარწყლებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.