Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-577-03 29 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ნარდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 21 ივნისს მ. რ-ემ შპს “ი.” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხისათვის გადაცემული თანხის 1150 აშშ დოლარის, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, 1997წ. იანვრიდან 2001წ. მაისის ჩათვლით 3047 აშშ დოლარის, სულ 4197 დოლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ მოთხოვნას საფუძვლად დაუდო მოპასუხესთან ზეპირი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც 1995წ. აპრილში მოპასუხეს მისცა შეკვეთა წიწვოვანი მასალისაგან კარ-ფანჯრების დამზადების შესახებ. ხელშეკრულების შესაბამისად წინასწარ გადაიხადა 1 მილიონი რუსული რუბლი, რაც იმ დროისათვის უდრიდა 250 აშშ დოლარს.

შეკვეთა შესრულდა, მაგრამ იმდენად უხარისხოდ, რომ მან უარი განაცხადა ნაკეთობის მიღებაზე და მოითხოვა შეკვეთის ხარისხიანად შესრულება. ახალი შეკვეთა უნდა შესრულებულიყო 1996წ. აგვისტოსათვის. მან სრულად გადაიხადა შეკვეთის ღირებულების დანარჩენი 900 აშშ დოლარი, მაგრამ შეკვეთა არც აგვისტოში არ შერულდა. 1996წ. დეკემბრის თვეში შეატყობინეს, რომ შეკვეთა შესრულებული იყო და ნაკეთობა წაეღო, მაგრამ როცა ადგილზე გამოცხადდა მენარდემ განუცხადა, რომ ნაკეთობათა ნაწილი მოპარეს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის არ დადებულა კანონშესაბამისი ნარდობის ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობდა სამართლებრივ ვალდებულებებს, ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო. მოსარჩელის მოსაზრების საფუძველზე მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1997წ. იანვრიდან სარჩელი კი შეიტანა 2001წ. ივნისში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ძველი სამოქალაქო კოდექსი, რომლის 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად ამ სახის ხელშეკრულება უნდა დადებულიყო წერილობითი ფორმით, რაც არ მომხდარა, ხოლო ამავე კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად ფორმის დაუცველობა სადავოობის შემთხვევაში მხარეებს ართმევს უფლებას ფაქტების დასადასტურებლად დაეყრდნონ მოწმეთა ჩვენებებს. რაიონულმა სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულადაც მიიჩნია, ვინაიდან გასული იყო სარჩელის წარდგენის სამწლიანი ვადა.

2002წ. 25 იანვარს მ. რუხაძემ სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს. იმავე სასამართლოში მან 2002წ. 12 თებერვალს შეიტანა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2002წ. 30 აპრილს. სასამართლო სხდომაზე მოწვევის თაობაზე უწყება როგორც მოსარჩელეს, ისე წარმომადგენელს ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ მოსამართლის არყოფნის გამო სხდომა გადაიდო 2002წ. 17 ივნისისათვის. უწყება მოსარჩელისათვის გადასაცემად ჩაიბარა მისმა წარმომადგენელმა მ-მა.

ვინაიდან 17 ივნისს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არც მოსარჩელე და არც მისი წარმომადგენელი, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მითითებულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელის წარმომადგენელმა ვ.მ-მა. მან მიუთითა, რომ იგი შეცდა დროში, ნაცვლად 12 საათისა სასამართლოში გამოცხადდა 13 საათზე და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარის წარმომადგენლის მიერ თავის ჩანაწერებში სხდომის დროის არასწორად აღნიშვნა არ წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

2003წ. 15 მარტს მ.რუხაძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2002წ. 15 ოქტომბერს მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება, რათა სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს შესაძლებელი გახდეს სარჩელის დაზუსტება და წარდგენილი სარჩელის უარყოფა, რომელიც მისი შედგენილი არ არის და არ ასახავს მის მოთხოვნას.

კასატორს მიაჩნია, რომ მ-მა სასამართლოში მისი სარჩელის ნაცვლად შეიტანა მისთვის უცნობი შინაარსის სარჩელი, რომელიც შედგენილია მოპასუხის ინტერესების შესაბამისად. მანვე მიუთითა, მისი წარმომადგენლის მიერ სასამართლოში წარდგენილია ყალბი სარჩელი და ყალბი ორდერი. ფაქტიურად მ-ი იყო არაუფლებამოსილი პირი, შემდეგ კი არ გამოცხადდა სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს.

ვინაიდან წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ხარვეზიანი იყო, კერძოდ მასში მითითებული არ იყო საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე, საკასაციო სასამართლომ 2003წ. 2 ივნისის განჩინებით კასატორს მისცა ვადა ხარვეზის შესავსებად.

2003წ. 1 ივლისს კასატორმა წარმოადგინა დამატებითი საკასაციო საჩივარი და მიუთითა, რომ მის წარმომდგენელს 2002წ. 17 ივნისს სხდომის დრო 13 საათი სწორად ჰქონდა ჩანიშნული, სხდომა დაიწყო 13 საათზე. 13 საათსა და 15 წუთზე კოლეგია გავიდა სათათბირო ოთახში, ხოლო 13 საათსა და 25 წუთზე დაბრუნდა სხდომის დარბაზში. სხდომა დამთავრდა 13 საათსა და 30 წუთზე. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია რატომ უნდა გამოცხადებულიყო მ-ი 12 საათზე და 13 საათს რატომ მიიჩნევს შეცდომით ჩანიშნულ დროდ.

არც მას და არც მის წარმომადგენელს არ მიუღია უწყება 17 ივნისს დანიშნულ სხდომაზე მიწვევის შესახებ.

მისი მოსაზრებით მისი წარმომადგენელი მ-ი სხდომაზე გამოცხადდა დროულად, მაგრამ იგი არ შეუშვეს სხდომათა დარბაზში.

საქმეში წარმოდგენილი უწყება 17 ივნისს სხდომაზე მიწვევის შესახებ ყალბია. იგი წარმოადგენს უწყებას 7 ივნისისათვის სხდომაზე მოწვევის შესახებ, რომელშიც ციფრი “0” გადასწორებულია ერთიანად, ხოლო უწყებაში მითითებული სხდომის დაწყების დრო 12 საათი არ ემთხვევა სხდომის ოქმში დაფიქსირებულ დროს 13 საათს. ამასვე მიუთითებს სხდომის ოქმში არსებული გადასწორებები სხდომის დღისა და დროის შესახებ. სასამართლო სხდომაზე კასატორმა ამავე საფუძვლით მოითხოვა 2002 წ. 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის განმარტებანი და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე 2002წ. 17 ივნისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 15 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც მოსამართლემ დაავალა უწყების შეტანა, ვალდებულია სასამართლოში დააბრუნოს მისი მეორე ცალი უწყების მიღებაზე ადრესატის ხელმოწერით.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსამართლე უფლებამოსილია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2002წ. 30 აპრილს ამ საქმის მომხსენებელი მოსამართლე სასამართლოში არ იმყოფებოდა, რის გამოც სხდომა არ შედგა. ამ ნორმის შესაბამისად უწყება შეიძლება მიეცეს მხარეს, ამასთან უწყება ჩაბარებულად მხოლოდ მაშინ ითვლება, როცა სასამართლოს დაუბრუნდება უწყების მეორე ცალი უწყების მიღებაზე ადრესატის ხელმოწერით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმეში მოიპოვება უწყების მეორე ნაწილი, რომელზეც არ არის ადრესატის ხელმოწერა, ანუ ასეთ ვითარებაში უწყება ადრესატზე ჩაბარებულად არ ითვლება.

სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სასამართლო სხდომაზე მართლაც არ იყო მოწვეული დადგენილი წესით, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილი არ იყო მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ 2002წ. 17 ივნისისათვის სხდომაზე მოწვევის შესახებ გაგზავნილი უწყებების თარიღები გადასწორებულია. ამ უწყებების შესაბამისად სხდომა დაიდწყო 13 საათზე და დამთავრდა 13 საათსა და 30 წუთზე, თუმცა 2002წ. 30 აპრილს შედგენილი ცნობა, რომლითაც სხვა დროისათვის გადაინიშნა სხდომა, სხდომის დაწყდების დროდ მითითებულია 12 საათი, თუმცა სხდომის დღე აქაც გადასწორებულია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 ოქტომბრის განჩინება, ამავე სასამართლოს 2002წ. 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

კასატორი განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.