Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-578-03 15 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “ა.-ს.” სარჩელი აღძრა ა. კ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა მატერიალური ზიანის – 38000 ლარის ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებანი: მოპასუხე მუშაობდა სს-ის დირექტორად და მან მიითვისა საზოგადოების ქონება. კერძოდ, ა. კ-ამ 1998 წელს ბანკიდან საზოგადოების სახელით აიღო კრედიტი 240000 აშშ დოლარი და მიითვისა. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიების პროცესში ა.კ-ამ თანხის ნაწილი – 216000 აშშ დოლარი ბანკს დაუბრუნა. დარჩენილი თანხის ასანაზღაურებლად ბანკმა სს “ა.-ს.” საბანკო ანგარიშიდან მოხსნა 22000 ლარი. კერძოდ, საქართველოს რკი-ნიგზისაგან სს “ა.-ს.” გადმორიცხული თანხა, 38000 ლარი, ა.კ-ას წერილის საფუძველზე ჩაირიცხა ფირმა “ა.” ანგარიშზე თითქოსდა მის მიმართ არსებული დავალიანების გამო. სს “ა.-ს.” და ფირმა “ა.” შორის არასოდეს ყოფილა საქმიანი ურთიერთობა. აღნიშნული თანხიდან 22000 ლარი წაიღო ბანკმა სს “ა.-ს.” სესხის დასაფარავად, 16000 ლარი კი ანგარიშიდან გაიტანა “ა.” დირექტორმა.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სს-ს დირექტორის აღნიშნული ქმედებით მიადგა ზიანი და ითხოვს მის ანაზღაურებას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 38000 ლარი ფირმა “ა.” გადაერიცხა 1998წ. 1 ოქტომბერს მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხე თვლის, რომ სადავო თანხა, თუ იგი უსაფუძვლოდაა გადარიცხული, მოსარჩელემ უნდა მოითხოვოს იმ ორგანიზაციიდან, ვინც ეს თანხა მიიღო.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ა.კ-ას დაეკისრა 38000 ლარის გადახდა სს “ა.-ს.” სასარგებლოდ.

სასამართლომ დაადგინა, რომ სს “ა.-ს.” სახელით ა.კ-ამ “ი.” გაიტანა კრედიტი 240000 აშშ დოლარი, რომელიც საწარმოს სალაროში არ შეიტანა. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიების პროცესში ა.კ-ამ სს “ა.-ს.” ანგარიშზე კრედიტის დასაფარავად შეიტანა 216000 აშშ დოლარი, რითაც ნაწილობრივ დაიფარა სს-ის დავალიანება, ბანკის მიმართ.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 10 სექტემბრის განაჩენით ა.კ-ა “ი.” კრედიტის სახით გატანილი 240000 აშშ დოლარის მითვისების ბრალდების ნაწილში გამართლდა.

ამავე განაჩენით ა.კ-ას სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ დაეკისრა “ი.” კრედიტის სახით გატანილი 240000 აშშ დოლარის დასაფარავად სს “ა.-ს.” სახსრებიდან ჩარიცხული 22000 ლარის გადახდა, მაგრამ ამ ნაწილში განაჩენი გაუქმდა, რადგან სსკ-ს 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მართლსაწინაააღმდეგო მოქმედების არარსებობის მოტივით პირის გამართლების შემთხვევაში სასამართლომ სამოქალაქო სარჩელი უნდა უარყოს.

სასამართლომ დაადგინა, რომ 38000 ლარი, რომელიც საქართველოს რკინიგზიდან შესრულებული სამუშაოებისათვის სს-ს უნდა მიეღო, მოსარჩელემ ვერ მიიღო, რადგან ა.კ-ას წერილის გამო უსაფუძვლოდ ჩაირიცხა ფირმა “ა.” ანგარიშზე. ამ თანხიდან 22000 ლარი ჩამოჭრა “ი.” ა.კვარაცხელიას მიერ “ა.-ს.” სახელით გატანილი კრედიტის ნაწილის დასაფარავად, ხოლო 16000 ლარი გაიტანა “ა.” დირექტორმა. აღნიშნული გარემოებები დადგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. სასამართლომ მიუთითა სსკ-ს 106-ე მუხლის “გ” პუნქტზე.

დადგენილია, რომ შპს “ა.” ფირმა “ა...” 16000 ლარი მიიღო. კერძოდ, 7000 ლარი მიიღო 1998 წ. 30 ოქტომბერს, ხოლო 5000 ლარი – 1998 წ. 3 ნოემბერს.

სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.7-ე; 56.1-ე მუხლებზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა.კ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 იანვრის განჩინებით ა.კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა.კ-ა 1989 წლიდან 1999წ. 9 მარტამდე მუშაობდა სს “ა.-ს.” საზოგადოების გენერალურ დირექტორად. სააქციო საზოგადოების დირექტორის ა. კ-ას წერილის საფუძველზე რკინიგზის დეპარტამენტის მიერ სს “ა.-ს.” ჩასარიცხი თანხა – 38000 ლარი გადაერიცხა ფირმა “ა.”. დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა ფირმა “ა.” ანგარიშზე უსაფუძვლოდ ჩაირიცხა. სასამართლომ დაადგინა, რომ სს-ის დირექტორის მიერ თანხის სხვა ფირმაში უსაფუძვლოდ გადარიცხვა არ იყო განპირობებული საზოგადოების ინტერესით. პირიქით, სადავო თანხა საზოგადოებას არ დაბრუნებია ფირმა “ა.”. ამ თანხიდან 22000 ლარი გადაირიცხა “ი.” ანგარიშზე, ხოლო 16000 ლარის ბედი ფაქტიურად დაუზუსტებელია. სასამართლომ მიიჩნია, რომ თანხის დაუბრუნებლობით საზოგადოებამ ზიანი მიიღო. სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.7-ე, 56.1-ე, 56.4-ე მუხლებზე.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.კ-ამ კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.7. მუხლი. სასამართლომ. დაადგინა, რომ დირექტორის არასწორი მოქმედებით საწარმოს მიადგა ზიანი. აღნიშნული ნორმა კი ითვალისწინებს დირექტორის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ იგი საზოგადოების საქმიანობას კეთილსინდისიერად არ გაუძღვება. თუ რაში გამოიხატა დირექტორის საწარმოს მიმართ თავისი ვალდებულებების არაკეთილსინდისიერად განხორციელება, სასამართლომ არ დაადგინა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს სადავო თანხა უნდა დაუბრუნოს “ი.” და ფირმა “ა.”, რადგან ეს თანხა მათ ანგარიშზე ჩაირიცხა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინების ის ნაწილი, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. კ-აზე 16000 ლარის დაკისრება, დაუსაბუთებელია. გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ 16000 ლარის ბედი ფაქტიურად დაუზუსტებელია, რაც პალატის მოსაზრებით არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად. ე.ი. დაუზუსტებელია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არსებითია დავის გადასაწყვეტად და არ არის დადგენილი. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნევა. პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაუსაბუთებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სასამართლოს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 22000 ლარი არასწორად დაეკისრა მას გადასახდელად. უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული თანხა მოსარჩელემ სს “ი.” უნდა მოსთხოვოს. დადგენილია, რომ ა.კ-ას მიერ გადასახდელი თანხა, 22000 ლარი, გადაიხადა სს “ა.-ს.”. ამიტომ სასამართლომ სწორად დააკისრა ამ თანხის გადახდა მოპასუხეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს კერძოდ, 16000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს: 16000 ლარი, რომელიც უსაფუძვლოდ ჩაირიცხა სხვა იურიდიული პირის ანგარიშზე, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული თანხის დაბრუნება ამ პირისაგან (სკ-ს 976-ე მუხლი); წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არსებობს მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისა; ამასთან, დასადგენია, რაში გამოიხატა ზიანი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. კ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 იანვრის განჩინება ა.კ-ასათვის 16000 ლარის დაკისრების შესახებ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.