გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-579-03 17 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: გამგეობის ჩანაწერის ბათილად ცნობა და საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 18 მაისს ი. ჩ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოწინააღმდეგე მხარე ლ. ა-ისა და მესამე პირის ...ის სოფლის გამგეობის მიმართ და მოითხოვა სოფ. ...ის გამგეობის ჩანაწერის გაუქმება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1965წ. 8 იანვარს მოხდა ი. ჩ-ისა და მისი შვილის, მ. ჩ-ის, კომლის გაყრა. გაყრილობის განჩინებით მოხდა ქონების გაყოფა. 1999წ. დასასრულს, კი ი.ჩ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ მის პირად საკუთრებაში არსებული სახლის 1/2½...ის სასოფლო საბჭოს აღურიცხავს მისი აწ გარდაცვილი შვილის, მ. ჩ-ის სახელზე ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვს ...ის სოფლის გამგეობის საკომლო წიგნებში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობას და სახლის მის სახელზე აღრიცხვას.
კასპის რაიონული სასამართლოს 2000წ. 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სადავო ჩანაწერი ცნობილ იქნა ბათილად, ხოლო კასპის რაიონის სოფ. ...ში არსებული სადავო საცხოვრებელი სახლი მთლიანად აღირიცხა ი. ჩ-ის სახელზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის მოტივით.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ი. ჩ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სკ-ს 128-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა, ვინაიდან, დადგენილია, რომ მ.ჩ-ის სახელზე სადავო საცხოვრებელი სახლის 1/2 აღირიცხა 1971-73 წლებში, სარჩელი კი ი.ჩ-მა აღძრა 23 წლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, თითქოს გამგეობაში გაკეთებული ჩანაწერის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 1999 წელს და მიიჩნია, რომ ი. ჩ-ს ნებისმიერ დროს შეეძლო ჩანაწერს გასცნობოდა და შეეტყო სადავო გარემოების შესახებ.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-მა და აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და იხელმძღვანელა კანონით, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: 1965წ. გაყრილობის განაჩენით ირკვევა, რომ ი. ჩ-ს შვილისთვის საცხოვრებელი სახლიდან წილი არ მიუცია, კასპის რაიონის სახელმწიფო არქივის ცნობაში მითითებულია, რომ სადაო საცხოვრებლის მ. ჩ-ზე აღრიცხვის საფუძველი მითითებული არ არის; ი. ჩ-ი სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე გაეცნო კასპის რაიონის სახელმწიფო არქივში დაცულ საკომლო წიგნებში არსებულ ჩანაწერებს, რის შემდეგაც დარწმუნდა, რომ ხელმოწერები მის მიერ არ იყო შესრულებული, ანუ იყო ყალბი. აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო ჩანაწერი შესრულებულია არა 1971-73 წლებში, არამედ მ. ჩ-ის გარდაცვალების შემდეგ – 1996 წელს. ვინაიდან ი. ჩ-ი იყო მეურნეობის მუშა, პერიოდულად უხდებოდა ჩანაწერების გაცნობა და ხელის მოწერა. ი.ჩ-ისთვის ცნობილი იყო, რომ სახლი მთლიანად ირიცხებოდა მის სახელზე. ჩანაწერის სიყალბის დასადასტურებლად სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა საკომლო წიგნების გამოთხოვისა და დათვალიერების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლო არ დაელოდა ამ დოკუმენტების წარმოდგენას, ისე მიიღო გადაწყვეტილება, რაც არასწორია, ვინაიდან, მხოლოდ საკომლო წინების გამოკვლევის და არქივის წარმომადგენლის დაკითხვის შემდეგ შეეძლო სასამართლოს ემსჯელა ი.ჩ-ის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასპის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1971-1973 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით მ. ჩ-ის სახელზე აღრიცხულია კასპის რაიონის სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2, ხოლო ამავე სახლის 1/2 კი აღრიცხულია ი. ჩ-ის სახელზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას სწორად გამოიყენა კანონი. სკ-ს 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა პირისგან რაიომე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მესამე ნაწილით ხანდაზმულების საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ კასატორი ი. ჩ-ისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო 1977-73 წლებში შესრულებული სადავო ჩანაწერის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით საფუძვლიანად არ გაიზიარა კასატორის არგუმენტი, რომ სადავო ჩანაწერის შესახებ მან გაიგო 1999 წელს, ვინაიდან ი. ჩ-ს, როგორც საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეს 23 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეეძლო გაცნობოდა საკომლო წიგნებში არსებულ ჩანაწერს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით აღძრულად მიიჩნია და სწორად მიუთითა სკ-ს 128-ე და 130-ე მუხლების მოთხოვნათა დაუცველობაზე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერი ყალბია და აღნიშნულზე სასამართლოს მიერ არ იქნა დაცული საპროცესო ნორმების მოთხოვნები.
საქმეში განთავსებულ 2002წ. 8 თებერვლის შუამდგომლობით ი. ჩ-ი ითხოვს ...ის სახელმწიფო არქივში დაცული სადავო ჩანაწერების გამოთხოვას საქმეში არსებული გაყრილობის განაჩენში ხელმოწერის შედარების მიზნით. საქმის არსებითად განხილვისას, 2003წ. 28 იანვარს, არ იყო რა ზემოხსენებული საკომლო წიგნები წარმოდგენილი, კასატორის მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე შუამდგომლობა ან პრეტენზია არ განუცხადებია. ამასთან, წერილობითი მტკიცებულების ნამდვილობა შეიძლება შემოწმდეს სსკ-ს 137-ე მუხლით დადგენილი წესით, წარდგენილი საბუთის სიყალბის დადასტურების შემთხვევაში კი სასამართლო გამორიცხავს მას მტკიცებულებიდან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეს რაიმე მტკიცებულება სადავო ჩანაწერის სიყალბის შესახებ არ წარუდგენია და მითითებული ნორმის საფუძვლეზე საბუთის სიყალბის შესახებ შუამდგომლობა არ დაუყენებია. სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.