გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-580-03 22 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 15 ნოემბერს ზ. გ-მა შპს “ს. რ.” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1977 წლიდან ქ. თბილისში ... პირად საკუთრებაში ჰქონდა სამოთახიანი სახლი 175 კვ.მ. საკარმიდამო ნაკვეთით.
1991წ. აპრილში მოპასუხემ გადაწყვიტა სამი ცხრა სართულიანი სახლის აშენება. მშენებლობის დაწყების გამო, 1991წ. ივნისიდან მისი სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა.
მრავალი საჩივრის შემდეგ მოპასუხემ 1992წ. 26 აგვისტოს ოფიციალურად აცნობა, რომ მშენებარე სახლში გარანტიით გამოყოფილი ერთოთახიანი ბინის ნაცვლად გამოეყოფოდა ოროთახიანი ბინა და მიწის ნაკვეთი ავტოფარეხისათვის.
1993წ. 18 თებერვალს საგარანტიო წერილით მოსარჩელეს აცნობეს, რომ ... მდებარე მათი სახლის ადგილზე საუწყებო 120 ბინიანი სახლის აშენების გამო გადაეცემოდა სამოთახიანი ბინა, რომლის მშენებლობა დამთავრდებოდა 1996 წელს.
მისი სახლის ადგილზე უკვე 10 წელია ჩაყრილია მრავალბინიანი სახლის ფუნდამენტი, მაგრამ, როგორც შეიტყო იგი უვარგისია.
მოსარჩელემ მოითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე საურავის გადახდა (სარჩელში მითითებული არ არის, თუ რის საურავს მოითხოვს იგი).
2001წ. 5 დეკემბერს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს. მან მოპასუხის მიერ საგარანტიო წერილით შეპირებული ოთხოთახიანი ბინის ნაცვლად მოითხოვა: 25000 აშშ დოლარის, მსხმოიარე ბაღის განადგურების გამო 3400 აშშ დოლარის, ბინის გაქირავების შედეგად 5 წლის მიუღებელი შემოსავლის _ 9000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მორალური ზიანის _ 9000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, ასევე მოითხოვა ვალდებულებიდან გამომდინარე, საურავის 15000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სულ კი 61400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გაცემული საგარანტიო წერილის მიხედვით მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1996 წლიდან. მან სასამართლოს სარჩელით მიმართა 2001 წელს, ანუ გაუშვა სარჩელის წარდგენის ვადა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
შპს “ს. რ.” დაეკისრა 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა 36400 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ 1993წ. 18 თებერვალს თბილისში, ... რკინიგზის საუწყებო სახლის ასაშენებლად აღებული საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ ამავე ადგილზე აშენებულ სახლში სამოთახიანი ბინის მიღების თაობაზე მოპასუხემ მოსარჩელეს მისცა საგარანტიო წერილი. სახლის მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო 1996 წელს.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და მიუთითა, რომ მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება არაერთხელ დაადასტურა. უკანასკნელად მოპასუხემ ვალდებულება აღიარა 2001წ. 6 აგვისტოს წერილითაც, ამიტომ მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.
რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 1991 წლიდან დროებით ცხოვრობს სხვის ბინაში და საკუთარი სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია.
მოპასუხის მიერ პირობის შეუსრულებლობის გამო, სკ-ს 405-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, უარი თქვას მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებაზე და 352-ე მუხლით მოითხოვოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ვინაიდან ეს შეუძლებელია, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს ფულადი ანაზღაურება.
რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ბაღის ღირებულების, გაქირავებით მიუღებელი შემოსავლის,M საურავისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში და საქართველოს რკინიგზას დაეკისრა 18000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აუდიტის სასარგებლოდ მოსარჩელეს დაევალა 560 ლარი, ხოლო მოპასუხეს – 1440 ლარის გადახდა.
მოსარჩელეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 2040 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის საკუთრების თაობაზე, ამიტომ ბაღის ღირებულების – 3400 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე უარი უთხრა. ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობდა შეთანხმება საურავზე, მოთხოვნა – 15000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ, უსაფუძვლო იყო. ასევე არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მოთხოვნა ბინის გაქირავების შედეგად მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება 1996 წლიდან ბინის გაქირავების ხელშეკრულების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა 9 წლის მანძილზე ბინის ქირის სახით 10800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე ჩატარებული სამი აუდიტის დასკვნის საფუძველზე სადავო უბანში სამოთახიანი ბინის ღირებულებად მიიჩნია 18000 აშშ დოლარი და სკ-ს 316-ე, 317-ე, 405-ე და 352-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელი დააკმაყოფილა 18000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში.
2003წ. 18 მარტს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს. მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო კანონის დარღვევით. მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო მოპასუხისათვის დაეკისრებინა მორალური ზიანის, ბინის გაქირავებით მიუღებელი შემოსავლის, ბინის დაქირავების გამო ხარჯებისა და საურავის გადახდა, სულ ბინის ღირებულებასთან ერთად – 50000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
კასატორმა ასევე მოითხოვა აუდიტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების მოხსნა, ვინაიდან აუდიტის ჩატარება, რომლის ხარჯების ნაწილის ანაზღაურება დაეკისრა მას, მოხდა მოპასუხის მოთხოვნით და ხარჯებიც მან უნდა გადაიხადოს.
იმავე დღეს მან წარადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა: ოთხოთახიანი ბინის სანაცვლოდ 25000 აშშ დოლარის, საკარმიდამო მსხმოიარე ბაღის ღირებულების 4600 აშშ დოლარის, ბინის დანგრევის გამო ბინის ქირის 12000 აშშ დოლარის, ბინის მოსალოდნელი გაქირავებით მიუღებელი შემოსავლის სახით 8400 აშშ დოლარის, სულ – 50000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 52-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.
მოცემულ შემთხვევაში, სამოთახიანი ბინის ფასის დასადგენად მოსარჩელემ სასამართლოს განცხადებით 2002წ. 25 ივნისს მიმართა. მან მიუთითა, რომ მოპასუხე არ ცნობდა სარჩელს და მოითხოვა აუდიტის ან ექსპერტიზის ჩატარება.
მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 26 ივნისს განიხილა და დააკმაყოფილა. დაინიშნა აუდიტორული შემოწმება. სასამართლოს მიერ აუდიტორული შემოწმების ჩატარება მხარეთა მოთხოვნის შესაბამისად, დაევალა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტთა ფედერაციას (მოპასუხის მოთხოვნა) და საქართველოს პარლამენტთან არსებულ აუდიტორულ საზოგადოება _ “ე. ა.” (მოსარჩელის მოთხოვნა).
საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს საზოგადოება “ე. ა.” დასკვნის ღირებულებამ შეადგინა 2000 ლარი, ხოლო შპს “ეკონომიკა აუდიტის” დასკვნის ღირებულება საქმის მასალებით განსაზღვრული არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 26 ნოემბრის განჩინებით აუდიტის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა წაგებულ მხარეს.
სსკ-ს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოიტანეს გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ბინის ღირებულების სახით 25000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში, მთლიანად დააკმაყოფილა (მოპასუხე ამ ნაწილში სარჩელს არ ცნობდა).
სააპელაციო სასამართლომ ბინის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში სარჩელი დააკმაყოფილა 18000 აშშ დოლარის ნაწილში, ანუ მოპასუხის პრეტენზია დაკმაყოფილდა მხოლოდ 7000 აშშ დოლარის ფარგლებში. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს სწორად დააკისრა 560 ლარის, ხოლო მოპასუხეს 1440 ლარის გადახდა, ვინაიდან სსკ-ს 53-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აუდიტის ხარჯები მხოლოდ მოპასუხემ უნდა გადაიხადოს. მართალია, მხარეებს გადასახდელად დაეკისრათ იმ აუდიტის ხარჯების გადახდა, რომელთანაც აუდიტორული შემოწმების ჩატარება მოხდა მოპასუხის მითითებით, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მოსარჩელეს აუდიტის ხარჯების გადახდისაგან, ვინაიდან ამ საპროცესო მოქმედების შესრულება ორივე მხარემ მოითხოვა.
არასწორია კასატორის მოთხოვნა ოთხოთახიანი ბინის სანაცვლოდ 25000 აშშ დოლარის ეკივვალენტი ლარის ანაზღაურების შესახებ.
საქმეში არსებული მასალებით და სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელეს მიეცა საგარანტიო წერილი სამოთახიანი და არა ოთხოთახიანი ბინის გამოყოფის შესახებ. აქედან გამომდინარე, ცხადია, სააპელაციო სასამართლო ვერ დააკმაყოფილებდა მის მოთხოვნას ოთხოთახიანი ბინის ღირებულების დაკისრების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს სწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს გაანგარიშება სამოთახიანი ბინის ღირებულებად 18000 აშშ დოლარის განსაზღვრის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი აუდიტის სამი დასკვნის შესაბამისად, სადავო ბინის ღირებულება 16000 აშშ დოლარიდან 20000 აშშ დოლარამდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სადავო ბინის ღირებულების განსაზღვრა სწორად მოახდინა საშუალო ფასის მიხედვით და სწორად დააკისრა მოპასუხეს ასანაზღაურებლად 18000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
არასწორია კასატორის მოთხოვნა მსხმოიარე ბაღის ღირებულების 4600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა სწორად არ დააკმაყოფილა და სწორად მიუთითა, რომ მას არ ჰქონდა წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება ბაღის არსებობისა და განადგურების თაობაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუშვებელია იმიტომაც, რომ მოსარჩელეს სწორედ იმისთვის მიეცა საგარანტიო წერილი სამოთახიანი ბინის გამოყოფის შესახებ, რომ მან ამის სანაცვლოდ დათმო თავისი სამოთახიანი სახლი და მიწის ნაკვეთი.
ასევე არასწორია კასატორის მოთხოვნა მოპასუხის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით 8400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან მიუღებელი შემოსავალი ესაა ანაცდური მოგება, ანუ მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ გაცემული საგარანტიო წერილით მოსარჩელეს, მართალია, მიეცა უფლება მისი დანგრეული სახლის სანაცვლოდ 1996 წლიდან მიეღო სამოთახიანი ბინა საცხოვრებლად, მაგრამ ეს საგარანტიო წერილი არ ითვალისწინებდა ამ ბინის მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრებისათვის საცხოვრებლად გამოყოფის გარდა სხვა კომერციულ მიზნებს, (მისი გაქირავება და ა.შ.), ამიტომ მოპასუხის მხრივ პირობის შეუსრულებლობით ანაცდური მოგების ანაზღაურებაზე მოთხოვნა გაუმართლებელია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს შეეძლო დაეყენებინა მოთხოვნა, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ (სათანადო მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში), მაგრამ ასეთი მოთხოვნა მხარეს არ დაუყენებია. მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელეს მოთხოვნა საქმის განხილვის პროცესში საკასაციო სასამართლოსთვის არ წაუყენებია.
კასატორის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლის დანგრევის გამო მოპასუხის მიერ ბინის ქირის სახით 12000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, არ განიხილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 381-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს მოთხოვნა ბინის დანგრევის გამო ქირის სახით 12000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებია. ეს მოთხოვნა მან დააყენა მხოლოდ 2002წ. 11 აპრილს თავის დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში, მაგრამ ამის თაობაზე სარჩელი დადგენილი წესით არ შეუტანია.
სსკ-ს 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, გადადოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო ვალდებულია აცნობოს მოპასუხეს, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის გადადების თაობაზე სსკ-ს 381-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო მსჯელობა უნდა იქონიოს სასამართლომ. როგორც წესი დავის საგნის ოდენობის გადიდება ხდება დამატებითი სარჩელის შეტანის გზით, რის თაობაზეც სათანადო საპროცესო ღონისძიებები უნდა ჩაატაროს სასამართლომ.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დავის საგნის გადიდების თაობაზე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართა რა მოსარჩელემ, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო საკითხი გადაეწყვიტა სსკ-ს 381-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. მითითებული საკითხის ამ წესით გადაწყვეტის გარეშე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო ემსჯელა ბინის ქირის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, მართალია, მიუთითა, რომ აპელანტის მოთხოვნა ბინის ქირის სახით 10800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილი არ იყო მონაცემები ქირის გადახდის შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ მიუთითებია მოთხოვნის ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან დაკმაყოფილების თაობაზე, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეხებია მოთხოვნის ამ ნაწილს, რის გამოც მოსარჩელეს უფლება აქვს სათანადო სარჩელის წარდგენით მოითხოვოს მის მიერ ქირის სახით გადახდილი თანხების მოპასუხისთვის დაკისრების დავალდებულება. საკასაციო სასამართლო ქირის სახით ასანაზღაურებელი თანხების დაკისრების საკითხს ვერ განიხილავს, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 30 იანვრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.