Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-581-03 6 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: განქორწინება და ალიმენტი.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ი-ი და ა. ც-ი 1989წ. 9 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 1990წ. 5 დეკემბერს შეეძინათ შვილი ნ. ც-ი.

ა. ც-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მ. ი-თან განქორწინება იმ საფუძვლით, რომ ვერ შეეწყვნენ ხასიათით და 1999წ. ოქტომბრიდან ფაქტობრივად შეწყვეტილია მათ შორის საქორწინო ურთიერთობა.

მ. ი-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის აღსაზრდელად მოსარჩელისათვის ალიმენტის დაკისრება თვეში 100 ლარის ოდენობით.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის არსებული ქორწინება შეწყდა, ა. ც-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 25 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-მა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, რომლის 2002წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით კვლავ შეწყდა მხარეთა შორის ქორწინება და ა. ც-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სრუწლოვანებამდე ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრებას და ოჯახის შენარჩუნებას პერსპექტივა არ აქვს, ხოლო ალიმენტი მხარეს უნდა დაეკისროს მისი წლიური შემოსავლისა და ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზდისათვის ყველაზე მინიმალურ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მ. ი-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მისი, როგორც ქალის ინტერესები, რომლის კმაყოფაზეც დარჩა მცირეწლოვანი შვილი; სასამართლომ არ გაარკვია, მხარეს თვითონ სურდა განქორწინება, თუ ამას აიძულებდა მესამე პირი, ხოლო ალიმენტის ოდენობა არასაკმარისია შვილის აღსაზრდელად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული რაიონული სასამართლოს განჩინება.

მ. ი-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სასამართლოს აღნიშნული განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია სკ-ს 1127-ე და 1230-ე მუხლების მოთხოვნები. ამასთან, სასამართლომ არ მიიღო ყველა ზომები ოჯახის გადასარჩენად საქართველოს სკ-ს 1129-ე მუხლის შესაბამისად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მხარეთა შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა ფაქტიურად შეწყვეტილია, ა. ც-ი ფაქტიურად წასულია ოჯახიდან და დღემდე არ მომხდარა მათი ურთიერთობის აღდგენა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ თითქოს სასამართლომ დაარღვია 1127-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნული მუხლის შესაბამისად მეუღლეებს მიეცათ შერიგებისათვის ხუთთვიანი ვადა. გარდა აღნიშნულისა, საქმე ორჯერ იქნა განხილული პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ მხარეთა შერიგების ცდა უშედეგოდ დამთავრდა. ამიტომ სასამართლო ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე უფლებამოსილი იყო განექორწინებინა მეუღლეები.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზეც, რომ სკ-ს 1129-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს უნდა მიეღო ზომები ოჯახის გადასარჩენად. აღნიშნული მუხლი ეხება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას მეუღლეთა რჩენის თაობაზე. ასეთი საკითხი კი საქმის განხილვისას მხარეებს არ დაუყენებიათ და ბუნებრივია, სასამართლო აღნიშნულ ნორმას ვერ გამოიყენებდა მხარეთა შორის ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სწორადაა განსაზღვრული ა. ც-ისათვის დაკისრებული გადასახდელი ალიმენტის ოდენობა. მშობლების მიერ შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის განსაზღვრის წესი დადგენილია სკ-ს 1214-ე მუხლით და არა 1230-ე მუხლით, როგორც ამას მიუთითებს კასატორი. 1214-ე მუხლის თანახმად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე. შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ერთადერთი მტკიცებულება, საიდანაც ირკვევა ა. ც-ის მატერიალური მდგომარეობა, არის საქმეში მოთავსებული ცნობა ამ უკანასკნელის სამუშაო ადგილიდან. სხვა მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. იმ პირობებში, როდესაც პიროვნების ხელფასი შეადგენს 35 ლარს, შეუძლებელია ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს უფრო დიდი ოდენობით, ვიდრე მას დაკისრებული აქვს სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 იანვრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.