Facebook Twitter

საქმე # 330100120004072256

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №556აპ-23 ქ. თბილისი

ბ. თ.556აპ-23 14 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ბ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 29 ივლისს, დაახლოებით, 18:15 საათზე ქ. თ–ში, მ–ს გამზირზე, თ. ბ–მა, რომელიც მართავდა ,,გაზ 2410’’ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით – ......, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ, ნებადართული სიჩქარის დასაშვებ ზღვარს და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ო. დ–ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მიღებული დაზიანებების გამო, ო. დ–ი, მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, 2014 წლის 11 აგვისტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განაჩენით:

3.1. თ. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილი ბრალდება (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და თ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, თ. ბ–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა – 2 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა;

3.3.,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, თ. ბ–ი სრულად გათავისუფლდა დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელების მოხდისაგან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ემზარ ფუხაშვილმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და თ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს მსჯავრდებულ თ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ზ. თ–მ და ი. ა–მა, რომლებმაც მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განაჩენი.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განაჩენის გაუქმება, თ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თ. ბ–ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ თ. ბ–მა 2014 წლის 29 ივლისს ავტომობილით – ,,გაზ 2410’’, სახელმწიფო ნომრით – .........., ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესის დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ, ნებადართული სიჩქარის დასაშვებ ზღვარს და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ო. დ–ს, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები (იხ. სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნა ტ.1, ს.ფ. 99-111). მოცემულ შემთხვევაში სადავოა დაზარალებულ ო. დ–სის გარდაცვალებასა და ავტოსაგზაო შემთხვევას შორის მიზეზობრივი კავშირი და შესაბამისად, ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, ანუ თ. ბ–ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, თუ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება თ. ბ–ს მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც თ. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით) საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ 2014 წლის 11 აგვისტოს მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა ო. დ–ი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა და ითვალისწინებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნის თანახმად, ო. დ–სის სიკვდილის მიზეზია პოლიორგანული უკმარისობა, განვითარებული ჩირქოვანი პერიტონიტის და ორმხრივი კრუპოზული პნევმონიის შედეგად. სამედიცინო საბუთების მონაცემების მიხედვით, ო. დ–ს ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 2014 წლის 11 აგვისტოს, 14:30 საათზე, გვამის გამოკვლევის მონაცემები არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღსა და დროს. გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ნახეთქები და სისხლჩაქცევები ღვიძლში ჰეპატოციტების ნეკროზითა და მწვავე ანთებადი ცვლილებებით, სისხლჩაქცევები მუცლის კედელში მარჯვნივ, სისხლჩაქცევები მარჯვენა თირკმლის ცხიმოვან კაფსულაში, მარჯვენა თირკმელზედა ჯირკვალში, მარცხენა ფილტვის ზედა წილში, გულმკერდის სეგმენტის ზურგის ტვინის რბილ ქსოვილებში, მარცხენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე. ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მსხვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებული არიან მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ისინი ერთობლივად მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დაზიანებები ხანდაზმულობით, გარდა მარჯვენა მხრის სამივე მესამედის შიგნითა ზედაპირზე, მარჯვენა იდაყვის სახსრის შიგნითა და წინა ზედაპირზე ნაწილობრივ, ასევე მარჯვენა წინამხრის ზედა მესამედის შიგნითა და წინა ზედაპირებზე არსებული სისხლნაჟღენთი, გულმკერდის ქვედა მესამედის უკანა ზედაპირზე და მუცლის ზედა და შუა მესამედების უკანა ზედაპირზე არსებული სისხლნაჟღენთი მარცხენა ლოყის მიდამოში და კისრის ზედა მესამედში არსებული ხაზოვანი ნაჭდევები არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებული ტრავმის მიღების თარიღს, ხოლო მარჯვენა მხრის სამივე მესამედის შიგნითა ზედაპირზე, მარჯვენა იდაყვის სახსრის შიგნითა და წინა ზედაპირზე ნაწილობრივ, ასევე მარჯვენა წინამხრის ზედა მესამედის შიგნითა და წინა ზედაპირებზე არსებული სისხლნაჟღენთი, გულმკერდის ქვედა მესამედის უკანა ზედაპირზე და მუცლის ზედა და შუა მესამედების უკანა ზედაპირზე არსებული სისხლნაჟღენთი, მარცხენა ლოყის მიდამოში და კისრის ზედა მესამედში არსებული ხაზოვანი ნაჭდევები, ხანდაზმულობით შეესაბამებიან 1-3 დღეს. ასევე გვამის გამოკვლევით აღინიშნება მარჯვენა მე-6-7 ნეკნების სიკვდილის შემდგომი მოტეხილობა მკერდის ძვალთან შესახსრებაში, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. მიღებული დაზიანებები არის თუ არა მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან, ამის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, სათანადო პროფილის სპეციალისტების მონაწილეობით (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 99-111).

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოცემული სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნით დადგენილ გარემოებებს, რომ ო. დ–ს გვამს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს (2014 წლის 29 ივლისს) მიღებულ დაზიანებებთან ერთად სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, რომელიც ხანდაზმულობით შეესაბამება 1-3 დღეს (ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 2014 წლის 11 აგვისტოს), რომლის ხარისხი ექსპერტიზის ფარგლებში ცალკე არ შეფასებულა (თუ რა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება იყო) და შეფასდა მხოლოდ ავტოავარიისას მიღებულ დაზიანებებთან ერთად, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. შესაბამისად, მოცემული გარემოებებისა და ექსპერტიზაში მითითებული მოთხოვნის (სათანადო პროფილის სპეციალისტების მონაწილეობით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის) გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ ვერ დგინდება ო. დ–ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროს ნ. კ–ს 2015 წლის 10 ნოემბრის წერილს, რომლითაც დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭიროა ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღონ ექიმ-სპეციალისტებმა კრიტიკული მედიცინის დარგში, ქირურგმა, გულმკერდის ქირურგმა და ინფექციონისტმა-სეფსოლოგმა, წერილით მოთხოვნილია შესაბამისი ექიმ-სპეციალისტების გამოყოფა (იხ. ტ.1, ს.ფ. 141), ნ. კ–ს 2015 წლის 16 დეკემბრის წერილით დგინდება, რომ გამოყოფილ სპეციალისტთაგან ერთმა(მ. ჯ–ე) უარი განაცხადა ექსპერტიზაში მონაწილეობაზე, ბ. ი–თან დაკავშირება კი ვერ მოხდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 142-143); სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კ. ა–ს 2020 წლის 18 მარტის წერილში ასევე მითითებულია, რომ სამმა სპეციალისტმა უარი განაცხადა ექსპერტიზაში მონაწილეობაზე, გულ-მკერდის ქირურგთან მიტანილი მასალები კი შესწავლის გარეშე დაბრუნდა უკან, წერილით მოთხოვნილია ახალი სპეციალისტების გამოყოფა (იხ. ტ.1, ს.ფ. 144), 2020 წლის 3 აპრილის კ. ა–ს წერილით კი ირკვევა, რომ სპეციალისტების კანდიდატურების წარმოუდგენლობის გამო ექსპერტიზა ვერ ჩატარდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 145-146).

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს 2020 წლის 20 აგვისტოს დადგენილებას კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ. 167-168) და ბრალდების მხარის 2020 წლის 24 აგვისტოს შუამდგომლობას წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ, კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის საფუძვლით (იხ. ტ.1, ს.ფ.176-177), თუმცა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც საქმის სააპელაციო წესით განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადგენდა თ. ბ–ს ქმედებასა და ო. დ–ს გარდაცვალებას შორის მიზეზობრივ კავშირს. შესაბამისად, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, თ. ბ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე