Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-583-03 29 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობაა.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “თ.” სარჩელით მიმართა საოლქო სასამართლოს შპს “დ.-სა” და შპს “მ.” წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა ფულადი ვალდებულების შესრულება შემდეგი საფუძვლებით: 1999წ. 21 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ შპს “მ.” მისცა კრედიტი 250000 აშ დოლარი, წლიური 22% სარგებლით. კრედიტი უნდა დაფარულიყო 2002წ. 23 თებერვლამდე. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იმავე დღეს დაიდო გირავნობის ხელშეკრულება.

1999წ. 23 სექტემბერს სს “თ.”, შპს “მ.” და შპს “დ.-ს” შორის დაიდო ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც შპს “დ.-მ” იკისრა 1999წ. 21 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს “მ.” ვალდებულება.

1999წ. 6 ოქტომბერს სს “თ.” და შპს “წ.” შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გაიცა კრედიტი 36417 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაფარულიყო 2000წ. 15 მარტამდე.

2000წ. 20 მარტს სს “თ.” და შის “დ.-ს” შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა გასცა კრედიტი – 260000 აშშ დოლარი, წლიური 21% სარგებლით. კრედიტის დაფარვის ვადა განისაზღვრა 2003წ. 20 მარტამდე.

2000წ. 17 ნოემბერს დაიდო სს “თ.” და შპს “დ.-ს” შორის საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს 1999წ. 21 სექტემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების ახალ რედაქციას. ამ ხელშეკრულების მიხედვით, კრედიტის ოდენობა შეადგენს 250000 აშშ დოლარს, წლიური 22% სარგებლით. კრედიტის დაფარვის ვადად განისაზღვრა 2002წ. 23 თებერვლი.

2000წ. 30 ნოემბერს შპს “დ.-მ” იკისრა შპს “წ.” 1999წ. 6 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

მოპასუხემ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა ძირითადი ვალის – 573.554 აშშ დოლარის პროცენტის – 220.276.2 აშშ დოლარის და ჯარიმის – 19.676.8 აშშ დოლარის სულ, 813.506 აშშ დოლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც საქმის განხილვისას გამოცხადდა სასამართლოში. მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საოლქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი.

სსკ-ს 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სკ-ს 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსხვისებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. მოსარჩელე სს “თ.” ვერ დაამტკიცა გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. კერძოდ, ვერ წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულებები საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხის მსესხებლის საკუთრებში გადაცემის შესახებ. მოსარჩელეს არ გააჩნია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული თანხები რეალურად მიღებული ჰქონდათ სესხის ხელშეკრულებაში მითითებულ პირებს.

საქმეზე წარმოდგენილი თითოეული საკრედიტო ხელშეკრულება თანხის დაუბრუნებლობისას ითვალისწინებს პროცენტს გადაუხდელლ თანხაზე და ჯარიმას. მაგრამ, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა კრედიტის მსესხებელზე საკუთრებაში გადაცემის ფაქტი, შესაბამისად ამისა, ვერ წარადგინა გაანგარიშება და ვერ დაასაბუთა ძირითადი ვალი, დაუსაბუთებელია პროცენტისა და ჯარიმის მოთხოვნაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სსკ-ს 230-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “თ.”. კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც წარმოიშვა ბანკსა და კლიენტს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან (867-ე მ.). მოსარჩელე – ბანკია, ხოლო მოპასუხე ის პირი, ვინც თავის თავზე აიღო ფულადი ვალდებულების შესრულება, რასაც ითვალისწინებს სკ-ს 203-ე მუხლი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ განსახილველი საქმის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, კერძოდ სკ-ს 623-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან აღნიშნული მუხლი არ არეგულირებს საკრედიტო დაწესებულებასა და კლიენტს შორის სამართლებრივ ურთიერთობას. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სკ-ს 203-ე მუხლი, რომელზეც სასამართლომ არ იმსჯელა.

პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, საქმეზე გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “თ.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 27 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის კოლეგიას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.