Facebook Twitter

3კ-586-02 22 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: საპროცესო ვადის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ფ.-ს” და შპს “ე.-ის” წარმომადგენელმა თ.ო.-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივრის ავტორს დაენიშნა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების ასლი თ.ო.-ს ჩაბარდა 2002წ. 30 აპრილს, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით და არც განცხადების ავტორი აღნიშნულ ფაქტს არ ხდის სადავოდ.

განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, რის გამოც უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 17 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

თ. ო.-მ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და სსკ-ს 68-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება. თ.ო.- მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს, რომ 2002წ. 18 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ მხარეებს – სს “ფ.-სა” და შპს “ე.-ს” არ ჩაბარებია, ამასთან განჩინება რომც ჩაბარებოდა მხარეები ხარვეზს ვერ შეავსებდნენ, რადგან იმ პერიოდში შეეცვალა ხელმძღვანელობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა განცხადება და თვლის, რომ თ.ო.-ს განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 93-ე მუხლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. მართალია საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმის განხილვაში მაგრამ ეს მისი უფლებაა და ამდენად, თუ საქმის განხილვაში მონაწილეობს მხარის წარმომადგენელი და არა მხარე, სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქმე ისე, როგორც მხარის მონაწილეობის შემთხვევაში.

სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებებს, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით.

რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია (სკ-ს 713 მუხლი).

სსკ-ს მე-100 მუხლის თანახმად წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით სასამართლო ნიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სს “ფ.-ო” და შპს “ე.-ი” საქმის განხილვაში პირადად არ მონაწილეობდნენ და სასამართლოში საქმეს აწარმოებდნენ წარმომადგენლის – თ. ო.-ს მეშვეობით, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა უფლება შეესრულებინა მარწმუნებლის სახელით ყველა საპროცესო მოქმედება, მათ შორის სსკ-ს 98-ე მუხლით გათვალისწინებული მოქმედებები.

დადგენილია, რომ თ. ო.-ს თავის უფლებამოსილებაზე უარი არა აქვს ნათქვამი. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა არა მხარემ, არამედ მისმა წარმომადგენელმა. ვინაიდან თ. ო.-ს მინიჭებული ჰქონდა ყველა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება და სასამართლოში საქმეს აწარმოებდა უშუალოდ მხარის მონაწილეობის გარეშე, საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ განჩინებაც სსკ-ს 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაეგზავნა მას, როგორც საკასაციო საჩივრის ავტორს.

სსკ-ს 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმიწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

ამდენად, განცხადების ავტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ განჩინება მხარეს არ ჩაბარებია, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. როგორც აღნიშნა განჩინება 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ჩაბარდა საჩივრის შემტან პირს – თ.ო.-ს.

სსკ-ს 64-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, დანიშნული ვადა შეიძლება აღადგინოს სასამართლომ, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მოხდა საპატიო მიზეზით.

სსკ-ს 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება იმ ვადის გასვლამდე, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება. ვადის გასვლის შემდეგ ასეთ განცხადებას სასამართლო მიიღებს, თუ ცნობს, რომ ვადის გასვლამდე განცხადების შეუტანლობა მოხდა საპატიო მიზეზით. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს საპროცესო მოქმედების ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში თ. ო.-მ საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადება შეიტანა ამ ვადის გასვლის შემდეგ. განცხადებაში იგი ვერ მიუთითებს რაიმე მიზეზებზე, რამაც ხელი შეუშალა ვადის გაგრძელების შესახებ მიემართა განცხადებით, საპროცესო ვადის გასვლამდე. განცხადებაში ასევე არ არის მითითებული მიზეზები და მტკიცებულებები, რომლებმაც განაპირობეს მის მიერ (საკასაციო საჩივრის შემტანის მიერ) საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ თ.ო.-ს მიერ, როგორც საპროცესო ვადის გასვლამდე განცხადების შეუტანლობა, ასევე საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მოხდა არასაპატიო მიზეზით, რის გამოც მისი განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ფ.-სა” და შპს “ე.-ის” წარმომადგენლის თ. ო.-ს განცხადება არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.