Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-587-03 26 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. კ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ტ. ლ-ისა და ნ. მ-ის გამოსახლება რუსთავში, ... მდებარე ბინიდან შემდეგი საფუძვლით: მოპასუხეებმა მისგან ისესხეს ფული, ვალი დროულად ვერ გადაუხადეს, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ დაეკისრათ 2940 აშშ დოლარის გადახდა. რადგან ტ. ლ-მა და ნ. მ-ემ დაკისრებული თანხა არ გადაიხადეს, მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება და 2002წ. 8 ივლისს აუქციონის წესით გაიყიდა სადავო ბინა. აუქციონზე ბინა შეიძინა კ-მა. დღეისათვის თვითონ არის ბინის მესაკუთრე და რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. როგორც მესაკუთრე იგი მოკლებულია შესაძლებლობას თავისუფლად ფლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას, რადგან მოპასუხეები ბინას ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ. ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვთ 2940 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოხდა სადავო ბინის გაყიდვა აუქციონზე. აუქციონზე ბინა შეიძინა ნ. კ-მა და იგი არის ბინის მესაკუთრე. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი პასუხობს სკ-ს 172-ე მუხლის მოთხოვნებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ტ. ლ-მა და ნ. მ-ემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა ნ. კ-ი; სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ტ. ლ-მა და ნ. მ-ემ, რომლითაც ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: საოლქო სასამართლომ არ გაითვალისწინა მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები იმის თაობაზე, რომ მათსა და კ-ს შორის სესხის ხელშეკრულება დადებული იყო იძულების წესით; ბინის აუქციონზე გაყიდვა მოხდა ყალბ დოკუმენტზე დაყრდნობით; ბინა არასწორად არის შეფასებული აუდიტის მიერ. მათ მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით ბინა შეფასებული უნდა იყოს 7000 აშშ დოლარად. სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ დაკისრებული აქვთ 2940 აშშ დოლარი, სხვაობა შეადგენს 4060 აშშ დოლარს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ტ. ლ-ს და ნ. მ-ეს ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 2940 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება დღეისათვის კანონიერ ძალაშია. აღნიშნული გადაწყვტილების აღრულების მიზნით აუქციონზე გაიყიდა მოპასუხეთა ბინა მდებარე რუსთავში, .... ბინა შეიძინა თვითონ ნ. კ-მა და საჯარო რეესტრში დღეისათვის იგი არის ბინის მესაკუთრე. მას, როგორც მესაკუთრეს სკ-ს 172 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეუძლია მფლობელს ანუ მოპასუხეებს მოსთხოვოს ნივთის (ბინის) უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ, რადგან ვალის დაფარვის მიზნით მათი ბინა გაიყიდა აუქციონზე. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 172-ე მუხლზე დაყრდნობით სწორად არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულება იძულებით დაადებინეს და სადავო ბინა აუქციონზე არასწორად შეაფასეს. სესხის დაკისრების შესახებ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რის გამოც სესხის კანონიერების შესახებ სააპელაციო სასამართლო ვეღარ იმსჯელებდა, გარდა ამისა, კასატორებს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებიათ აუქციონის შედეგები და დღეისათვის სადავო ბინის მესაკუთრე ნ. კ-ია.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ. ლ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.