¹ 3კ-588-03 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისში ... მდებარე სახლის 3/8 ნაწილის მესაკუთრეა მ. ჯ.-ა, ხოლო 5/8 ნაწილი ირიცხება ნ. ნ.-ზე. მ. ჯ.-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ნ. ნ.-ის მიმართ საცხოვრებელი სახლიდან რეალური წილის გამოყოფის, სამეურნეო ფართის ნაწილის გადაცემის ეზოში არსებულ დამხმარე ნაგებობებზე საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ.
ნ. ნ.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ფართის დაკანონება 78 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად ცნობა და მიყენებული ზარალის 571 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით მ. ჯ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გამოეყო 79,37 კვ.მ საცხოვრებელი ფართი დამხმარე სათავსოები, 2,17 კვ.მ და შესასვლელი მასვე დაუკანონდა 19,96 კვ.მ და 31,76 კვ.მ. ნაგებობები.
შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ. ნ.-ს მიეკუთვნა 50,73 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მის მფლობელობაში არსებული დამხმარე სათავსოები და 48,72 კვ.მ სამეურნეო ფართი. დანარჩენ ნაწილში შეგებებულ სარჩელზე უარი ეთქვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ.-მ, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება საცხოვრებელი და სამეურნეო ფართის გამოყოფის, საერთო შესასვლელის ჯ.-სათვის მიკუთვნებისა და ზარალის ანაზღაურების ნაწილში.
მ. ჯ.-მ სააპელაციო საჩივარი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის მიკუთვნების ნაწილში. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ნ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა საცხოვრებელი და სამეურნეო ფართის მიკუთვნების ნაწილში. 38,87 კვ.მ, 14,42 კვ.მ და 11,86 კვ.მ ფართის ოთახები ცნობილი იქნა ნინო ნ.-ის საკუთრებად, მ. ჯ.-ს სამეურნეო ფართი განისაზღვრა 23,23 კვ. მეტრით, ხოლო 2,17 კვ.მ ფართის შესასვლელი დარჩა მხარეთა საერთო სარგებლობაში. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
მ. ჯ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სამეურნეო ფართის გაყოფის და იზოლირებული შესასვლელის ნაწილში.
ქუთაისში ... მდებარე სახლის 5/8 ნაწილის მესაკუთრეა ნ. ნ.-ე საქალაქო სასამართლოს 1995წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. სახლის 3/8 ნაწილი 1996წ. 11 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა მ. ჯ.-მ.
სასამართლოს გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის და დამხმარე სათავსოების გაყიდვის, აგრეთვე ნაგებობების დაკანონების ნაწილში არ გასაჩივრებულა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამჟამად მხარეებს შორის დავის საგანს შეადგენს სამეურნეო ფართი და შესასვლელი.
სამეურნეო ფართი შეადგენს 56,42 კვ. მეტრს. ამ ფართიდან 32,33 კვ.მ უკავია ნ. ნ.-ს, ხოლო 23,23 კვ.მ მ. ჯ.-ს. ნ. ნ.-ის მფლობელობაშია, აგრეთვე 22,55 კვ.მ ფართის-სარდაფი, რომელიც არ არის დაკანონებული.
მ. ჯ.-ა მოპასუხის მფლობელობაში არსებული 32,33 კვ.მ სარდაფის მიკუთვნებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ფართი განთავსებულია მისი საცხოვრებელი სახლის ნაწილის ქვეშ.
კასატორი ამტკიცებს, რომ არსებობს საერთო შესასვლელის მისთვის დატოვებისა და ნ.-ის ოჯახისათვის დამოუკიდებელი შესასვლელის მოწყობის ტექნიკური შესაძლებლობა.
სსკ-ს 162-ე მუხლის შესაბამისად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სასამართლოს, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა. სააპელაციო პალატას ტექნიკური საკითხების გარკვევასთან დაკავშირებით არ უმსჯელია ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ს (1964წ.) ნორმები იმ საფუძვლით, რომ სადავო ურთიერთობა წარმოიშვა ამ კოდექსის მოქმედების პერიოდში.
სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა კანონი. მართალია მხარეებმა სახლის მათი კუთვნილი ნაწილები შეიძინეს სკ-ს (1997წ.) ამოქმედებამდე, მაგრამ დავა წარმოიშვა ამ კოდექსის მოქმედების პერიოდში.
სკ-ს 963-ე მუხლის შესაბამისად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საზიარო უფლება არ გაუუქმებია.
თუ სადავო ქონება წარმოადგენს მრავალბინიან სახლს, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სკ-ს 408-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს მრავალბინიან სახლებში ბინის საკუთრებას.
სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სამართლის ნორმები ითვლება დარღვეულად, რადგან სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდეს სამეურნეო ფართის გაყოფის და იზოლირებული შესასვლელის მოწყობაზე უარის თქმის ნაწილში. საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.