¹3კ-589 20 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქუთაისის ....... სადგურის მიმართ იმ მოტივით, რომ იგი 1981 წლიდან მუშაობდა რა მოპასუხე ორგანიზაციაში მთავარ ბუღალტრად, “მოპასუხისგან განხორციელებული დევნის საფუძველზე” 1999წ. 11 მაისს უსაფუძვლოდ გამოუცხადეს საყვედური, ხოლო 1999წ. 31 მაისს ¹29 ბრძანებით შეუწყვიტეს შრომითი კონტრაქტი. სამუშაოდან დათხოვნის უკანონობის თაობაზე მოსარჩელემ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მ. ჩ-ი ითხოვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენას, სამუშაოზე აღდგენას და განთავისუფლების დღიდან ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-მა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 თებერვლის განჩინებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ სკ-ს 130-ე და 204-ე მუხლების საფუძველზე მ. ჩ-ის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად მიიჩნია.
მ. ჩ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: მოპასუხეს არ წარმოუდგენია კასატორისათვის სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების ჩაბარების მტკიცებულება. ამ ფაქტობრივი გარემოების შეფასებისას სასამართლომ არასწორად განმარტა შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადის დათხოვნის ბრძანების ჩაბარების ვადის ათვლის შესახებ. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 130-ე მუხლი, ვინაიდან შკკ-ს 204-ე მუხლი სპეციალური ნორმაა. საქმის მასალებით დასტურდება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის დევნა. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ემსჯელა, არსებობდა თუ არა ხანდაზმულობის ვადის გასვლის საპატიო მიზეზი. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ შკკ-ს 204-ე მუხლი სპეციალური ნორმაა და ამ ვადის აღდგენას კანონი არ ითვალისწინებს. სასამართლოს ამ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა შკკ-ს 204-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის აღდგენას, თუ არსებობს საპატიო მიზეზი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლის და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამ სახის პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია, ხოლო სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო შემდეგი:
მ. ჩ-ი მუშაობდა ........ სადგურში მთავარ ბუღალტრად. 1999წ. 31 მაისის ¹9 ბრძანების საფუძველზე იგი დათხოვნილ იქნა სამუშაოდან. სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით მ. ჩ-მა სარჩელით მიმართა 1999წ. 20 ოქტომბერს. დათხოვნის შესახებ მ. ჩ-ისთვის ცნობილი გახდა 1999წ. 2 ივნისს, რაც დასტურდება 1999წ. 1 მაისის ბრძანების ასლზე მოსარჩელის მიერ შესრულებული შენიშვნით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილი და არასწორად გამოიყენა სკ-ს 130-ე მუხლი, რომლითაც სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია, ვინაიდან კასატორისათვის ბრძანების ჩაბარების მტკიცება არ არსებობს. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ განჩინებაში სავსებით სწორად მიუთითა, რომ შრომის სამართალი წარმოადგენს რა კერძო სამართლის სისტემის ნაწილს, მის მიმართ გამოიყენება სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის დებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სკ-ს 130-ე მუხლსა და შკკ-ს 204-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით მ. ჩ-ის მიერ ერთთვიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა კანონიერად მიიჩნია გაშვებულად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით საპატიო მიზეზის არსებობისას გაშვებული ხანდაზმულობის ვადის აღდგენის დაუშვებლობაზე. შკკ-ს 204-ე მუხლის მესამე ნაწილი საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის აღდგენას. თუმცა აღნიშნული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს, ვინაიდან სასამართლომ იმსჯელა რა ხანდაზმულობის ვადის გაშვების მიზეზებზე, იგი არასაპატიოდ მიიჩნია. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ. ჩ-ის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება საპატიოდ ვერ ჩაითვლება, ვინაიდან კასატორი მიმართავდა სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოებს არა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, არამედ – მის მიმართ არსებული დევნის და სხვადასხვა საკითხებზე. ამასთან, ზემოხსენებული სამართალდამცავი ორგანოებსთვის მიმართვა შრომის დავებზე, არ აჩერებს ხანდაზმულობის ვადას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს და იგი ძალაში უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.