გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-590-03 17 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება.
შეგებებული სარჩელის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ო. მ-მა 1999წ. 19 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ნ. და გ. ნ-ების მიმართ და მოითხოვა ვალის – 17471 ლარის დაბრუნება. მოსარჩელის განცხადებით 1990წ. აპრილში მოპასუხეებს ასესხა 30000 მანეთი 3 წლის ვადით. 1993წ. აპრილში მოპასუხეთა თხოვნით თანხის დაბრუნების ვადა 3 წლით გადაუვადა. 1996წ. აპრილში კიდევ ერთი წლით, 1997წ. აპრილამდე მოხდა გადავადება, მაგრამ მოპასუხეებს მისთვის დღემდე ვალი არ დაუბრუნებიათ. მოსარჩელემ მოითხოვა 1990წ. მანეთის დღევანდელი ლარის კურსთან შესაბამისი ლარის გადახდა. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებდა მოპასუხის ხელით დაწერილ ხელწერილზე, სადაც მოპასუხე აღიარებს, რომ ნამდვილად მოსარჩელისაგან 1990წ. აპრილში ისესხა 30000 მანეთი.
მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს, სადაც განმარტეს, რომ სარჩელში მითითებული თანხა – 30000 მანეთი მოსარჩელისაგან ისესხეს არა 1990 წელს, არამედ 1993წ. აპრილში. იმავე წლის ნოემბერში მოწმეთა თანდასწრებით მოსარჩელეს დაუბრუნეს 25000 მანეთი. ამდენად, ვალი ნაწილობრივ დაბრუნებული აქვთ, დასაბრუნებელი დარჩათ 5000 მანეთი, რის დაბრუნებაზეც ისინი თანახმა არიან.
მოპასუხის განცხადებით მან ო. მ-ს გაუკეთა ჭიშკარი, ელექტროგაყვანილობის ბოძი, გაუყვანა გაზი, წყალი. 20 წლის განმავლობაში უთოვლავდა და დარაჯობდა მოსარჩელის სახლს. საერთო ჯამში გასაქვითი მოთხოვნა შეადგენს 1600 ლარს. აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის დაკისრება მოითხოვა მოპასუხემ.
2001წ. 27 ივნისს, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, ვანის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხეებს დაეკისრათ 17477 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საჩივარი, რომელიც 15 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დაუშვებელი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა არა იმავე ნომინალისა და რაოდენობის ფულის ნიშანი (30000 მანეთი) არამედ 17477 ლარი. აღნიშნულის გამო სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
სააპელაციო პალატამ მოცემული დავა განიხილა არსებითად და მოპასუხის მიერ შედგენილი განცხადების, რომლითაც იგი მიმართავდა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ მხარეებს შორის 1990 აპრილში წარმოიშვა სასესხო ურთიერთობა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მათ დაბრუნებული აქვთ ვალი 25000 მანეთის ოდენობით, რადგან მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს წერილობითი მტკიცებულება ვალის დაბრუნების შესახებ.
სასამართლომ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობის საფუძველზე მიიჩნია, რომ 30000 მანეთი – მანეთის, კუპონის და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 2002წ. 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 12555 ლარს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა 1964წ. რედაქციის სკ-ს 46-ე, 385-ე სკ-ს 389-ე მუხლები.
რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, რადგან მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს თავიანთი მოთხოვნის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
ამდენად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 25 ოქტომბრის განჩინება.
ო. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს ნ. და გ. ნ-ებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 12 555 ლარის გადახდა;
ნ. და გ. ნ-ების შეგებებული სარჩელი 1600 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გ. და ნ. ნ-ები განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ო. მ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 232 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით ორივე მხარემ.
კასატორი ო. მ-ი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილებას. კასატორის აზრით სასამართლომ დაუშვა ტექნიკური შეცდომა ნაცვლად 20431 ლარისა მოპასუხეს დააკისრა 12655 ლარი. კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში მოიპოვება სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობები იმის შესახებ, რომ 2002წ. ნოემბრის მდგომარეობით 1990წ. 30000 მანეთი შეადგენს 20431 ლარს, ხოლო 2002წ. დეკემბრის მდგომარეობით კი 20655 ლარს.
კასატორები ნ. და გ. ნ-ები მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ არის დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არ არის დადგენილი მოთხოვნის უფლების წარმოშობისა და შესაბამისად მოპასუხეთა მიერ ვალდებულების შესრულების ვადა.
კასატორები თვლიან, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და სასამართლოს უნდა გამოყენებინა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე და 84-ე მუხლები.
კასატორების მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 389-ე მუხლი, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა ახალი კოდექსის ამოქმედებამდე, ხოლო მოთხოვნის უფლება როდის წარმოეშვა მოსარჩელეს სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული ნორმა.
კასატორების მოსაზრებით სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ასევე თანხის ოდენობის ნაწილში. საქმეში მოიპოვება სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე ცნობა, რომლებსაც სასამართლომ არ მისცა შეფასება.
სასამართლომ ნ. და გ. ნ-ებს სოლიდარულად დააკისრა თანხის გადახდა, მაგრამ არ დაასაბუთა თუ რაში გამოიხატა სოლიდარული ვალდებულება. სასამართლომ არ გაარკვია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, თუ რას მოხმარდა ნასესხები თანხა.
კასატორების მოსაზრებით სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 102-ე, 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაიო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების ნ. და გ. ნ-ების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ არის დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება. კასატორებს მიაჩნიათ, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოდავე მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობა წარმოიშვა 1990 წელს. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა 1999 წელს.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 75-ე მუხლის თანახმად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით.
ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშვა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა, ხოლო 84-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
მითითებული ნორმების თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობა მატერიალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა ანუ ხანდაზმულობის ვადის დინების დასაწყისის განსაზღვრა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო პალატის მიერ არ არის გამოკვლეული, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება შეუძლებელია, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული იმ სამართლებრივ მექანიზმზე, რომლის საფუძველზეც იგი დაეყრდნო სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობას. სასამართლომ თანხის ოდენობის გამოთვლისას გაითვალისწინა მანეთის, კუპონის და ლარის ინფლაცია. მაშინ, როდესაც ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის ინფლაცია დადგენილი არ არის.
სააპელაციო პალატამ სოლიდარულად დააკისრა თანხის გადახდა ნ. და გ. ნ-ებს. ამასთან არ არის გამოკვლეული თუ რაში გამოიხატა მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულება, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის მითითებული მატერიალურ სამართლებრივ ნორმაზე, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში, რითაც დაარღვია სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვით უნდა გამოიკვლიოს ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები. ასევე უნდა გამოიკვლიოს ხომ არ ჰქონდა ადგილი ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას ან შეწყვეტას და მისცეს მათ შესაბამისი იურიდიული შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.