საქმე # 330100122005757024
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №520აპ-23 ქ. თბილისი
მ. ბ. 520აპ-23 10 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. მ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;
1.2. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის – ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,3781-ე მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით ბ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და პირობითი მსჯავრი 4 წლით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი;
2.2. ბ. მ–მ არაერთგზის, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით – 0.02754 გრამი, რასაც უკანონოდ ინახავდა და შენიღბული ფორმით მოათავსა მსჯავრდებულ თ. შ-სათვის გასაგზავნ ამანათში;
2.3. ბ. მ–მ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით – 0,02754 გრამი, ქურთუკის სარჩულში ჩაკერებული შენიღბული ფორმით, მსჯავრდებულისათვის შემდგომი გადაცემის მიზნით, სხვა ნივთებთან ერთად მოათავსა პენიტენციურ დაწესებულებაში შესაგზავნ ამანათში. აღნიშნული ამანათი 2022 წლის 26 იანვარს, ქ. თ–ში, ........ის გამზირზე N...-ში მდებარე სერვისცენტრიდან, შპს „ს–ის“ მეშვეობით გაგზავნა მ–ს მუნიციპალიტეტში, დაბა ქ–ში მდებარე №.. პენიტენციურ დაწესებულებაში. 2022 წლის 27 იანვარს, დილის საათებში, №.. პენიტენციური დაწესებულების საამანათო განყოფილებაში მსჯავრდებულ თ. შ–სთვის გადაცემის მიზნით, შევიდა ბ. მ–ს მიერ გაგზავნილი ამანათი, სადაც ქურთუკის სარჩულში ჩაკერებული იყო ორი ცალი მოთეთრო ქსოვილის ნაჭერი, რომლებზეც აღინიშნებოდა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო რაოდენობით 0,02754 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2022 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 12:15 საათზე, დაწესებულების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ამანათის შემოწმება-დათვალიერების შედეგად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ბ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 19,3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და ჯარიმა – 3 000 ლარი;
3.5. ბ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 10 თებერვლიდან;
3.6. ბ. მ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 10 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა დ. კ-მ, რომელმაც მითხოვა ბ. მ–ს გამართლება.
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა პროკურორმა ზურაბ კახეთელიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. მ–ს ადვოკატმა დ. კ–მ, რომელიც ითხოვს ბ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 მაისი განჩინებით მსჯავრდებულ ბ. მ–ს ადვოკატის დ. კ–ს შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა და აღდგენილ იქნა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეების – ა. შ–ს, ზ. ზ–ს, ი. ქ–ს, ი. ჩ–ს ჩვენებებით, შპს „ს–დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, შპს „ს–ში“ მსჯავრდებულის მიერ შევსებული სპეციალური ბლანკით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, არ დასტურდება ბ. მ–სის მიერ დანაშაულების – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა (ჩადენილი არაერთგზის) და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის, ნარკოტიკული საშუალების, გადაცემის მცდელობის – ჩადენა. საკასაციო სასამართლო, ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად, არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ბ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ: მსჯავრდებულმა მისთვის უცნობ პირს ............ის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ გამოართვა სადავო ამანათი, რომელიც შემდეგ მიიტანა მეუღლის დედის სახლში და გაუხსნელად დადო ბინის შესასვლელში კარადის თავზე; ასევე, დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ წარიმართა სრულყოფილად და საფუძვლიანად, მათ შორის, საგამოძიებო ორგანომ .............ის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ დაფიქსირებული მხოლოდ ერთი დღის ვიდეოჩანაწერი გამოითხოვა, იმავდროულად, არ მოიპოვა სატელეფონო საუბრის შინაარსი – საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს პოზიციის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია; მის მიერ დასახელებული ვერსია მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ ბ. მ–ს, 2022 წლის 25 იანვარს, კონკრეტულ ადგილას პენიტენციურ დაწესებულებაში გასაგზავნი ამანათი სხვა პირმა გადასცა, გამოძიებამ ჯეროვნად შეამოწმა, კერძოდ, მოიპოვა ბ. მ–სის მობილური ტელეფონის შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, ასევე გამოითხოვა 2022 წლის 25 იანვრის, შესაბამისი ტერიტორიის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, თუმცა დადგინდა, რომ მათზე საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე გარემოება არ ფიქსირდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ უნდა შემოწმებულიყო კონკრეტული ტერიტორიის უფრო ხანგრძლივი ვიდეოჩანაწერი. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მხარემ აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობით მიმართა პროცესის მწარმოებელ ორგანოს.
11. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, ერთი მხრივ, საქართველოს სსსკ-ი 38-ე მუხლის დანაწესს, ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი); მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა, მათ შორის, საკასაციო საჩივარში მითითებული ვიდეოჩანაწერის დამოუკიდებლად მოპოვების შესაძლებლობა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კასატორის არგუმენტების გაზიარების შესაძლებლობას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. მ–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე