Facebook Twitter

¹ 3კ-594-03 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახლაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინაში შესახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისში, ... მდებარე ბინა პრივატიზებული არ არის და ირიცხება ქუთაისის მერიის საკუთრებაში. ბინის ძირითადი დამქირავებელია ბ. ტ.-ე. ბ. ტ.-ის რძალმა (შვილის ცოლმა) ა. თ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამ შვილთან ერთად აღნიშნულ ბინაში შესახლება შემდეგი საფუძვლით: 1989 წელს დაქორწინდა ბ. ტ.-ის შვილზე – ზ. ტ.-ზე. ქორწინების დღიდან საცხოვრებლად გადავიდა სადავო ბინაში, სადაც შეეძინა სამი შვილი. ბინაში ცხოვრობდა ცამეტი წელი, სანამ ბ. და ზ. ტ.-ებმა ოჯახური უსიამოვნების ნიადაგზე არ გამოაგდეს ბინიდან, რითაც დაირღვა მისი კანონიერი უფლებები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ა. თ.-ე სამ შვილთან ერთად შესახლდა სადავო ბინაში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. და ზ. ტ.-ებმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ა. თ.-ე ქორწინების დღიდან მოპასუხეთა თანხმობით ცხოვრობს სადავო სახლში, სადაც შეეძინათ შვილები, 1993 წლიდან მოსარჩელე ჩაწერილია სადავო ბინაში. ბინა არ არის პრივატიზებული და ირიცხება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეები არიან ბინის თანამფლობელები. ა. თ.-ს არ მიუტოვებია ბინის ფლობა სკ-ს 156-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით. მას, როგორც ბინის მოსარგებლეს ხელი ეშლება მფლობელობის განხორციელებაში და სკ-ს 161-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბ. ტ.-მ რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 156-ე მუხლი მფლობელობის შეწყვეტაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. თ.-მ და ზ. ტ.-მ ქუთაისში შეიძინეს ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა, სადაც გადავიდნენ მუდმივ საცხოვრებლად. აღნიშნული ბინა შვილს მან უყიდა ოჯახში არსებული უსიამოვნების გამო. სადავო ბინის ძირითადი დამქირავებელი არის იგი, ბინა მიიღო მან მოსარჩელის სულადობის გაუთვალისწინებლად. ის ფაქტი, რომ შვილიშვილები მასთან დადიან არ შეიძლება ჩაითვალოს მფლობელობის აღდგენად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ბინა წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას. იგი არ არის პრივატიზებული, ბინის ძირითადი დამქირავებელი არის ბ. ტ.-ე, ხოლო ა. ტ.-ე, როგორც მისი ოჯახის წევრი 1989 წლიდან ცხოვრობს სადავო ბინაში და 1993 წლიდან იქ არის ჩაწერილი. თ.-ის ბინაში ჩასახლებისა და ჩაწერის დროს მოქმედი საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ის, როგორც დამქირავებლის ოჯახის წევრი სარგებლობდა დამქირავებლის ყველა უფლებით. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ თ.-ეს დღემდე არ შეუწყვეტია ბინით სარგებლობა. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ კასატორის პრეტენზია არც დამატებითია და არც დასაბუთებული. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სკ-ს 161-ე მუხლზე, რომლის თანახმად მფლობელს უფლება აქვს მოითხოვოს მფლობელობის ხელის შეშლის აღკვეთა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ თ.-ე არის სადავო ბინის თანამფლობელი და მას მფლობელობა არ მიუტოვებია. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა ბინა არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა სააპელაციო სასამართლოს დროს პროცესში მე-3 პირად დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნის გარეშე და მას, როგორც მესაკუთრეს არავითარი პრეტენზია მოსარჩელის მიმართ არ გამოუთქვავს.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 თებერვლის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.