გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-595-03 20 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. კ-მა და მისმა მეუღლემ, ნ. ბ-მ წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მიმართეს სასარჩელო განცხადებით და მოითხოვეს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების სახით პ. ს-სათვის 1460 აშშ დოლარის დაკისრება.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მაისის გადახდის ბრძანებით მოპასუხეს განმცხადებელთა სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 1460 აშშ დოლარი. ა. ს-მ აღნიშნულ ბრძანებაზე სასამართლოში შეიტანა შესაგებელი, არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სადავო–სამართლებრივ ურთიერთობაში იგი წარმოადგენდა სასესხო შუამავალს მოსარჩელეებსა და ლ. ტ-ს შორის. მანვე აღნიშნა, რომ ხსენებული თანხა მის მიერ გადახდილი იყო.
განმცხადებლებმა რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას გაზარდეს დავის საგანი და მოითხოვეს მოპასუხე ს-სათვის 4660 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ აღნიშნული ურთიერთობა მიიჩნია სასესხო შუამავლობის ხელშეკრულებად. სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ საქართველოს სკ-ით სესხის ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობით და ამ წესის დარღვევით დადებული გარიგება ბათილია.
აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. კ-მა და ნ. ბ-მ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. აპელანტებმა მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ საფუძვლით, რომ პირველ ინსტანციში სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის განმარტებას ვალის 620 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ, რაც საჩივრის ავტორების მოსაზრებით არ დადასტურდა.
საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას ვ. კ-მა და ნ. ბ-მ შეამცირეს მოთხოვნა 1460 აშშ დოლარამდე.
მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. კ-ისა და ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ა. ს-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ გადახდა 665 აშშ დოლარი.
საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება პ. ს-ს წარმომადგენელმა ე. ლ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს იმის მტკიცებულება, რომ მოვალე მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო. გარდა ამისა, კასატორის თქმით, ის ფაქტი, რომ ა. ს-მ მოსარჩელეებს ვალის ნაწილი (არა მისი, არამედ ლ. ტ-ის ვალისა) დააბრუნა არ შეიძლება გახდეს მასსა და მოსარჩელეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის პროცენტიანი სესხის ხელშეკრულებად დაკვალიფიცირების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე ა. ს-ს წარმომადგენელმა ე. ლ-ემ მოითხოვა საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 752-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების მიმართ, რომლითაც პირი კისრულობს სხვა პირისათვის სესხის ხელშეკრულების დადების შუამავლობას (სასესხო მაკლერი), გამოიყენება წერილობითი ფორმა. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს სასესხო მაკლერის გასამრჯელოს ოდენობა სესხიდან განსაზღვრული პროცენტის მითითებით; გარდა ამისა ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს სესხის ოდენობა, ვადა, პროცენტი, გადახდის დრო, გადახდის კურსი, პროცენტის ვადის ხანგრძლივობა, დამატებითი ხარჯები, შემკვეთის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხა, სესხის მიმცემის სახელი და მისამართი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ა. ს-ა ასრულებდა ნ. ბ-სა და ლ. ტ-ს შორის სასესხო მაკლერის როლს, რადგან თუ საქმის მასალები არ შეიცავს და მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ არის წარდგენილი ამ გარემოების დამადასტურებელ კანონშესაბამისი წერილობითი მტკიცებულება, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობა განხილული იქნას სასესხო მაკლერის ხელშეკრულებად.
ა. ს-მ დაადასტურა, რომ ვალი და პროცენტები სწორედ მან გადაუხადა მოსარჩელეებს.
სსკ-ს 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ მოპასუხე ს-ს მიერ მოსარჩელისათვის დაბრუნებული ძირითადი ვალის ოდენობა შეადგენს 300 აშშ დოლარს, ხოლო ერთი თვის გადახდილი პროცენტის ოდენობა შეადგენს 120 აშშ დოლარს. სასამართლო არ უთითებს მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც ის მიდის აღნიშნულ დასკვნამდე. სასამართლოს მიერ არ არის მითითებული მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ის ადგენს სესხის აღების და დაბრუნების კონკრეტული თარიღს, მიღებული და დაბრუნებული სესხის ოდენობას. შესაბამისად ის არ უთითებს მოსაზრებებს, რომლის შესაბამისად სასამართლო უარყოფს ან იზიარებს ამა თუ იმ მტკიცებულებას. სასამართლო არ უთითებს ზედმეტად გადახდილი პროცენტის თანხას რატომ თვლის შემდგომში გადასახდელ პროცენტში და არა ძირითად თანხაში.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არის დაუსაბუთებელი და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ღს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.