Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-596-03 26 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ღ-ე 1978წ. 14 იანვარს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა მ. კ-ის შვილთან რ. კ-ესთან, რომელიც გარდაიცვალა 1989 წელს.

ხარაგაულის რაიონის სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხება მ. კ-ის სახელზე.

2002წ. ივლისში ი. ღ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში მ. კ-ის და სოფ. ...ის საკრებულოს მიმართ აწ გარდაცვლილი მეუღლის ქონებაზე მემკვიდრედ ცნობის და კომლის აღდგენის შესახებ იმ საფუძვლით, რომ რ. კ-ე 1987 წელს გამოეყო მ. კ-ის კომლიდან.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მიეკუთვნა 12,9 კვ.მ. ფართის ოთახი და 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი. სოფ. ...ის საკრებულოს გამგეობას დაევალა ი. ღ-ის კომლის აღდგენა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ღ-ეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ი. ღ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ხარაგაულის რაიონის სოფ. ...ში მდებარე სახლის მესაკუთრეა მ. კ-ე.

1987წ. 15 აგვისტოს შედგენილი აქტის თანახმად მ. კ-ის ოჯახის წევრებს შორის მოხდა ქონების გაყოფა.

საარქივო მონაცემებით დადგენილია ის გარემოება, რომ რ. კ-ე არ ყოფილა აღრიცხული ცალკე კომლად.

სკ-ს 1323-ე მუხლის თანახმად კომლში საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან. რ. კ-ე არ წარმოადგენდა მ. კ-ის კომლის ბოლო წევრს. მის სახელზე სოფ. ...ში არ ირიცხებოდა არავითარი ქონება.

პალატა თვლის, რომ კასატორს არ გააჩნია რ. კ-ის კომლის აღდგენისა და ქონების მემკვიდრეობით მიღების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო პალატამ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.