Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-598-03 2 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: შპს-დან პარტნიორის გარიცხვა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 16 აპრილს შპს “კ-მა” მოპასუხეების: მ. დ-ას, შ. მ-ის, მ. ტ-ას და ფირმა “ჟ. დ-ის” წინააღმდეგ მიმართა ქ. ფოთის სასამართლოს.

მოსარჩელემ შპს “კ-ის” პარტნორთა კრების 1999წ. 2 აპრილის დადგენილების საფუძველზე მოითხოვა შპს-დან სარჩელში მითითებული პარტნიორების გარიცხვა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

სენაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა – პარტნიორობიდან გაირიცხნენ სარჩელში მითითებული ფიზიკური პირები. ამ გადაწყვეტილების ასლები 1999წ. 30 აგვისტოს გადაეგზავნა მოპასუხეებს.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მ. დ-ას ჩაბარდა 1999წ. 9 სექტემბერს, ხოლო ამ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სენაკის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართა 1999წ. 17 სექტემბერს.

1999წ. 25 ოქტომბერს სენაკის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმში შეტანილი განჩინებით დაკმაყოფილდა მ. დ-ას შუამდგომლობა და მისი საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უმოძრაოდ დარჩა (წერილობითი შუამდგომლობა საქმეს არ ერთვის. განაცხადი საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ დაფიქსირებულია სხდომის ოქმში).

მოპასუხეებმა: შ. მ-მა, მ. ტ-ამ და მ. დ-ამ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის განხილვის მოთხოვნით 2000წ. 8 სექტემბერს მიმართეს სენაკის რაიონულ სასამართლოს (ამ დროისათვის საქმეში დევს მხოლოდ მ. დ-ას საჩივარი, ხოლო შ. მ-ის და მ. ტ-ას საჩივრები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საქმეში არ არის). 2001წ. 8 მაისს სენაკის რაიონულ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ცალკე საჩივრით მიმართეს მ. ტ-ამ და შ. მ-მა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ივნისის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული მოპასუხეთა საჩივრები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და დაინიშნა საქმის არსებითად განხილვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხეთა საჩივარი: გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტები სენაკის რაიონული სასამართლოდან საქმის ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე).

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “კ-ის” სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა მოცემულ საქმეზე სენაკის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ივნისის განჩინება (ამ განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მ. დ-ას, მ. ტ-ას და შ. მ-ის საჩივრები სენაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და დაინიშნა საქმის ხელახალი მოსმენა, თუმცა 8 ივნისის განჩინების გაუქმება აპელანტს არ მოუთხოვია); ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში მოპასუხეების შ. მ-ის, ფირმა “ჟ დ-ის” წარმომადგენლის და მ. ტ-ას მიმართ და ამ ნაწილში საქმე დაბრუნდა საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: შ. მ-ის და მ. ტ-ას მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან, ხოლო მ. დ-ას მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს შ. მ-მა, მ. ტ-ამ და მ. დ-ამ. შპს “კ-ს” გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

მ. დ-ამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა შ. მ-ის და მ. ტ-ას სასაგებლოდ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში, ხოლო მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

საკასაციო სასამართლოს 2003წ. 19 თებერვლის განჩინებით შ. მ-ის და მ. ტ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის განჩინებით მ. დ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ თავის განჩინებაში აღნიშნა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელე, შპს “კ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “კ-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ივნისის განჩინება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში მოპასუხეების – მ. ტ-ას და შ. მ-ის მიმართ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს. მზია დვითაიას მიმართ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

ზემოთმითითებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში მონაწილე სხვა მოპასუხეთა მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების ან განჩინების გასაჩივრების უფლება იმ მოპასუხეს, რომელსაც არ შეეხება ეს გადაწყვეტილება და განჩინება, აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ მოპასუხისგან, რომელსაც შეეხება ეს გადაწყვეტილება და განჩინება, სსკ-ს 93-101-ე მუხლების შესაბამისად, მინიჭებული აქვს უფლებამოსილება გასაჩივრების შესახებ.

ვინაიდან მ. დ-ას მინიჭებული არ ჰქონდა შ. მ-ისგან და მ. ტ-ასაგან უფლებამოსილება მათ წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების და განჩინების გასაჩივრების შესახებ, მას უფლება არ ჰქონდა მათი ინტერესების დასაცავად შეეტანა საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მ. დ-ას საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება არ გააჩნია სკ-ს 391-ე და 393-ე მუხლების მოთხოვნის შესაბამისად, ვინაიდან საქმეში არსებული გადაწყვეტილებიდან მიაჩნდა, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დასაშვებად ჩათვალა. მის მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა უცვლელად და საკასაციო საჩივარითვე მოითხოვა მის ნაწილში ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

2003წ. 17 მარტს შპს “კ-მა” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მიუთითა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მოითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილება მ. დ-ას შპს “კ-ის” პარტნიორობიდან გარიცხვის თაობაზე შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მ. დ-ას პარტნიორობიდან გარიცხვის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორმა მიუთითა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე 2002წ. 20 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ვინაიდან გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ივნისის განჩინება, ეს იმას ნიშნავდა, რომ ძალაში რჩებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ. დ-ას შპს “კ-ის” პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ. იმ გარემოების შესახებ, რომ მ. დ-ა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო გარიცხულად, შეიტყო გვიან, რის გამო ვადაში 2003წ. 17 მარტს შეიტანა საკასაციო საჩივარი.

გარდა ამისა, შპს “კ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოცემულ საქმეზე 2002წ. 20 სექტემბრის სააპელაციო სასამართლოს მიერ მ. დ-ას ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების განმარტება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 მარტის განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ამავე სასამართლოს 2003წ. 8 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს “კ-ის” კერძო საჩივარი და იგი საქმესთან ერთად შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ იყო შესული კანონის თანახმად, მისი განმარტება დაუშვებელი იყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო და კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია 2002წ. 20 სექტემბერს;

მითითებული გადაწყვეტილების ასლი შპს “კ-ს” ჩაბარდა 2002წ. 24 ოქტომბერს;

შპს “კ-მა” ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა 2003წ. 17 მარტს;

სსკ-ს 397-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გადაგზავნის დრო.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ხელს აწერს უწყების მეორე ეგზემპლარს.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინების ასლი გაეგზავნა შპს “კ-ის” დირექტორ მ. კ-ეს შპს-ს იურიდიულ მისამართზე და მისი მიღება დადასტურებულ იქნა გზავნილის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, რის თაობაზეც საფოსტო გზავნილის ჩაბარების თაობაზე სათანადო ხელწერილი დაუბრუნდა სასამართლოს. აქედან გამომდინარე ივარაუდება, რომ შპს “კ-ს” ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 20 სექტემბრის განჩინების გასაჩივრების უფლება ჰქონდა 2002წ. 24 ოქტომბრიდან ერთი თვის ვადაში 2002წ. 24 ნოემბრის ჩათვლით, მან კი საკასაციო საჩივარი შეიტანა 2003წ. 17 მარტს, ანუ კანონით დადგენილ 1 თვის ვადის დარღვევით.

სსკ-ს 401-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს “კ-ის” მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო, ამიტომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

რაც შეეხება მოცემულ საქმეზე წარდგენილ კერძო საჩივარს, პალატას მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარისის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

ამ ნორმის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო არ არის შეზღუდული განმარტოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმისდა მიუხედავად, შესულია თუ არა იგი კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ ის გარემოება, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია ან გასულია ამ გადაწყვეტილების აღსრულების კანონით გათვალისწინებული ვადა, ანდა თვით ეს გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ ბუნდოვანი არ არის, არ საჭიროებს განმარტებას.

მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა გადაწყვეტილების განმარტებაზე იმ მოტივით, რომ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ იყო შესული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 401-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 მარტის განჩინება გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე განცხადების ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განუხილველად დარჩეს მოცემულ საქმეზე შპს “კ-ის” საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილის გაუქმების თაობაზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.