Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-599-03 8 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ფირმა “ს-ის” წარმომადგენელმა რ.მიგრიაულმა განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ფირმა “ს-მა” შეიძინა შპს “ა-ისაგან” სს “აზ-ის” მიმართ 16726877 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება. რეაბილიტაციის დაწყებამდე სს “აზ-ის” დირექტორის მიერ წარმოდგენილ კრედიტორთა ნუსხაში არ იყო შეყვანილი მოთხოვნის წინა მფლობელი – შპს “ა-ი”. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, ზემოაღნიშნული მოთხოვნა შეიძინა კომპანია “ა-ისაგან” (ბრიტანეთი). ჯერ კიდევ 1999 წელს კომპანია “ა-ის” მოთხოვნა დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2001წ. 28 დეკემბერს იურიდიული ფაქტის სახით დადგენილ იქნა მფლობელის, შპს “ა-ის” აღნიშნული მოთხოვნა სს “აზ-ის” მიმართ.

აღნიშნული საფუძვლით განმცხადებელმა მოითხოვა კრედიტორთა ნუსხაში ფირმა “ს-ის” სს “აზ-ის” ერთ-ერთ კრედიტორად, თანხით – 16276877 აშშ დოლარი, შეყვანა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 თებერვლის განჩინებით ფირმა “ს-ი” შეყვანილ იქნა სს “აზ-ის” კრედიტორთა ნუსხაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს კომპანია “ი-ს” წარმომადგენლებმა და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2002წ. 6 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999წ. 14 აპრილის განჩინებით სს “აზ-ისათვის” დაკისრებული 16726877 აშშ დოლარზე მოთხოვნის უფლება, რომელიც იმ დროს ეკუთვნოდა “ა-ს” (დიდი ბრიტანეთი), ამჟამად გააჩნდა კომპანია “ი-ს”, რაც დასტურდება 2001წ. 23 თებერვლის ხელშეკრულებით. რადგანაც ფირმა “ს-ი” პრეტენზიას აცხადებდა იმავე მოთხოვნაზე, იგი უდავოდ ეხებოდა კომპანია “ი-ს” უფლება-მოვალეობებს. ამიტომ იგი უნდა მოწვეულიყო საქმეში მხარედ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის განჩინებით კომპანია “ი-ს” წარმომადგენლების განცხადება 2002წ. 6 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ეს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კომპანია “ი-ს” წარმომადგენლებმა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 თებერვლის განჩინებით ისე მოხდა ფირმა “ს-ის” სს “აზ-ის” კრედიტორთა ნუსხაში შეყვანა, რომ არ ყოფილა მოწვეული მისი მოთხოვნის შესამოწმებელი სხდომა, თუნდაც კრედიტორთა მოთხოვნის შესამოწმებელი დამატებითი სხდომა, რომლის მოწვევის დროისა და ადგილის შესახებ უნდა სცნობებოდათ კრედიტორებს. აღნიშნულის გამო ამ მოთხოვნის შესახებ ვერ შეიტყო ერთ-ერთმა კრედიტორმა – კომპანია “ი-მ”.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11, მე-18 მუხლები, სსკ-ს 422-ე მუხლის “ბ” პუნქტი და 2003წ. 11 თებერვლის განჩინებით გააუქმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის განჩინება: ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 თებერვლის განჩინება და ფირმა “ს-ის” განცხადება “აზ-ის” კრედიტორად ჩართვის შესახებ დასაშვებობის სტადიიდან განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კომპანია “ს-ის” წარმომადგენლებმა, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით კომპანია “ი-ს” განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგი საფუძვლებით:

1. სააპელაციო პალატამ გამოიყენა სსკ-ს 422-ე მუხლის “ბ” პუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;

2. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11, მე-18 და 21-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად სასამართლოში გაკოტრების საქმის წარმოებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები. სამოქალაქო საპროცესო ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით დადგენილი არ არის შესაბამისი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა.

“გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის ბოლო წინადადების თანახმად კრედიტორთა მიერ წარდგენილი მოთხოვნები ჩაიწერება სასამართლოს მიერ დამტკიცებულ მოთხოვნათა ცხრილში.

ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გაკოტრების სასამართლომ მოთხოვნების ცხრილის საფუძველზე უნდა შეადგინოს გაკოტრების ტაბულა. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ყოველი წარდგენილი მოთხოვნა განიხილება კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ სხდომაზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად თუ სადავო მოთხოვნა ეფუძნება სააღსრულებო ფურცელს გაკოტრების მმართველმა ან მოდავე კრედიტორმა უნდა აღძრას სარჩელი, რომელსაც სასამართლო კანონით დადგენილი წესით განიხილავს.

“გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გაკოტრების საქმის წარმოებისას თავის მოთხოვნებთან დაკავშირებულ უფლებებს გაკოტრების კრედიტორები ახორციელებენ კრედიტორთა კრებაზე, რომელსაც მოიწვევს გაკოტრების სასამართლო.

ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად გაკოტრების სასამართლო კრედიტორთა კრებას მოიწვევს აგრეთვე გაკოტრების მმართველის, კრედიტორთა კომიტეტის ან გაკოტრების იმ კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, რომელსაც განცხადებული მოთხოვნების შესაბამისად ეკუთვნის მოთხოვნების საერთო თანხის 1/5 მაინც. სასამართლო ვალდებულია მოიწვიოს კრედიტორთა კრება მიმართვიდან არა უგვიანეს 3 დღისა. კრედიტორთა კრება უნდა ჩატარდეს მიმართვიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონით დადგენილია სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები და სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა ამ კანონით დადგენილი ნორმები და არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო ნორმა.

მითითებული ნორმების თანახმად “აზ-ის” კრედიტორებს, ასევე რეაბილიტაციის მმართველს, შეუძლიათ კრედიტორთა კრებაზე საცილოდ გახადონ კომპანია “ს-ის” კრედიტორთა ნუსხაში შეყვანა, ხოლო თუ “ს-ის” მოთხოვნა ემყარება სააღსრულებო დოკუმენტს, აღძრან სარჩელი, კრების მოუწვევლობის შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს განცხადებით კრების მოწვევის მოთხოვნით. ამასთან, როგორც გაკოტრების სასამართლო მიუთითებს ამ საკითხის გადაწყვეტის მიზნით დაგეგმილია კრედიტორთა კრების მოწვევა.

ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 5 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, რა ფირმა “ს-ის” განცხადება სს “აზ-ის” დავალიანებაზე (16726877 აშშ დოლარი) სააღსრულებო ფურცლის ხელმეორედ გაცემის შესახებ, განჩინებითვე მიეთითა, რომ ფირმა “ს-ის” სასარგებლოდ უზენაესი სასამართლოს 1999წ. 14 აპრილის განჩინებით სს “აზ-ზე” გადასახდელად დაკისრებული თანხების ანაზღაურება უნდა მოხდეს 2000წ. 20 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით. ფირმა “ს-ს” სააღსრულებო ფურცლით სარგებლობის უფლება შეუწყდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუქმებული იქნებოდა ბრიტანული ფირმა “ა-ს”, ქართულ ფირმა “ა-სა” და ფირმა “ს-ს” შორის 2001წ. 2 თებერვლის და 2002წ. 3 იანვარს დადებული ხელშეკრულებები მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ.

ვინაიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2002წ. 6 თებერვალს მიღებული განჩინების დროს (რომლითაც ფირმა “ს.” შეყვანილ იქნა სს “აზ-ის” კრედიტორთა ნუსხაში) და არც ამჟამად ზემოთ მითითებული ხელშეკრულებები არ არის გაუქმებული, საქალაქო სასამართლოს სრული უფლება გააჩნდა მისი კრედიტორთა ნუსხაში შეყვანისა და თავისივე 2002წ. 25 აპრილის განჩინებით სწორად არ დააკმაყოფილა კომპანია “ი-ს” წარმომადგენლების განცხადება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კომპანია “ს-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 11 თებერვლის განჩინება.

კომპანია “ი-ს” წარმომადგენლების განცხადება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.